Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ნინო ლეჟავა![]()
Biographyპირველი შეხება სცენასა და მაყურებელთან ნინო ლეჟავას ძალიან პატარას - 3 წლის ასაკში ჰქონდა. არასოდეს დაავიწყდება ვოკალის პირველი პედაგოგი – შურა ჯანელიძე და მაყურებელთან შეხვედრით გამოწვეული აღფრთოვანება. შემდეგ იყო ნიჭიერთა ათწლედი – საფორტეპიანო განხრით, პარალელურად კი კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტულ ათწლედში ეუფლებოდა ვოკალს. ამას მოჰყვა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და მშობლიური ოპერის თეატრი. დებიუტი ჰქონდა ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში, სადაც მაესტროს დირიჟორობით შეასრულა პერგოლესის Stabat Mater. მისი პირველი გამოსვლა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შედგა მოცარტის „დონ ჯოვანიში“ – ცერლინას პარტია. შემდეგ იყო ჯილდა – ვერდის „რიგოლეტოში“, ვიოლეტა – ვერდის „ტრავიატაში“ და კიდევ ბევრი სხვა. მომღერალი დიდი სიყვარულით იხსენებს ამ პერიოდს, ემადლიერება მთელ დასს და თვლის, რომ მისი წარმატების მიზეზი, ალბათ, ის იყო, რომ გვერდს უმშვენებდნენ საოპერო სცენის კორიფეები და ჰყავდა არაჩვეულებრივცი პედაგოგები – ცისანა ტატიშვილი, ნოდარ ანდღულაძე და მაესტრო ჯანსუღ კახიძე. ახალგაზრდა ვოკალისტმა (სოპრანო) საქართველო 2011 წელს დატოვა და ბედის წყალობით აღმოჩნდა იტალიაში მაესტრო მარიო მელანისთან. მისი ბელკანტოს ტექნიკის სკოლის შესახებ ჯერ კიდევ ნოდარ ანდღულაძესთან სწავლის დროს შეიტყო. ბატონი ნოდარი ხშირად იყენებდა სტუდენტებთან მუშაობის დროს მარიო მელანის სავარჯიშოებს დიაფრაგმისა და სასუნთქი აპარატის სწორად ფუნქციონირებისთვის. პირველივე მოსმენაზე ნინომ გასაოცარი შეფასება მიიღო ბელკანტოს „მამად“ წოდებული მაესტროსგან – მსგავსი ხმა და მუსიკალურობა 40 წელია, აღარ მსმენია. შენი ხმა, ინტერპრეტაცია და მუსიკალურობა საოპერო ხელოვნების რენესანსის პერიოდს მაგონებსო... ერთი წლის ნაყოფიერი მუშაობის შემდეგ პეზაროს საერთაშორისო საოპერო აკადემიის რექტორმა მარიო მელანიმ ნინო ლეჟავა აკადემიაში თავის მემკვიდრედ გამოაცხადა და სამხატვრო ხელმძღვანელობა შესთავაზა. „ეს თანამდებობა იტალიაში, ქვეყანაში, რომელიც საოპერო ხელოვნების აკვანია, ქართველისთვის ძალიან დიდი წარმატებაა. ამით ჩემს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო“, – აღნიშნავს მომღერალი. მარიო მელანის გარდაცვალების შემდეგ, 2013 წელს გამოვიდა მაესტრო მელანის ინტერვიუების საფუძველზე შექმნილი ბიოგრაფიული წიგნი Mario Melani Maestro Planetari. ავტორი ცნობილი ჟურნალისტი და იტალიის ერთ-ერთი რეიტინგული გაზეთის Il resto del carlino-ს დირექტორი ლუიჯი ლუმინატია. თავის ბოლო ინტერვიუში მაესტრო საუბრობს ნინოზე, როგორც მისი სკოლის გამგრძელებელზე. წიგნი ორ ენაზეა გამოცემული, იტალიურად და რუსულად. "მაესტრო მარიო მელანიმ მიბოძა თავისი ადგილი და ყველაზე ძვირფასი რამ, რასაც მთელი თავისი სიცოცხლე, გამოცდილება და შემოქმედება დაუთმო: ვგულისხმობ აკადემიას საოპერო მომღერლებისთვის, სადაც ბელკანტოს სკოლის ტექნიკა მარიო მელანის ტექნიკით ისწავლება... ეს აკადემია მაესტრომ მე ჩამაბარა. მისი მუსიკალური სკოლის მემკვიდრე ვარ და ვფიქრობ, მრავალი წლის შემდეგ მეც შევძლებ მსგავსი არჩევანის გაკეთებას, რომ ბელკანტოს მაესტროსეულმა ტექნიკამ, რომელმაც ასახვა ჰპოვა მარიო დელ მონაკოს, კარლო კოსუტას, ლუის ლიმას, იანო ალიბეგაშვილის, ალა სიმონიშვილის, თეა დემურიშვილის, დავით გველესიანისა და მრავალი სხვა საოპერო მომღერლის შემოქმედებაში, შეძლოს ამ გზის გაგრძელება... მანამდე ბევრი დროა და ვიდრე ეს დღე დადგება, მაქსიმალურ ენერგიასა და დროს მოვახმარ აკადემიას, ჩემს სტუდენტებს“, - ამბობს ნინო. უკვე რამდენიმე წელია ნინო ლეჟავა აკადემიის სამხატვრო ხელმძღვანელია. დაკისრებულ მოვალეობას დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება. აკადემიის ხელმძღვანელობა იოლი არ არის. იგი საკმაოდ რთული ორგანიზმია, რომელიც ფაქტობრივად, მნიშვნელოვანი საფეხურია კონსერვატორიასა და საოპერო თეატრს შორის. სწავლის პროცესი გულისხმობს მომღერლის არტისტად ჩამოყალიბებას, დიდი სცენისთვის გამოცდილების შეძენას. სტუდენტებს ეძლევათ საშუალება, მომზადებული რეპერტუარით პუბლიკის წინაშე წარდგნენ, ისწავლონ ურთიერთობა, დახვეწონ საშემსრულებლო მანერა. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა ნინოს არც სოლო კარიერაზე უთქვამს უარი. ცდილობს, დრო და ენერგია, რომლის გაყოფაც უხდება სასიმღერო კარიერასა და აკადემიას შორის, მაქსიმალურად სწორად გაანაწილოს. მხარში უდგას და, ლიკა ლეჟავა, აკადემიის მენეჯერი და ერთგული მეგობარი, რომელიც ნებისმიერ წამოწყებაში მის გვერდითაა. აკადემიაში სწავლის მსურველთათვის ნინომ დააწესა ერთგვარი კონკურსი – „ბორსა დი სტუდიო". ეს გახლავთ საგანგებო მოსმენა ორი საუკეთესო სტუდენტის შესარჩევად, რომელიც უფასოდ ისწავლის. გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს. „ბორსა დი სტუდიოს“ ერთი სტიპენდია მაესტრო მარიო მელანის, ხოლო მეორე - ნინო ლეჟავას სახელობისაა. „დღესაც საქართველოს მოქალაქე ვარ და ძალიან მიხარია, თუ შევძელი ჩემი ქვეყნისთვის საამაყო რამ გამეკეთებინა“, – ამბობს მომღერალი. მან მოახერხა დაემყარებინა შემოქმედებითი კავშირი ქართულ საოპერო სივრცესთან, თბილისში ჩაატარა სტუდენტების მოსმენა-შერჩევა პეზაროს აკადემიაში სწავლის გასაგრძელებლად და დღეს სიამაყით აღნიშნავს, რომ 2016 წელს აკადემიის სტუდენტების მნიშვნელოვან ნაწილს საქართველოდან ჩამოსული მომღერლები წარმოადგენენ. თითოეული მათგანი ძალიან ნიჭიერი, საოცრად მუსიკალურია და ულამაზესი ხმითაა დაჯილდოებული. წყარო: 1. gza.ambebi.ge/life/.../4331-q4-tslissam-uksve-viscosdi-tesnosri-rom-viqsnesbosdiq.ht... 2. www.ambebi.ge/.../41167-qarthveli-momgherali-pezaros-akademiis-samkhatvro-khel... 3. tbiliselebi.ge/?mas_id=268449196&year=2016&jurn_id=48&rubr_id... 4. ლეჟავა, ნინო. ნინო ლეჟავა იტალიის საოპერო აკადემიის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა : ინტერვიუ /ესაუბრა შორენა კოკორაშვილი // პრაიმტაიმი. - , 2011. - 29 აგვისტო. - N35. - გვ.22-23
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |