The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ელენე ორბელიანი

ელენე ორბელიანი
სხვა სახელი:ლიზა  (შემოკლებული ფორმა)
ელისაბედ  (შეცვლილი სახელი)
დაბადების თარიღი:1833
გარდაცვ. თარიღი:1899  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი ივანოვსკი, კურსკის გუბერნია, რუსეთი
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

ელენე (ელისაბედ) დიმიტრის ასული ორბელიანი (1833-1899 წწ.) ერეკლე II შვილთაშვილი (თეკლა ბატონიშვილის შვილიშვილი) იყო. მამამისი – დიმიტრი ორბელიანი (1806-1882) 1832 წლის შეთქმულების აქტიური მონაწილე, რუსულმა ხელისუფლებამ შეიწყნარა, 40-50–იან წლებში სხვადასხვა თანამდებობაზე იყო და კავკასიის მეფისნაცვლების მიხეილ ვორონცოვის და ალექსანდრე ბარიატინსკის კეთილგანწყობით სარგებლოდა. დედა, მარიამიც ორბელიანის ქალი იყო, ლუარსაბის ასული. ელენეს პირველი მეუღლე რუსი სამხედრო მოხელე - ვლადიმერ ალექსანდრეს ძე დავიდოვი იყო, შემდეგ კი ალექსანდრე ბარიატინსკის გაჰყვა ცოლად.

კავკასიის მეფისნაცვალი ალექსანდრე ბარიატინსი, რუსეთის წარჩინებული ვოევოდებისა და სამხედრო პირების, რიურიკების შთამომვალი, ძალზე ექსცენტრიული პიროვნება იყო. მან რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ს უარი უთხრა შეთავაზებულ საცოლეზე, რომელიც სტოლიპინების წარჩინებულ საგვარეულოს ეკუთვნოდა, რითაც მეფე გაანაწყენა. ალექსანდრე II-ემ იგი კავკასიის მეფისნაცვლად დანიშნა (1856-1862 წწ.). აულ ღუნიბის აღებისა და შამილის დატყვევებისათვის ალექსანდრე ბარიატინსკის 44 წლის ასაკში ფელდმარშლის უმაღლესი წოდება მიანიჭეს და ყველას თვალში გმირი გახდა. ფელდმარშალს თავისი ადიუტანტის დავიდოვის ცოლი, ელენე ორბელიანი შეუყვარდა. მეფისნაცვალი ცნობილი იყო თავისი მექალთანეობით და არავის გაჰკვირვებია ადიუტანტის მომხიბლავ ცოლთან მისი არშიყი და ვერც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს ურთიერთობა სერიოზულ სახეს მიიღებდა. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ბარიატინსკიმ მოიტაცა ადიუტანტის ცოლი, ევროპაში წაიყვანა, „საზღვარგარეთ მკურნალობის“ მომიზეზებით საპატიო თანამდებობა მიატოვა და ამით წერტილი დაუსვა წარმატებულ კარიერას. მისი თხოვნა მხოლოდ 1862 წელს დააკმაყოფილეს, როდესაც ცხადი გახდა ყოფილი მეფისნაცვლის გადაწყვეტილების შეუცვლელობა. შეურაცხყოფილმა ქმარმა ბარიატინსკისთან დუელიც გამართა და დაიღუპა კიდეც. მაშინდელი რუსეთისთვის სენსაცია იყო დუელში მებრძოლი ფელდმარშალი.

ელენე ორბელიანმა და ალექსანდრე ბარიატინსკიმ ერთად ოცი წელი იცხოვრეს. მართლმადიდებლურ რუსეთში ამგვარი ქორწინება ისჯებოდა და ამიტომ გენერალმა სამუდამოდ დაკარგა სამშობლოში ჩასვლის უფლება. თუმცა სახელმწიფოსთვის გაწეული სამსახურისათვის ბარიატინსკის ალექნსანდრე II -ემ აჩუქა ვარშავის ახლოს მამული სკერნევიცი. პოლონეთში ელენე ბარიატინსკა დიდ ფუფუნებაში ცხოვრობდა, მაგრამ მარიამ ჯამბაკურ––ორბელიანის (ელენე ორბელიანის ბიძაშვილი) ცნობით უბდურად გრძნობდა თავს: „როცა ის ლაპარაკობდა, ეტყობოდა საშინლად ნაღვლობდა ყველა იმ წარსულისათვის, რომლის უკან დაბრუნება ყოვლად შეუძლებელი იყო“.

ალექსანდრე ბარიატინსკი 1879 წელს გარდაიცვალა ჟენევაში. მას ანდერძი შეუსრულეს და რუსეთში, მშობლიურ კურსკის გუბერნიაში, სოფელ ივანოვსკში დაკრძალეს. ელენე (ელისაბედ–ლიზა) ორბელიანი–ბარიატინსკამ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ოცი წელი იცხოვრა. როგორც ჩანს მიღებული სულიერი ტრამვები იმდენად ძლიერი იყო, რომ მოხუცებულობისას ფსიქიური ასლილობები ჰქონდა. გარდაიცვალა 1899 წელს ბერლინთან ახლოს, აახენში, სპეციალურ კლინიკაში. დაასაფლავეს მეუღლის გვერდით სოფელ ივანოვსკში.

ცოლ–ქმარ ბარიატინსკებს ჰყავდათ ვაჟიშვილი – კირილი (1871-1937 წწ.), რომელმაც რეპრესიების შიშით 1916 წელს გადაიკეთა გვარი და დოკუმენტებით კირილ მეთოდეს ძე ობრაზცოვი გახდა. 1937 წელს იგი დახვრიტეს „სამშობლოს მტრის“ იარლიყით. კირილს ჰყავდა ვაჟი – ვასილ კირილის ძე ბარიატინსკი–ობრაზცოვი (1920-1993 წწ.), რომელიც საბჭოთა არმიის ოფეციერი იყო, II მსოფლიო ომში დაიჭრა და მიიღო კონტუზია, დაჯილდოვებული იყო სამხედრო ორდნებით.

წყარო:

1. ჭუმბურიძე, დოდო. ორი ელენე ორბელიანი // ისტორიული პორტრეტები : წერილები / დ. ჭუმბურიძე; რედ.: ო. ჯანელიძე. - თბ., 2012. - გვ.239-253.


გააზიარე: