The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


თეა ჯორჯაძე

თეა ჯორჯაძე
დაბადების თარიღი:1971  (53 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

მხატვარი, სკულპტორი და ვიდეოარტისტი თეა ჯორჯაძე 1971 წელს დაიბადა თბილისში. მამა – მუსიკოსი ირაკლი ჯორჯაძე. 1988-1993 წლებში თეა სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, რომელიც სამოქალაქო ომის გამო ვერ დაასრულა და 1993 წელს სწავლა განაგრძო გერიტ რიტველდის აკადემიაში (ამსტერდამი, ჰოლანდია). ერთი წლის შემდეგ მან დატოვა ნიდერლანდები და გახდა დიუსელდორფის ხელოვნების აკადემიის (გერმანია) სტუდენტი. 1996 წელს დროებით დაბრუნდა საქართველოში ბაკალავრიატის დასამთავრებლად, შემდეგ კი ისევ გერმანიას მიაშურა. 1997 წლამდე იგი იყო პროფესორ დიტერ კრეგის, 1998–2001 წლებში კი პროფესორ როზმარი ტროკელის მოსწავლე. მუშაობდა ისეთ სამსახურებში, რომელიც ხელოვნებას არ უკავშირდებოდა და ამგვარად აფინანსებდა საკუთარ სწავლას.

1999–2003 წლებში თეა ჯორჯაძე იყო დიუსელდორფის ხელოვანთა ჯგუფის,  hobbypop MUSEUM-ის წევრი. იგი რამდენჯერმე გახდა სხვადასხვა ფონდებისა და პროგრამების სტიპენდიანტი: ალფრედ კრუპ ფონ ბოლენისა და ჰალბახის ფონდი (2008, გერმანია, Alfried Krupp von Bohlen und HalbachStiftung); ვოლტერის სტუდიის ხელოვანთა რეზიდენცია (2007, დიდი ბრიტანეთი, Studio Voltaire Artist Residency); პოლ კლეეს ცენტრის საზაფხულო აკადემია (2006, შვეიცარია, Sommerakademie, Zentrum Paul Klee) და ა.შ. მიღებული აქვს ბრემენის ბიოთხერშტრასეს ხელოვნების პრიზი (2009, გერმანია, Kunstpreis der Böttcherstraße Bremen).

ქართველი ხელოვანი ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს ბერლინში (გერმანია). იგი მუშაობს, რო­გორც ქან­და­კე­ბა­ზე და ინ­ს­ტა­ლა­ცი­ებ­ზე, ასე­ვე მი­მარ­თავს ფერ­წე­რას, ფოტოგრაფიას, ვი­დე­ო­გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას, აკე­თებს პერ­ფორ­მან­სებს. მრავალნაწილიანი სკულპტურული ანსამბლებისთვის მხატვარი იყენებს, როგორც სამშენებლო, ისე ყოველდღიურ მასალებს, როგორიცაა კერამიკა, მუყაო, ტექსტილი ან თაბაშირი და, ასევე,  ნაპოვნ ნივთებს. ის მიმართავს მყიფე და მყარი მასალების კომბინირებას, ხის ან ფოლადის კონსტრუქციებს, რომლებიც ავეჯის, მოაჯირების, მაგიდების ან წიგნის კარადების რემინისცენციებს ქმნის.

თეა ჯორ­ჯა­ძე უამ­რა­ვი სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნის მო­ნა­წი­ლეა. მან გახსნა სოლო-გამოფენები მალმოს კუნსტჰალეში, კიოლნის კუნსტფერაინში, ბაზელის კუნსტჰალეში და ასპენის ხელოვნების მუზეუმში. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი მონაწილეობა გამოფენა–დოკუმენტა­ში, რომელიც ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება გერმანიის ქალაქ კასელში და 100 დღე გრძელდება. ხე­ლო­ვან­თა წრე­ებ­ში ამბობენ, თუ­კი თა­ნე­მედ­რო­ვე სამ­ყა­როს ნახ­ვა გსურთ, ამ გა­მო­ფე­ნას უნდა ეწვიოთო. თანამედროვე ხელოვნების მე-13 გამოფენა–დო­კუ­მენ­ტა 2012 წლის ივნის–სექტემბერში გაიმართა. მასში პირ­ვე­ლად მო­ნა­წი­ლე­ობდა ქარ­თ­ვე­ლი ხე­ლო­ვა­ნი."As sagas sa" – ასე უწოდა თეა ჯორჯაძემ მის მიერ ნაპოვნი მასალებისგან დამზადებულ მას­შ­ტა­ბუ­რ ინსტალაციას.

2008 წელს თბილისში დაარსდა მხატვართა ჯგუფი „ბულიონი“, რომელშიც გაერთიანდნენ: ნიკოლოზ ლუტიძე, გიო სუმბაძე, თეა ჯორჯაძე და გელა პატაშური, ეი არაკავასა და სერგეი ჩერეპნინთან ერთად. ჯგუფის პერფორმანსები, აქციები და არტისტული ინტერვენციები ძირითადად ხორციელდებოდა საზოგადოებრივ ადგილებში. ისინი ასევე აწყობდენ გამოფენების სერიას კერძო ბინებში, ეხმიანებოდნენ რა ამით ბინების როლს საბჭოთა კავშირში – ეს იყო სივრცეები, სადაც იმართებოდა იმგვარი საზოგადოებრივი დებატები ან გამოფენები, რომლებიც ოფიციალურად არ იყო მხარდაჭერილ–გაკონტროლებული. ჯგუფი მონაწილეობდა ორ სახელოვნებო პროექტში  – 1: ბეთლემი-მიკრო-რაიონი (2009) და მე–2: გაყინული მომენტები. არქიტექტურა გვპასუხობს (2010).

თეა ჯორჯაძეს ჯგუფ „ბულიონის“ წევრებთან ერთად ჰქონდა გამოფენები –  სომხეთში (AICA, 2010); პოლონეთში (MOCAK კრაკოვში და არსენალი ბიალისტოკში, 2011); გერმანიაში (GfZK ლაიპციგში, 2010) და სხვ. 2013 წელს მათი ნამუშევრები გამოიფინა საქართველოს პავილიონის სივრცეში ვენეციის ბიენალეზე, 55-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე. მხატვარ გიო სუმბაძის მიერ შექმნილი პავილიონი წარმოდგენილი იყო არსენალეს ძველი შენობის პარაზიტული მიშენება-განვრცობის სახით, რომელსაც „კამიკაძე ლოჯია“ უწოდეს, 1990-იან წლებში საქართველოში გავრცელებული კორპუსებზე ლოჯიების მიშენების ასოციაციით.

ხელოვნების კრიტიკოსთა შეფასებით თეა ჯორჯაძის შემოქმედებაზე ერთ-ერთ მთავარ, თუმცა არა აშკარა, გავლენას ახდენს ქართული არაფორმალური არქიტექტურა და მისი კავშირი ლანდშაფტთან. იგი მუშაობს ინტუიტურად, ემოციების „გზამკვლევით“, მუშაობს სივრცეზე და სივრცეში, რომელიც „შევსებულია“ ბავშვობის დროინდელი მოგონებებით: აივნები, იატაკი, ფანჯრები, შუქ–ჩრდილები, წარსულის არქიტექტურული პეიზაჟები და ინდუსტრიული დიზაინი.

2016 წლის 3 აპრილიდან 26 აგვისტომდე თეა ჯორჯაძის გამოფენას მასპინძლობდა ნიუ იორკის „თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში“. MoMA PS1(1971), არა მარტო ნიუ იორკის, არამედ აშშ–ის ტერიტორიაზე არსებული თანამედროვე ხელოვნების ერთ–ერთი ყველაზე დიდი არტსივრცეა და თეა პირველი ქართველი ხელოვანია, ვისი ნამუშევარიც აქ გამოიფინა. 

თეა ჯორჯაძეს არ უყვარს თავის ნამუშევრებზე საუბარი. სახელწოდებების თარგმანსაც ზედმეტად თვლის, რადგან მისთვის ვერბალური წინადადებაც უკვე სკულპტურა, ანუ სივრცეში დროის რეორგანიზაციაა. როგორც იგი ამბობს, „მის ნამუშევრებში კონცეფცია არაა, არამედ იდეაა, რომელიც დაუსრულებელია. სკულპტურის სახელწოდება სკულპტურის ნაწილია და არა მისი ახსნა. მთავარია აჩვენო სივრცე და ის, რაც ამ სივრცეშია”.

წყარო:

1. https://rebraindrain.wordpress.com/თეა-ჯორჯაძე-ბიოგრაფია/ 

2. https://en.wikipedia.org/wiki/Tea_Jorjadze

3. 24saati.ge/news/story/31307-me-13-dokumenta-qaluri-shtrikhebit

4. blogs.netgazeti.ge/2016/07/05/ნიუ-იორკი-moma-ps1-თეა-ჯორჯაძის-/

 


გააზიარე: