The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


დარეჯან ბაგრატიონი–აბაშიძე

დაბადების თარიღი:1756
გარდაცვ. თარიღი:25 იანვარი, 1827  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:პოკროვის მონასტერი, მოსკოვი, რუსეთი
კატეგორია:მწერალი, სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

იმერეთის მეფის სოლომონ I-ის ასული დარეჯანი 1756 წელს დაიბადა. 1768 ცოლად გააყოლეს ქართლის თავადს ქაიხოსრო აბაშიძეს, რომელთანაც ოთხი ვაჟი – სიმონი, ივანე, გიორგი და როსტომი შეეძინა.  ბატონიშვილი დარეჯანი თავის დროისთვის მეტად განათლებული პიროვნება იყო – წერდა ლექსებს, ძილისპირებს და საგალობლებს ლექსად. მისი შემოქმედებიდან ჩვენამდე მოღწეულია „ანბანთქება“ და „ღვთისმშობლის შესხმა“. მასვე მიაწერენ მრისხანე სატირას თეოფილაქტეზე „გახსენება“.

XIX საუკუნის დასაწყისში დარეჯან ბატონიშვილის მეშვეობით ხდებოდა ქართლ–კახეთის ორივე დედოფლისა (დარეჯანისა და მარიამის) და დავით ბატონიშვილის წერილების გადაცემა იმერეთში.

დარეჯან ბატონიშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და მეუღლესთან ერთად მონაწილეობდა 1810 წლის იმერეთის აჯანყებაში. ქაიხოსრო აბაშიძის მამული – ზემო საქარა – წარმოადგენდა მეამბოხეთა თავშესაფარს. თავადმა აბაშიძემ ორი ათასამდე კაცი შეკრიბა მდინარე ყვირილას ხეობაში, დაიკავა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილები და ამით გადაჭრა გზა თბილისსა და ქუთაისს შორის, რაც მეტად დიდ ხიფათს უქმნიდა დასავლეთ საქართველოში მყოფ რუსის ჯარებს. მას რამდენჯერმე მოუხდა შეტაკება რუსების ჯართან. ერთ–ერთი ასეთი შეტაკების დროს 1810 წლის 26 ივლისს ალექსანდრე აბაშიძე მოკლეს ცხრაწყაროს ეკლესიის ნანგრევების მახლობლად. ამავე ბრძოლაში დაიღუპა დარეჯანისა და ქაიხოსროს სამი ვაჟი – როსტომი, გიორგი და სიმონი. დარეჯან ბატონიშვილი დააპატიმრეს და თბილისში ჩაიყვანეს. თუმცა გენერალმა ტორმასოვმა დარეჯანის მგზავრობა, მისი ასაკიდან გამომდინარე, შორეულ ადგილას გადასასახლებლად მიზანშეუწონლად მიიჩნია.

რუსების წინააღმდეგ იბრძოდა დარეჯანისა და ქაიხოსროს მეოთხე ვაჟიც. ივანე აბაშიძე იმერეთის 1819-1820 წლების აჯანყების მეთაური და იმერეთის მეფედ დასახელებული კანდიდატი იყო. იმერეთის აჯანყების დამარცხების შემდეგ იგი გურიაში თავის ცოლისძმა გურიელთან გაიქცა. მალე გურიაშიც იფეთქა აჯანყებამ და ივანე იძულებული გახდა ახალციხეში გადასულიყო, საიდანაც სტამბოლში აპირებდა წასვლას, მაგრამ 1822 წელს ვერაგულად მოკლეს ახალციხეში.

1819-1920 წლების იმერეთის აჯანყების დამარცხების შემდეგ დარეჯან ბატონიშვილი შვილიშვილ გიორგისთან (ივანეს ვაჟი) ერთად რუსეთში, ჯერ ქ. პენზაში, შემდეგ კი მოსკოვში გადაასახლეს.

1827 წლის 25 იანვარს დარეჯან ბატონიშვილი გარდაიცვალა. დასაფლავებულია მოსკოვში პოკროვის მონასტერში, ძირის საყდარში.

დარეჯან ბატონიშვილის შვილიშვილი და  ივანე აბაშიძის ქალიშვილი ეკატერინე (ეკა) აბაშიძე აკაკი წერეთლის დედა იყო.

წყარო:                                                                  

ka.rodovid.org/wk/პიროვნება:483339

წერეთელი, აკაკი. გახსენება // თხზულებანი : სრული კრებული 7 ტომად : ტ. 6 : კრიტიკა, პუბლიცისტიკა / ა. წერეთელი. - თბ., 1957. - გვ.530-533.

ბერძნიშვილი, მაქსიმე. აბაშიძე დარეჯან სოლომონ I=ის ასული //მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის / მ. ბერძნიშვილი. თბ., 1980 . – გვ. 91-92.


გააზიარე: