The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნაირა გლუნჩაძე

ნაირა გლუნჩაძე
Date of birth:30 March, 1955  (69 years)
Category:Singer

Biography

ნაირა გლუნჩაძე დაიბადა თბილისში, 1955 წლის 30 მარტს. 1976 წ. დაამთავრა თბილისის III მუსიკალური სასწავლებელი (ვოკალის პედაგოგი: თ. საღარაძე) და ჩაირიცხა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალურ ფაკულტეტზე (პედაგოგ გ. ქართველიშვილის კლასი). ოპერის მომღერალი იყო მამამისი, ვახტანგ გლუნჩაძეც.

ნაირა გლუნჩაძემ კონსერვატორია 1981 წელს დაამთავრა. III კურსიდან მღეროდა  კონსერვატორიასთან არსებულ საოპერო სტუდიაში, ხოლო, 1982 წლიდან გახდა ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი (ლირიკული სოპრანო). მისი დებიუტი შედგა პ. ჩაიკოვსკის „იოლანტაში“ (ბრიგიდა). მხატვრული სახეები შექმნა ზ. ფალიაშვილის ოპერებში: მარეხი („აბესალომ და ეთერი“); მარო („დაისი“); განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა მის მიერ შესრულებული ცერლინას პარტია (მოცარტის „დონ ჟუანი“). ამ როლის შესრულებისთვის ნაირამ სპეციალური პრიზი დაიმსახურა, ოპერის თეატრის მოსკოვში გასტროლების დროს კი მას მოცარტისეული ცერლინა უწოდეს.

ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში გახდა ნაირა გლუნჩაძე ამიერკავკასიის მუსიკოს–შემსრულებელთა კონკურსის ლაურეატი; 1987 წელს მოიპოვა საფრანგეთის ვოკალისტთა მსოფლიო ოცდამეცამეტე კონკურსის (ტულუზა) საპატიო დიპლომი; 1991 წლის შემოდგომაზე თბილისის საოპერო თეატრთან ერთად იმყოფებოდა იტალიის ქალაქ ბუსეტოში, ვერდის ტრადიციულ ფესტივალზე, სადაც მის მიერ შესრულებულმა დეზდემონამ ვერდის „ოტელოში“ იტალიელთა მაღალი შეფასება დაიმსახურა. შემდეგ იყო გასტროლები რუსეთში ზურაბ სოტკილავასთან ერთად და მონაწილეობა ბათუმის მუსიკალურ ფესტივალში – „მოცარტი– 200“.

1992 წელს მომღერალმა დაიმსახურა საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრემია – „სეზონის საუკეთესო სახე“, ხოლო, საერთაშორისო კონკურსზე – „ვერდის ხმები“ –  მოიპოვა I პრემია და ლაურეატის წოდება. კონკურსის შემდეგ მიიწვიეს რომის საკათედრო ტაძარში, სადაც დიდი წარმატებით შეასრულა ნუნუ გაბუნიას „Ave Maria“.

1993 წელს ნაირა გლუნჩაძე გერმანელი რეჟისორის ჰ. ვედეკინდის მიწვევით, მონაწილეობდა ქ. ზაარბრიუკენის საოპერო თეატრში შესარჩევ ტურში, სადაც გაიმარჯვა, გახდა თეატრის სოლისტი და დღემდე მოღვაწეობს. მის რეპერტუარშია: დეზდემონა, ოსკარი, ნანეტა, ვიოლეტა, ჯილდა (ვერდი „ოტელო“, „ბალ–მასკარადი“, „ფალსტაფი“, „ტრავიატა“, „რიგოლეტო“), ლიუ, მიმი (პუჩინი „ტურანდოტი“, „ბოჰემა“), მიქაელა, ლეილა (ბიზე „კარმენი“, „მარგალიტის მაძიებლები“), ადანი (დონიცეტი „სიყვარულის ნექტარი“), ცერლინა, სერვილია, პამინა (მოცარტი „დონ ჟუანი“, „ტიტუსის ლმობიერება“, „ჯადოსნური ფლეიტა“), ტატიანა (ჩაიკოვსკი „ევგენი ონეგინი“), მარგარიტა (შ. გუნო „ფაუსტი“), ლუიზა და პრინცესა ნინეტა (ს. პროკოფიევის „დუენია“, „სამი ფორთოხლის სიყვარული) და სხვა.

ნაირა გლუნჩაძის შესრულებისათვის დამახასიათებელია ნატიფი ლირიზმი, დახვეწილი გამომსახველობითი საშუალებები. მან გასტროლებით მოიარა საზღვარგარეთის მრავალი ქვეყანა: საფრანგეთი, იტალია, ავსტრია, რუსეთი, გერმანია, შვეიცარია. მომღერალი ეწევა საკონცერტო მოღვაწეობას კამერული რეპერტუარით, პოპულარიზაციას უწევს ქართველ კომპოზიტორთა: დ. არაყიშვილის, ვ. აზარაშვილის, ა. კერესელიძის, ა. მაჭავარიანის, ნ. გაბუნიას სიმღერებსა და რომანსებს.

წყარო:

1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 112

2. საქართველო: ენციკლოპედია:  ტ. 2–თბ., 2012.– გვ. 49–50

3. იმნაიშვილი, ლალი. მუსიკით ვცოცხლობ“  // ხელოვნება. - 1992. - N5-6. - გვ. 96-100


Share: