The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ნოე ხომერიკი

ნოე ხომერიკი
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1883
გარდაცვ. თარიღი:1 სექტემბერი, 1934  (51 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

ნოე გიორგის ძე ხომერიკი დაიბადა 1883 წლის 1 იანვარს ოზურგეთის მაზრის სოფელ მიქელ–გაბრიელში (დღევანდელი სოფ. შრომა), ღარიბი გლეხის ოჯახში. 1901 წელს დაამთავრა ქუთაისის სამეურნეო სკოლა. სწორედ აქ სწავლის დროს ეზიარა სოციალისტურ იდეებს და დაუკავშირდა სოციალ–დემოკრატიულ პარტიას.

გურიაში დაბრუნებული ნოე ხომერიკი მსახურობდა ცნობილ მემამულე მიხეილ ნაკაშიძესთან, მაგრამ არც გლეხთა მოძრაობაში მონაწილეობაზე უთქვამს უარი, რისთვისაც 1902 წელს დააპატიმრეს და რამოდენიმე თვე ქუთაისის ციხეში გაატარა.

ამავე წლის ნოემბრიდან იგი უკვე ბათუმშია, სადაც გაწევრიანდა იქაურ სოციალ–დემოკრატთა ჯგუფში, თავის სარჩენად კი მანთაშევის მეორე ქარხანაში დაიწყო მუშაობა დღიურ მუშად. მიუხედავად მძიმე ფიზიკური შრომისა, გამონახა დრო, ისწავლა ასოთამწყობობა და ბათუმის სოციალ–დემოკრატიული კომიტეტის არალეგალურ სტამბაში აკრძალულ ლიტერატურას ბეჭდავდა. მალე ბათუმის კომიტეტის წევრიც გახდა.

1903 წელს ნოე ხომერიკი ბათუმის კომიტეტის დადგენილებით იმერეთის სოციალ–დემოკრატიული ორგანიზაციის მოსაწყობად იმერეთში გადავიდა. აქ შეადგინა წიგნაკი „სოფლის მუშათა მიმართ“, რომელიც პარტიის კავკასიის საკავშირო კომიტეტმა გამოსცა. 1904 წელს იგი შორაპანში შეიპყრეს და ქუთაისის ციხეში გაგზავნეს, მაგრამ გზაში მხლებელ დარაჯთა ჯგუფს რევოლუციონერთა რაზმი დაესხა თავს და ნოე ხომერიკი გაანთავისუფლეს. ამის შემდეგ მან თბილისს მოაშურა და დედაქალაქის მუშათა მოძრაობას შეუერთდა.

1905 წლის აპრილში საზღვარგარეთიდან დაბრუნებული ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით გაიმართა ამიერკავკასიის სოციალ–დემოკრატიული ორგანიზაციების კონფერენცია, რომელზედაც აშკარად გამოიკვეთა საკავშირო კომიტეტისაგან გამიჯვნის ტენდენციები, ხოლო ნოე ხომერიკი ამიერიდან უკვე პარტიის მეთაურთა ჯგუფში დამკვიდრდა.

1906 წლის 19 აპრილიდან თბილისში გამოსვლა დაიწყო სოციალ–დემოკრატიული პარტიის ლეგალურმა ორგანომ – ყოველთვიურმა გაზეთმა „ლამპარმა“, რომლის რედაქტორად ბიურომ ლეო ნათაძესთან ერთად აირჩია ნოე ხომერიკი. ამავე დროს იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა პარტიის საორგანიზაციო საქმიანობაში. 1906 წელს დაესწრო პარტიის გაერთიანებულ ყრილობას სტოკჰოლმში და მონაწილეობა მიიღო კამათში აგრარული საკითხის შესახებ.

1908 წლიდან ნოე ხომერიკი ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრია (საზოგადოების ნამდვილი წევრი (1908-1918).

1908 წელს თბილისში ვერაზე შეიპყრეს სოციალ–დემოკრატთა კომიტეტი და მათ შორის ნოე ხომერიკი. რამოდენიმე თვის პატიმრობის შემდეგ ყველანი ვოლოგდის გუბერნიაში გადაასახლეს. ციმბირში, 1910 წელს, შეეძინა ვაჟიშვილი, ვიქტორი.

1911 წელს საქართველოში დაბრუნდა. დაბინავდა  ქუთაისში, სადაც იმ ხანად გადატანილი იყო პარტიის ხელმძღვანელი ორგანო – საოლქო კომიტეტი. პარტიული მუშაობის გარდა რედაქტორობდა ლეგალურ პარტიულ ორგანოს, მასვე დაეკისრა საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელობა მეოთხე სახელმწიფო დუმაში.

1916 წლიდან 1917 წლის თებერვლის რევოლუციამდე ნოე ხომერიკი აღმოსავლეთ ციმბირში იყო გადასახლებული. შემდეგ ის კვლავ საქართველოში დაბრუნდა და გლეხთა მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი გახდა.

1918 წლის მარტში მოწვეულ იქნა ამიერკავკასიის სეიმი. შედგა ამიერკავკასიის მთავრობა, რომელშიც ნოე ხომერიკმა მიიღო მიწათმოქმედების მინისტრის პორტფელი. მან ეს პოსტი შეინარჩუნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობაშიც. იგი იყო დამფუძნებელი კრების ერთ–ერთი წევრი. მისი თაოსნობით, 1919 წლის 31 იანვარს, დამფუძნებელმა კრებამ მიიღო აგრარული რეფორმის ჩატარების გადაწყვეტილება. რეფორმა გულისხმობდა მიწის ჩამორთმევას მსხვილი მემამულეებისთვის და გადანაწილებას გლეხობაზე. სახელმწიფო საკუთრებაში რჩებოდა მდინარეები, ტყეები და საძოვრები.

მინისტრის თანამდებობა ნოე ხომერიკს 1920 წლის შემოდგომამდე ეკავა. გადადგომის შემდეგ პარტიულ მუშაობას დაუბრუნდა. ამავე წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი.

1921 წლის თებერვალ–მარტის ოკუპაციის შემდეგ ნოე ხომერიკი საქართველოს მთავრობასთან ერთად წავიდა ემიგრაციაში. ერთხანს სტამბოლში მოღვაწეობდა, როგორც პოლიტიკური კომისიის თავმჯდომარე. აღნიშნულ კომისიაში შედიოდნენ საქართველოს ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც თავკაცობდნენ სამშობლოს განმათავისუფლებელი ორგანიზაციების მოწყობას. როცა სამშობლოში დაბრუნების იმედი გადაეწურათ ლტოლვილები საფრანგეთში გაემგზავრნენ.

ბოლშევიკების მიერ საქართველოში ჩატარებული სადამსჯელო ღონისძიებების ფონზე, გაძლიერდა ხალხის უკმაყოფილება და შეიქმნა ხელსაყრელი პირობები ამბოხების მოსამზადებლად. 1922 წლის ოქტომბერში ნოე ხომერიკი ფარულად დაბრუნდა უცხოეთიდან და თავის წრეში გაშალა მუშაობა. აჯანყების ორგანიზატორად მოგვევლინა „დამოუკიდებლობის კომიტეტი“ (დამკომი) ანუ „პარიტეტული კომიტეტი“, რომლის წევრიც გახდა ნოე ხომერიკი.

1923 წლის შემოდგომაზე ხალხი უკვე დარაზმული იყო აჯანყებისთვის და სწორედ ამ დროს, ნოემბრის თვეში დააპატიმრეს ნოე ხომერიკი. იგი აჯანყების სხვა თავკაცებთან ერთად სუზდალის ციხეში გამოამწყვდიეს. 1924 წლის აჯანყების დაწყებისთანავე პატიმრები  კავკასიაში დააბრუნეს და გზაში, მოსკოვსა და როსტოვს შორის, რომელიღაც სადგურზე ქურდულად დახვრიტეს.

ნოე ხომერიკის გარდაცვალების თარიღია 1924 წლის 1 სექტემბერი. საფლავი დაკარგულია. მისი მეუღლე, ანეტა ნიკოლაიშვილი 1919 წელს გარდაიცვალა. ემიგრაციაში, საფრანგეთში, დარჩა მისი მოზარდი ვაჟი ვიქტორ ხომერიკი, რომელიც შემდეგ ქართული ემიგრაციის ერთ–ერთი თავკაცი გახდა.

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/ნოე_ხომერიკი

2. შარაძე გურამ. უცხოეთის ცის ქვეშ. ტ.2. – თბ., 1993. –გვ.98–111


გააზიარე: