შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
მზია ნიორაძე![]()
ბიოგრაფიამზია ამირანის ასული ნიორაძე 1967 წლის 16 ოქტომბერს დაიბადა თბილისში, დიდ და მუსიკალურ ოჯახში. მამა ძალიან კარგად მღეროდა და ცეკვავდა. დედა და მამიდებიც კარგად მღეროდნენ და, როგორც ჩანს, ეს ნიჭი ახალგაზრდებზეც გადავიდა. ექვსი დიდან ყველა ხელოვნებას ეზიარა. მათ შორის ყველაზე ცნობილია ირმა ნიორაძე – სანკტ–პეტერბურგის მარიას თეატრის პრიმა–ბალერინა. მზია ნიორაძემ დაამთავრა თბილისის №2 მუსიკალური სკოლა, შემდეგ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული ათწლედი (თეორიული განყოფილება), 1989 წელს კი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ვოკალის განხრით (მეცო–სოპრანო), პედაგოგი - ლეილა გოცირიძე. 1986–1987 წლებში მზია ნიორაძე თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდში მღეროდა; 1992–1994 წლებში ამავე თეატრის სოლისტი იყო; მისი დებიუტი შედგა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებულ საოპერო სტუდიის სცენაზე – ნანო (ზ. ფალიაშვილის „დაისი“). 1987–1988 წლებში მზია ნიორაძემ გაიარა სტაჟირება ლენინგრადის კონსერვატორიაში. 1990–იანების დასაწყისში შემოქმედებით ცხოვრებაში მცირე პაუზე ჰქონდა (გათხოვება, შვილის დაბადება, განქორწინება). 1992 წელს, ალეკო ხომერიკის მიწვევით, იმღერა ნათელას პარტია ბათუმის ოპერის თეატრში (ზ. ფალიაშვილი „აბესალომ და ეთერი“). 1994 წელს გახდა ხულიო გაიარის სახელობის კონკურსის ლაურეატი ესპანეთში, რის შემდეგაც შესთავაზეს მაესტრო მელანისთან გაევლო ვოკალის კურსი ოზიმოს აკადემიაში. იტალიიდან ჩამოსვლის შემდეგ, 1995 წელს, რიმსკი–კორსაკოვის სახელობის კონკურსზე სანკტ–პეტერბურგში მოიპოვა დიპლომი და სპეციალური პრიზი როსინის „იტალიელი ქალი ალჟირში“ მთავარი პარტიის ვირტუოზული შესრულებისთვის. პარალელურად, მისი დის, ირმა ნიორაძის თხოვნით, მას მოუსმინა დირიჟორმა ვალერი გერგიევმა და მიიწვია კარმენის როლზე (ბიზე, „კარმენი“) სანკტ–პეტერბურგის მარიას თეატრში. ამავე პარტიით წარსდგა იგი სან–ფრანცისკოს მსმენელის წინაშე. სადებიუტო სპექტაკლს მოჰყვა ამნერისი „აიდაში“, ებოლი „დონ–კარლოსში“ და სხვა. მარიას თეატრში მოღვაწეობის მანძილზე მზია ნიორაძემ 40–მდე როლი შეასრულა სხვადასხვა სპექტაკლში. 1999 წელს იგი გახდა სანკტ–პეტერბურგში ჩატარებული ელენა ობრაზცოვას სახელობის კონკურსის ლაურეატი (IV პრემია). 2007 წელს, როდესაც რუსეთ–საქართველოს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა, მზია ნიორაძე ვაჟთან, დავითთან, ერთად სამშობლოში დაბრუნდა, 2008 წლის ომის შემდეგ კი საერთოდ გააუქმა რუსეთის თეატრებთან დადებული ყველა ხელშეკრულება. ამ დროიდან იგი თბილისში ცხოვრობს და აქედან დადის გასტროლებზე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მის რეპერტუარშია 50–ზე მეტი პარტია. მათ შორის: აზუჩენა (ჯ. ვერდი „ტრუბადური“); ორფეოსი (გლუკი „ორფეოსი და ევრიდიკე“); სუძუკი (პუჩინი „ჩიო–ჩიო–სანი“); ბერტა (როსინი „სევილიელი დალაქი“); ოლგა, ლაურა (ჩაიკოვსკი „ევგენი ონეგინი“, „იოლანტა“); მავრა კუზმინიჩნა, ელენა ბეზუხოვა (პროკოფიევი „ომი და მშვიდობა“); ფრიკა (ვაგნერი „რაინის ოქრო“); კონჩაკოვნა (ბოროდინის „თავადი იგორი“); მარინა მნიშეკი (მუსორგსკი „ბორის გოდუნოვი“) და სხვა. 2002 წლიდან მზია ნიორაძე მეტროპოლიტენ ოპერის სოლისტია. მისი დებიუტი ამ თეატრში შედგა ვერდის ოპერა „რიგოლეტოში“ (მადალენა), სადაც იგი პლასიდო დომინგოსთან ერთად მღეროდა. 2011 წელს ორთვიანი გასტროლები ჰქონდა მაიამის დიდ თეატრში, სადაც ასრულებდა კონტრალტოს პარტიას პუჩინის ოპერაში „და ანჟელიკა“. მომღერალი არის პარიზის, ვენის, ოსლოს, მარსელის, ლიონისა და სხვა ცნობილი საოპერო თეატრების მიწვეული სოლისტი. გასტროლებით აქვს მოვლილი: საფრანგეთი, იტალია, აშშ, ნორვეგია, ისრაელი. მზია ნიორაძის დისკოგრაფიის ვრცელ ჩამონათვალში შედის: ვერდის „ტრუბადური“ (DVD, 2007, დირიჟორი: იური ტემირკანოვი); პროკოფიევის „ომი და მშვიდობა“ (DVD, 2014, რეჟისორი; ფ. ძეფირელი) და სხვა. წყარო: 1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. –თბ., 2015. – გვ. 368. 2. news.ge/.../13934-gruzinskaja-mecco-soprano-mechtaet-... 3. ნიორაძე, მზია. როგორი იყო მზია ნიორაძისთვის მარიას თეატრში ჩატარებული 12 წელი და რატომ გადაწყვიტა მან იმ თეატრიდან წამოსვლა, რომელშიც მთელი მისი ოჯახი მოღვაწეობდა : ინტერვიუ / ესაუბრა კატო ჟღენტი // თბილისელები. - 2012.- 9-16 იანვარი. - N2(576). - გვ.26.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |