The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


უმით ოსმაინაღაოღლუ

უმით ოსმაინაღაოღლუ
დაბადების თარიღი:196?
კატეგორია:ბიზნესმენი, მწერალი

ბიოგრაფია

„საუკუნეების განმავლობაში იმდენჯერ გადაგვც–გადმოგვცეს. ისტორიამ ისეთი ძალით დაგვიტრიალა თავზე სისხლიანი ბორბალი, რომ მიკვირს კიდეც, საერთოდ როგორ გადავრჩით და როგორ მოვიტანეთ დღემდე სული, ლაზური ენა, კულტურა. ამ გადაცემ–გადმოცემაში ადგილი და სახელი არ შეგვიცვლია, ჩვენ მაშინაც ჭანები, ანუ ლაზები ვიყავით და ლაზები, ანუ ჭანები ვართ დღესაც. დღეს კი, იშვიათად, მაგრამ მაინც, როცა მესმის, როგორ აიგივებენ ლაზს თურქებთან გული მტკივა. ჩემი გმირული წარსულის გამო მეამაყება ჩემი ლაზობა!“ – ეს სიტყვები უმით ოსმაინაღოღლუს ეკუთვნის.

ლაზი მშენებელი, ბიზნესმენი და მწერალი  უმით (იმედა) ოსმანაღაოღლუ (ძველი გვარი სავარაუდოდ ბატონიშვილი) დაიბადა დაიბადა თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ხოფაში, ცნობილ ლაზურ თავადურ ოჯახში. მამა, ასიმ  ოსმაინაღაოღლუ ბეგების ჩამომავლი იყო, დედა – მელექ სონბაი ქემალფაშადან ანუ მაკრიალიდან იყო. სონბაები მაკრიალის ტერიტორიის უმეტეს ნაწილს ფლობდნენ და მათ მაკრიალის აღებს, ანუ ბატონებს უწოდებდნენ. ასიმ და მელექ ოსმაინაღაოღლუებს ექვსი შვილი ჰყავდათ: ოთხი ქალიშვილი და ნაბოლარა ტყუპი ბიჭები – უმითი და ჯემალი. ბავშვობა ხოფაში გაატარა, იქ სადაც მისი წინაპრები ცხოვრობდნენ. XX საუკუნის 70-იან წლებში იმისთვის, რომ შვილებისთვის კარგი განათლება მიეცათ ოსმანანაღაოღლუების ოჯახი სტამბოლში გადავიდა საცხოვრებლად.  ვინაიდან სტამბოლში ოჯახშიც კი ძირითადად თურქულად საურობდნენ, ლაზური ენა ბავშვებს ნელ–ნელა დაავიწყდათ. ლაზურის საფუძვლიანად შესწავლა უმითმა უკვე სრულწლვანობის ასაკში დაიწყო.

უმითი პროფესიით მშენებელ-რესტავრატორია, როგორც თავად ამბობს, პროფესია იმიტომ შეარჩია, მშობლიურ კუთხეში ძველებური სახლები საკუთარი სახსრებით რომ გადაერჩინა. მან მამის დანაბარები შეასრულა - ლაზეთში, კერაზე ცეცხლი არ ჩააქრო და მამაპაპეულ მიწაზე დაბრუნდა ხოფაში. სწორედ ხოფაში იწყება მისი ცხოვრების ახალი ეტაპი. ის უღრმავდება, ეცნობა, ინტერესდება ყველა იმ საკითხით, რაც ადრე მამა–პაპათაგან, თუნდაც ლამაზი ზღაპრის სახით ჰქონდა მოსმენილი.

1997 წელს უნით ოსმანაღაოღლუ საქართველოში პირველად ჩამოვიდა, გაეცნო ქართულ წეს–ჩვეულებებს, ხასიათს, კულტურას. დაიწყო საქართველოს შემოვლა, ეცნობოდა კუთხეებს, იცნობდა ადამიანებს და ამ საინტერესო გზაზე ბევრი მეგობარი შეიძინა. საქართველოში მოგზაურობისას გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, ლია ბახუტაშვილი (ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული). ამ ქორწინებით კიდევ უფრო დაუახლოვდა თავის ისტორიულ სამშობლოს. თურქეთში სახლი უმითმა ქართულ–ლაზურ საოჯახო მუზეუმად აქცია. ცდილობს შეაგროვოს ყველაფერი, რაც საქართველოსთან, ლაზიკასთან ასოცირდება.

2011 წელს საქართველოს პრეზიდენტს თხოვნით მიმართა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე. 2011 წლის 31 დეკემბერს ახალ წელს ილია II მიწვევით საპატრიარქოში შეხვდა. 2012 წლის 30 მაისს უმით ოსმაინაღაოღლუს გადაეცა ქართული ისტორიული დიასპორის წარმომადგენელთა (გურჯები, ფერეიდნელები, ლაზები, ინგილოები) კონკურსში გამარჯვებისათვის მე- 3 ადგილი თემისთვის – „მე ვარ ლაზი – მაშასადამე ქართველი" ეს დიპლომი სამების საკათედრო ტაძარში საკუთარი ხელით გადასცა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია II.  2013  წლის გაზაფხულზე საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭეს (ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილების საფუძველზე) ამჟამად ორივე ქვეყნის მოქალაქეა. უმით ოსმაინაღაოღლუმ  საკუთარი სახლი შეიძინა შუაგულ იმერეთში, ხონში.

2014 წელს თბილისში ქართულ ენაზე გამოიცა უმითის გახმარებული, მხატვრულ–დოკუმენტური წიგნი „ლაზი ვორე“, რომელშიც ისტორიული სიმართლით არის მოთხრობილი მშობლიური მხარის წარსულის და თანამედროვეობის უმნიშვნელოვანესი ეპიზოდები. უმით ოსმაინაღაოღლუს მონათხრობს განსაკუთრებულ ღირსებებს სძენს ის ფაქტი, რომ ავტორი დაუეჭვებლად, მდიდარ ფაქტოლოგიურ მასალებსა და მყარ არგუმენტებზე დაყრდნობით, უსვამს ხაზს იმ ეთნიკურ ერთობას რითაც ქართველები და ლაზები ერთმანეთთან არიან დაკავშიირებული.

2014 წლის 14 ოქტომბერს, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ უმით ოსმანაღაოღლუს ქართული კულტურისა და ლაზური ენის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისათვის, მიანიჭა მცხეთის საპატიო მოქალაქეობა.

წყარო:

1. ნიკოლეიშვილი, ავთანდილ. სიტყვაში გარდასახული ლაზური გულისთქმა (ფიქრები უმით ოსმანაღაოღლუს წიგნზე – „ლაზი ვორე“) //ქართულენოვანი ზეპირსიტყვირება და მწერლობა თურქეთში / ავთანდილ ნიკოლეიშვილი. ქუთაისი, 2015 . – გვ. 349-366.

2. ოსმანაღაოღლუ, უმით. ლაზი ვორე . – თბილისი, 2014. – გვ. 3-122.

3. http://aianews.ge/index.php?newsid=1822

4. http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=57031


გააზიარე: