The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


ივანე ანდრონიკაშვილი

ივანე ანდრონიკაშვილი
დაბადების თარიღი:11 ნოემბერი, 1798
გარდაცვ. თარიღი:19 სექტემბერი, 1868  (69 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კახეთი, საქართველო
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

XIX საუკუნის რუსული არმიის გენერალი ივანე ანდრონიკაშვილი 1798 წლის 11 ნოემბერს დაიბადა კახეთში, სოფელ ქოდალოში. დედა – მარიამი ერეკლე II შვილიშვილი, ბატონიშვილ ელენეს ასული და იმერეთის უკანასკნელი მეფის სოლომონ II–ის და; მამა – მალხაზ ანდრონიკაშვილი კი სამეფო კართან დაახლოებული კახელი თავადების შთამომავლი. მალხაზ ანდრონიკაშვილს დიდი საგვარეულო მამულები ჰქონდა კახეთში, ცოლის მხრიდან კი – იმერეთში. მარიამსა და მალხაზ ანდრონიკაშვილებს ივანე გარდა ჰქყავდათ ერთი ქალიშვილი – ანა.

1810 წელს იმერეთის სამეფო  რუსეთმა გააუქმა და შეიერთა. დატყვევებული სოლომონ II მტერს მოხერხებულად დაუძვრა ხელიდან და ახალციხეში გაიქცა, მისი ოჯახი კი რუსეთში ძალით გაასახლეს. გასახლებულთა შორის იყვნენ ივანე ანდრონიკაშვილი, მისი დედა და და. ანდრონიკაშვილები ჯერ ვორონეჟში ცხოვრობდნენ, 1812 წელს – პეტერბურგში გადავიდნენ. პეტერბურგში ცხოვრობდა სოლომონ II მეუღლე, დედოფალი მარიამი, რომელიც ბევრს ზრუნავადა მულისშვილის აღზრდაზე.

იმ დროის რუსეთის იმპერიაში მამაკაცისთვის ყველზე საოცნებო, სახელისა და დიდების მომტანი სამხედრო კარიერა იყო და ივანე ანდრონიკაშვილმაც ეს გზა აირჩია. 17 წლის თავადი „ანდონიკოვი“ ლეიბგვარდიის ცხენოსანთა პოლკში შევიდა და იუნკერი გახდა. 1822 წელს პოდპორუჩიკის სამხედრო ხარისხი მისცეს, 1824 წელს კი – გვარდიის შტაბს–როტმისტრის. ამ ჩინით გადავიდა ნეჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში და მაიორობა მიიღო. ამ პერიოდში გარდაეცვალა მამა. ანდრონიკაშვილების მამულები უპატრონოდ იყო და ვერანდებოდა, რის გამოც ივანეს გული კავკასიისკენ მიუწევდა.

1826-1828 წლების რუსეთ–სპარსეთის ომი ივანე ანდრონიკაშვილის სამხედრო კარიერის წარმატების დასაწყისად იქცა. სპარსეთის კამპანიაში ის ნიჟეგოროდის დივიზიას ხელმძღვანელობდა. 1826 წლის 13 სექტემბერს ელიზავეტპოლთან გამართულ ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისათვის ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. მისი სიმამაცე შეუმჩნეველი არ დარჩენია რუსეთის არმიის სარდალს პასკევიჩს და მომდევნო ბრძოლებში გვერდიდან არ მოუცილებია ქართველი მეომარი. 1827 წლის 5 ივნისს მოხდა ბრძოლა ჯავან–ბულახთან, ციხე–სიმაგრე აბას–აბადის აღება. ამ ბრძოლაში ივანე ანდრონიკაშვილმა მტერს წაართვა დროშა, რომელსაც სპარსელები გამარჯვების დროშას უწოდებდნენ და კინაღამ სპარსეთის ტახტის მემკვიდრე – აბას–მირზა ჩაიგდო ტყვედ. ანდრონიკაშვილის დივიზია დაედევნა გაქცეული სპარსელების ჯარის იმ ნაწილს, რომელსაც ნაჯავ–ხანი სარდლობდა. თავადვე შეიპყრო ნაჯავ-ხანი და პასკევიჩს მიჰგვარა. ამ გამარჯვებისათვის ივანე ანდრონიკაშვილს წმინდა ანას II ხარისხის ორდენი გადაეცა. შემდგომ მონაწილეობდა გენერალ–ლეიტენანტ სუხოტინის ლაშქრობაში, თავი ისახელა ეჩმიაძინთან და ერევანთან ბრძოლებში 1827 წლის 14 და 24 სექტემბერს და მიიღო პოდპოლკოვნიკის ჩინი. იმავე წლის 19 სექტემბერს მონაწილეობდა თავრიზის იერიშსა და აღებაში.

1828 წლის 14 აპრილს დაიწყო რუსეთ–ოსმალეთის ომი და აქაც აქტიურად ჩაება ივანე ანდრონიკაშვილი. 19 ივლისს გაიმართა ბრძოლა ყარსის ციხე–სიმაგრისათვის და მისი აღების შემდეგ პასკევიჩთან ერთად ივანეც ახალქალაქისაკენ დაიძრა. ოსმალებთან ბრძოლამ კიდევ უფრო მეტი წარმატებები მოუტანა ქართველ მეომარს. 24 ივლისს ახალქალაქი რუსულ ჯარს ჩაბარდა, აქ მოპოვებული გამარჯვებისთვის ანდრონიკაშვილს წმინდა ანას II ხარისხის ალმასებით მოჭედილი ორდენი მისცეს. ახალქალაქის შემდეგ ანდრონიკაშვილი პასკევიჩთან ერთად ახალციხისკენ დაიძრა, 5 - 9 აგვისტოს სისხლისმღვრელი ბრძოლები ოსმალების სრული კრახით დასრულდა. 15 აგვისტოს ახალციხე დაეცა. ახალციხისთვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის ივანე ანდრონიკაშვილი პოლკოვნიკის ჩინით და წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. რუსეთ–ოსმალეთის ომმა გააქტიურა ოსმალური ორიენტაციის ჩრდილოეთ კავკასია და საქართველოს წინააღმდეგ განაწყო. გახშირდა თავდასხმები კახეთზე, სადაც რეგულარული არმიისა და მილიციის მცირერიცხოვანი ნაწილები იდგნენ. საჭირო იყო აქ ისეთი კაცის გაგზავნა, რომელსაც ექნებოდა როგორც საომარი გამოცდილება, ასევე იქნებოდა დიპლომატი და ამ მხარის კარგად მცოდნეც. პაკევიჩმა ასეთ პიროვნებად ივანე ანდრონიკაშვილი მიიჩნია. ივანემ კახეთში სრული სიმშვიდე დაამყარა, შექმნა საგუშაგოები, რაც თავმდამსხმელების შემაკავებელი და მათი იერიშის სრული ამლაგმავი აღმოჩნდა. ამის მერე იგი მალევე დაუბრუნდა ბრძოლის ველა. 1829 წლის 19-20 ივლისს მონაწილეობს არზრუმის ბრძოლაში, რომელშიც ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის მეთაურის დაიჭრა და პასკევიჩმა მეთაურობა ანდრონიკაშვილს შესთავაზა. ბაიბურთის აღებისას გამოჩენილი მამაცობისთვის იგი წმინდა გიორგის მეოთხე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. 1829 წელს რუსეთ–თურქეთის ომი დასრულდა და საქართველომ ძირძველი ქართული მიწები ახალციხე და ახალქალაქი დაიბრუნა.

1830 წელს ივანე ანდრონიკაშვილი ბრძოლებში მიღებული ჭრილობების გართულების გამო გადადგა ნიჟეგოროდის პოლკის მეთაურის პოსტიდან. 1837 წელს დაიწყო ოსთა ანტირუსული გამოსვლები ჯავის ხეობაში. ანდრონიკაშვილი გაიგზავნა აჯანყების ჩასაქრობად. მან დაიმორჩილა ისეთი სოფლები, რომლებიც მანამდე რუსეთის შემადგენლობაში არ იყო.  1841 წელს იგი ჩაება დაღესტნის ომში – შამილის წინააღმდეგ. მონაწილეობდა დაგოსთან ბრძოლაში. ერთ–ერთი ოპერაციის დროს შეეჯახა შამილს და მის რაზმს. სწორედ 1841 წლის ექსპედიციაში მოპოვებული წარმატებისთვის მიიღო გენერალ–მაიორის ჩინი.

1844 წელს კავკასიის მეფისნაცვალმა მიხეილ ვორონცოვმა ივანე ანდრონიკაშვილი თბილისის სამხედრო გუბერნატორად დანიშნა. ყირიმის ომის დროს ოსმალები ახალციხეში შეიჭრნენ და ახალციხე ალყაში მოქციეს, აქ ჩარჩენილი გარნიზონი დაღუპვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მიხეილ ვორონცოვმა გარნიზონის დახსნა ივანე ანდრონიკაშვილს დაავალა. მან ოსმალებზე ტრიუმფალური გამარჯება მოიპოვა და თბილისში დაბრუნდა. 1853 წლის 10 დეკემბერს გენერალი ივანე ანდრონიკაშვილი  წმინდა გიორგის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. 1854 წელს ოსმალების წინაარმდეგ გურიაში იბრძოდა და ჩოლოქთან ბრძოლაში 10 000 მეომარით დაამარცხა სელიმ ფაშას 35 000 ჯარი. ყირიმის ომის შემდეგ ივანე ანდრონიკაშვილი თბილისის გენერალ–გუბერნატორის თანამდებობას დაუბრუნდა, თუმცა ამ თანამდებობაზე დიდხანს არ გაჩერებულა, პირადი თხოვნით განთავისუფლდა და კახეთში, თავის მამულში, დაბრუნდა. 1864 წელს გენერალ ანდრონიკაშვილს თბილისში სამხედრო მოღვაწეობის 50 წლის იუბილე გადაუხადეს და კავალერიის გენერლის ჩინი მიანიჭეს.

ივანე ანდრონიკაშვილი გარდაიცვალა 1868 წლი 19 სეტემბერს (ან 19 ოქტომბერს) სიღნაღის მაზრის სოფელ ქოდალოში. ცოლად ჰყავდა დავით ბატონიშვილის შვილობილი ნინო დავითის ასული, რომლისგანაც ეყოლა ვაჟი არჩილი (გარდაიცვალა 1864 წელს, ყუბანში) და ქალები –  ელენე (ილია ჩოლოყაშვილის მეუღლე) და ბარბარე (ალექსანდრე თუმანიშვილის მეუღლე).

წყარო:

1. ჭუმბურიძე, დოდო. რუსული არმიის გენერალი - ივანე ანდრონიკაშვილი : 1798-1868 // ისტორიული პორტრეტები : წერილები / დ. ჭუმბურიძე. თბ., 2012. - გვ.25-40.

2. ბერძნიშვილი, მაქსიმე. ანრონიკაშვილი ივანე მალხაზის ძე (1798-1868) // მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის / მაქსიმე ბერძნიშვილი. - თბილისი, 1980. - გვ. 141-142.


გააზიარე: