The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


რევაზ ჩირინაშვილი

დაბადების თარიღი:2 აგვისტო, 1950
გარდაცვ. თარიღი:22 იანვარი, 2010  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:კომპოზიტორი

ბიოგრაფია

რეზო ჩირინაშვილი მრავალმხრივი მუსიკოსი იყო – კომპოზიტორი, პედაგოგი, შემსრულებელი, ვოკალური ჯაზური მუსიკის არანჟირებების ავტორი. დაიბადა თბილისში, 1950 წლის 2 აგვისტოს. მისი მამა, მიხეილ ჩირინაშვილიც მუსიკოსი იყო – კომპოზიტორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. მას ეკუთვნის 50-იანი წლების ცნობილი ქართული შლაგერი „ყვავილების ქვეყანა“.
რეზო ჩირინაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ორი ფაკულტეტი – საორკესტრო (ჰობოი, პედაგოგი: ე. მოცაკიანი. 1972) და საკომპოზიციო (პედაგოგი: ალ. შავერზაშვილი. 1981). 1974–1976 წლებში იყო საქტელერადიო ორკესტრის, 1976–1981 წლებში – საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრისა და თბილისის მუსკომედიის თეატრის ორკესტრის ჰობოისტი (დირიჟორი ჯანსუღ კახიძე).

1985 წელს რეზო ჩირინაშვილი კომპოზიტორთა კავშირის წევრი გახდა. ერთი წლის შემდეგ კი მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. 1986–1991 წლებში მუშაობდა „სოიუზმულტფილმის“ მთავარ მუსიკალურ რედაქტორად; მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვალებამდე მოსკოვში ცხოვრობდა, ის თხემით ტერფამდე ქართველად დარჩა. 1991–1998 წლებში ხელმძღვანელობდა ქართული კულტურის ცენტრ „მზიურს“; ამავე დროს იყო მოსკოვის ეთნოკულტურული მიმართულების ზოგადსაგანმანათლებლო ქართული საშუალო  სკოლის (№1331) მუსიკალური ხელმძღვანელი, ასწავლიდა ქართულ სიმღერას;  მან ჩამოაყალიბა ვოკალურ–ჯაზური კვარტეტი „ჯორჯია“ და ხალხური სიმღერების ანსამბლი „ლომისი“, რომელიც სისტემატურად იღებდა მონაწილეობას ქართული კულტურის საერთაშორისო ფესტივალ „ჩვენებურების“ პროგრამაში. ეს კოლექტივები მრავალი კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატები გახდნენ: მოსკოვი, პეტერბურგი, მინსკი, კიევი, ვარშავა, კრაკოვი და სხვა.

რეზო ჩირინაშვილის შემოქმედებითი მემკვიდრეობა მრავალფეროვნებით გამოირჩევა. იყო რსფსრ კომპოზიტორთა კავშირის წევრი. მას ეკუთვნის, როგორც ორიგინალური, ასევე არანჟირებული ნაწარმოებები, კონცერტები ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის. მათ შორის: კონცერტი–ფანტაზია ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის (პირვ. შესრ. 1988/15/12); სიუიტა სასულე საკრავთა კვინტეტისთვის (პირვ. შესრ. 1988/19/12); საბავშვო საგუნდო ციკლი: „წელიწადის დრონი“; კანტატა ბავშვთა გუნდისა და ორკესტრისათვის; კამერულ–ინსტრუმენტალური ჟანრის თხზულებები; ჯაზური მუსიკის ორიგინალური ნაწარმოებები და მსოფლიო კლასიკის არანჟირებული ვარიანტები.  კომპოზიტორს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა თეატრალურ საზოგადოებასთანაც, წერდა მუსიკას დრამატული სპექტაკლებისთვის: „მოცარტი და სალიერი“, „Женщина с моря“ („МХАТ“, მოსკოვის სამხატვრო თეატრი), „Сказки на всиякий случай“ (მიიღო თეატრალური პრემია „Гвоздь сезона“, მოსკოვი, 2008), „Оловянные солдатики“ (მოსკოვის მოზარდმაყურებელთა), „Страсти черноморья“ (მოსკოვის სატირის თეატრი), „Синяя птица“ (ნოვოსიბირსკის დრამატული თეატრი), „Лягушонок“ (ობრაზცოვის თოჯინების თეატრი) და სხვა. მის მიერ მუსიკალურად გაფორმებული ზოგი სპექტაკლი ამჟამადაც არის თეატრების რეპერტუარში.

რეზო ჩირინაშვილს ეკუთვნის ოცზე მეტი ანიმაციური ფილმის მუსიკა. მათ შორის: „Поединок“,  „Утро попугая Кеши“, „Однажды“, „Дочь великана“, „Праздник“, „Сундук“, „Белый домик“ და სხვა. მოღვაწეობდა საესტრადი სიმღერების ჟანრშიც.

კომპოზიტორი გარდაიცვალა მოსკოვში, 2010 წლის 22 იანვარს.

წყარო:

1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. –თბ., 2015. – გვ. 534.

2. resonancedaily.com/index.php?id_rub=5&id_artc=946




გააზიარე: