The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


ლადო ათანელი

ლადო ათანელი
ოფიციალური სახელი:ვლადიმერ ათანელიშვილი
დაბადების თარიღი:12 სექტემბერი, 1964  (54 წლის)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

ქართველი ბარიტონი ლადო ათანელი დღეს მთელ მსოფლიოში ცნობილი და საყვარელი მომღერალია. იგი 1964 წლის 12 სექტემბერს დაიბადა დედოფლისწყაროს სოფელ სამრეკლოში, ხალხური მუსიკის მოყვარულ და დამფასებელ ოჯახში. მამა, ისიდორე ათანელიშვილი, ლირიული ტენორი იყო, უფროსი და, მარიკა – ლირიული სოპრანო, ასევე, მომღერალი იყო მისი სამი ბიძა. თავად ლადოსაც ურჩევდნენ სპეციალისტები ვოკალურ ხელოვნებას გაჰყოლოდა, მაგრამ მომავალი მომღერალი სკოლის პერიოდში სულ სხვა პროფესიისთვის ემზადებოდა. მას ისტორიკოსობა სურდა და მისაღებ გამოცდებსაც აბარებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, თუმცა მესამე გამოცდის შემდეგ მიხვდა, რომ ეს მისი საქმე არ იყო და მუსიკალურ სასწავლებელს მიაშურა. ოთხი წელი სწავლობდა ჯემალ ლორთქიფანიძესთან და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაშიც (1984–1989) მასთანვე გააგრძელა დაოსტატება.

ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში კონსერვატორიის საოპერო სტუდიის სცენაზე შეასრულა ლადო ათანელმა ალეკოს (ს. რახმანინოვის „ალეკო“), ფიორელოს (ჯ. როსინის „სევილიელი დალაქი“), ბელ–კორეს (გ. დონიცეტის „სიყვარულის ნექტარი“), ჟერმონის (ჯ. ვერდის „ტრავიატა“) პარტიები. ამასთან ერთად ათი წელი გალობდა ქაშვეთის ეკლესიაში.

1988 წლიდან, ჯერ კიდევ მეხუთე კურსის სტუდენტი თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრის სტაჟიორი გახდა, 1989 წლიდან კი სოლისტი. კონსერვატორიის დამთავრებისას მას უკვე თერთმეტი პარტია ჰქონდა მომზადებული. მისი დებიუტი შედგა ჯუზეპე ვერდის „ბალ–მასკარადში“. კრიტიკოსთა შეფასებით იგი რენატოს რთულ პარტიას ისე ასრულებდა, თითქოს სცენაზე ყოფილიყოს დაბადებულ-გაზრდილი. ვოკალური მონაცემებისა და მუსიკალურობის გარდა მას ხელს უწყობდა არტისტული ნიჭი, რომელიც ნებისმიერი დრამატული თეატრის მსახიობს დაამშვენებდა.

თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე ლადო ათანელმა წარმატებით შეასრულა მონტანოს (ჯ. ვერდის „ოტელო"), ფიგაროს (ჯ. როსინის „სევილიელი დალაქი"), მურმანის (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი") პარტიები. თეატრში ლადო ათანელის კონსულტანტი იყო დიდი მაესტრო, ნოდარ ანდღულაძე, რომელიც თავიდანვე მოიხიბლა მისი ხმის ტემბრითა და მუსიკალური მონაცემებით. მათი თანამშრომლობა მეგობრობაში გადაიზარდა და მაესტროს სიკვდილამდე გაგრძელდა. ბატონი ნოდარი გახდა მისი მეჯვარე და 1993 წლის 27 ნოემბერს თავადვე გადაუხადა პატარა ქორწილი თავის ბინაში. ლადო უცხოეთიდანაც ხშირად უკავშირდებოდა უფროს მეგობარსა და მასწავლებელს, რჩევას ეკითხებოდა და სიხარულს უზიარებდა. 2014 წელს მან გამოსცა დისკი სახელწოდებით „Tristezza” („მწუხრი”), რომელიც ნოდარ ანდღულაძის ხსოვნას მიუძღვნა.

1991 წლის 23 ნოემბერს ლადო ათანელმა ფრანცისკო ვინიასის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო ფესტივალში (ბარსელონა) 230 მონაწილეს შორის გაიმარჯვა და გრან-პრი აიღო. ეს მისი პირველი დიდი წარმატება იყო. სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა მის ცხოვრებაში მანანა ჩიქოვანი – მისი კონცერტმაისტერი და განუყრელი თანამგზავრი, რომელმაც პიანისტის კარიერა გვერდზე გადადო და მთელი ცხოვრება მეუღლეს მიუძღვნა.

იმ პერიოდში საქართველოში იყო უმძიმესი პირობები – უშუქობა, გაყინული დარბაზები, დახურული თეატრები. ლადო დაუღალავად იღვწოდა ხმის დახვეწისთვის, შემდგომი დაოსტატებისთვის, მაგრამ გრძნობდა, რომ მის შემოქმედებით წინსვლას დიდი საფრთხე ემუქრებოდა. ერთადერთი გამოსავალი საზღვარგარეთ წასვლა იყო და 1993 წელს მანანამ და ლადომ გერმანიას მიაშურეს. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ აირჩია მან გერმანია, როცა სხვა ცნობილი ოპერის მომღერლები იტალიისაკენ მიილტვიან, ლადომ უპასუხა: ,,ალბათ ღმერთის სურვილი იყო და მართლაც, მერე, როდესაც გერმანიაში ჩამოვედი, მივხვდი, რომ ჩემმა შინაგანმა შეგრძნებამ მათქმევინა. აქ არსებული არაჩვეულებრივი წესრიგი, დისციპლინა და შრომისმოყვარეობა, თუ თავის ქებაში არ ჩამომართმევთ, მეც მახასიათებს და ამიტომ გერმანია არის სწორედ ის ქვეყანა, სადაც საქართველოს შემდეგ შემიძლია ჩემი შემოქმედებითი მოღვაწეობის გაგრძელება.”  თუმცა ცოლ–ქმარს თავდაპირველად არც გერმანიაში ჰქონდათ დალხენილი ცხოვრება. მატერიალურად უჭირდათ, ხუთი წელი ელოდნენ მოქალაქეობის მიღებას, მაგრამ ფარ–ხმალს არ ყრიდნენ, თავდაუზოგავად შრომობდნენ და შედეგმაც არ დააყოვნა. 1996 წელს მათ ერთად მოიპოვეს პირველი პრემია და გრან–პრი ვოკალისტთა ორ მნიშვნელოვან საერთაშორისო კონკურსში – ბელვედერის „I Cestelli“(ვენა, ავსტრია) და ი. ჩესტელის №1 კონკურსი, სახელწოდებით „მომავალი საოპერო  ვარსკვლავი“ (კიოლნი, გერმანია). ამის შემდეგ ლადო ათანელის წინაშე ფართოდ გაიღო მსოფლიოს საუკეთესო საოპერო თეატრების კარები: ლა სკალა, შტაატსოპერა, გრანდოპერა, კოვენტგარდენ, მეტროპოლიტენოპერა და სხვა.

თანამედროვე მუსიკალურ სამყაროში ლადო ათანელი მსოფლიო საოპერო ხელოვნების ვარსკვლავთა  კოჰორტის ერთ–ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელია. მას კოლეგიალობის გარდა დიდი მეგობრობა აკავშირებს ჩვენი დროის უდიდეს ტენორ პლასიდო დომინგოსთან, რომელიც ხშირად ლადოს სპექტაკლების თუ კონცერტების დირიჟორიცაა. განუმეორებელი იყო მისი შეხვედრები დიდ დირიჟორებთან – რენატო ბუზონთან ლა სკალაში („ნაბუკო“), ჯეიმს ლივაინთან მეტროპოლიტენ ოპერაში („მაკბეტი“), რიკარდო მუტისთან, ს. ოძავასთან, ქრისტიან ტილემანთან და ბევრ სხვასთან. მუსიკის კრიტიკოსებმა მას უწოდეს „ოქროს ყელი საქართველოდან“ და ,,ასკარატიან ბრილიანტს“ შეადარეს. მისი ხმისთვის იტალიური მუსიკა მალამოსავითაა, ხელს უწყობს მის განვითარებას, –  წერდნენ პრესაში. ჟურნალ ,,ორფეოსში” დაიბეჭდა ლადოს შემოქმედებისადმი მიძღვნილი სტატია, სადაც მომღერლის ხმის სიმძლავრე 355 ცხენის ძალას გაუტოლეს.

ლადო ათანელის რეპერტუარს ამშვენებს დრამატული ბარიტონის მრავალი პარტია სხვადასხვა კომპოზიტორთა ოპერებიდან: ბარნაბა (პონკიელი „ჯოკონდა“); ჯეკ რიენსი, შარპლესი, სკარპია (პუჩინი „გოგონა დასავლეთიდან“, „ჩიო–ჩიო–სანი“, „ტოსკა“); ამონასრო, როდრიგო, დონ კარლოსი, მილერი, მაკბეტი, ნაბუქო, იაგო, ჟერმონი (ვერდი „აიდა“, დონ კარლოსი“, „ერნანი“, ლუიზა მოლერი“, მაკბეტი“, „ნაბუქო“, „ტრავიატა“); ალეკო (რახმანინოვის „ალეკო“); ონეგინი, ტომსკი (ჩაიკოვსკი „ევგენი ონეგინი“, „პიკის ქალი“) და სხვა. მის რეპერტუარშია, აგრეთვე, ს. პროკოფიევის, ს. რახმანინოვის, პ. ჩაიკოვსკის, ფ. შუბერტის, რ. შუმანის, ი. ბრამსის, მ. რაველისა და თანამედროვე ქართველ კომპოზიტორთა კამერული და ვოკალური ლირიკის ნიმუშები.

ლადო ათანელის შემოქმედების მიმოხილვისას შეუძლებელია არ აღინიშნოს მისი მეუღლის, მანანა ჩიქოვანის დიდი თანადგომა და უდიდესი ამაგი. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ლადოს შემოქმედების პირველი ეტაპის მონაპოვარი განვითარებულიყო და იმ ფენომენად ჩამოყალიბებულიყო ვოკალური ხელოვნების ისტორიაში, რომელიც დღეს ლადო ათანელის სახელითაა ცნობილი. ქალბატონი მანანა და ლადო ერთად არჩევენ და აანალიზებენ ამა თუ იმ ოპერისა თუ საკონცერტო პროგრამის არსს, მუსიკალურ-საშემსრულებლო რესურსების სწორ გამოყენებას. დაუღალავი ტიტანური შრომის შედეგად მათ ერთობლივად მოამზადეს 40-ზე მეტი საოპერო პარტია.  გარდა ამისა მანანა ლადოს ყოველ საკონცერტო თუ საოპერო სპექტაკლს ხან ფოტოაპარატითა და ხან ვიდეოთი აფიქსირებს ნებისმიერ ქვეყანაში გამოსვლისას, აგროვებს მისი შემოქმედებისადმი მიძღვნილ სტატიებს. 

2003 წელს Emi- კლასიკმა დისკზე ჩაწერა ა. პონკიელის ოპერა „ჯოკონდა“, სადაც ლადო ათანელმა ბარაბას ურთულესი პარტია შეასრულა პლასიდო დომინგოსთან ერთად. 2005 წელს გამოიცა მისი პირველი სოლო ალბომი „საოპერო არიების“ სახელწოდებით. 2009 წელს გამოვიდა მეორე ალბომი „ბარიტონის არიები“. გამოცემულია DVD - ჯ. ვერდის – „ოტელო“, ო. მასნეს –„ტაისი“, პ. ჩაიკოვსკის – „პიკის ქალი“, ჯ. ვერდის –„ბალ მასკარადი“ და სხვა.

უკანასკნელ წლებში ლადო ათანელი ხშირად ჩამოდის საქართველოში, მონაწილეობს საქველმოქმედო და საიუბილეო კონცერტებში. 2009 წელს ქ. თბილისში მან დააარსა საქველმოქმედო ფონდი „თანადგომა“, რომლის მიზანია ფინანსურად დაეხმაროს ღვაწლმოსილ მომღერლებს, საოპერო თეატრის წამყვან მსახიობებს. 2010 წლიდან ტარდება ლადო ათანელის სახელობის ვოკალისტთა კონკურსი ახალგაზრდა ნიჭიერი ვოკალისტების (35 წლის ასაკამდე) გამოსავლენად და საერთაშორისო სარბიელზე მათ გასაყვანად.  ლადოსთან ერთად ცნობილი პედაგოგებისა და პროფესორებისგან შემდგარმა ჟიურიმ უკვე რამდენჯერმე დაასახელა გამარჯვებულები და მიაკუთვნა მათ ლადო ათანელის სახელობის სტიპენდია. დაწესებულია 3 სტიპენდია 2 000 ლარის ოდენობით. კონკურსის ლაურეატები – ირაკლი კახიძე, ინგა ჯახუტაშვილი, სულხან ჯაიანი, სალომე ჯიქია, მიხეილ ქირია, მარიკა მაჩიტიძე და სხვები უკვე წარმატებით მოღვაწეობენ ევროპის წამყვანი ოპერების სცენებზე.

2011 წელს ლადო ათანელს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და დაჯილდოვდა ოქროს მედლით. ამავე წელს საქართველოს მწერალთა კავშირის მიერ იგი აღიარებულ იქნა „სიკეთის“ რაინდად. 2015 წელს კი გახდა თავისი მშობლიური რაიონის, დედოფლისწყაროს, საპატიო მოქალაქე.

წყარო:

1. სიხარულიძე, გივი. ლადო ათანელი : მოგონებები ნოველებად / [იდეისა და პროექტის ავტ., რედ. მანანა ჩიქოვანი-ათანელი]. - [თბ., 2013].

2. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ.17
საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.74

3. www.resonancedaily.com/index.php?id_rub=11&id_artc=11481 

4. www.palitratv.ge/gadacemebi/.../57826-qchemi-gzaq-stumari-lado-athaneli.html

www.ataneli.com/

 


გააზიარე: