The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


დიმიტრი ქიმერიძე

დიმიტრი ქიმერიძე
სხვა სახელი:დ. გარეთელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1909
გარდაცვ. თარიღი:31 დეკემბერი, 1981  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოშო–მონბელიარის სასაფლაო, საფრანგეთი
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დიმიტრი ქიმერიძე 1909 წელს დაიბადა ხაშურში, დაამთავრა საშუალო ტექნიკური სასწავლებელი და დაცოლშვილდა. 1942 წელს სამი შვილის მამა მოხალისედ წავიდა II მსოფლიო ომში ფაშიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. დაუდგენელ ვითარებაში ჩავარდა ტყვედ. ომის დამთავრების შემდეგ, როცა გაირკვა, როგორ უსწორდებოდა სტალინი უკან დაბრუნებულ ტყვეებს ქიმერიძე დროებით ევროპაში დარჩა. მაშინ ბევრს ეგონა, რომ საბჭოთა კავშირი, როგორც ხელოვნურად შექმნილი ქვეყანა, მალე დაიშლებოდა. დიმიტრი ქიმერიძესაც იმის იმედი ჰქონდა, რომ ევროპიდან შეიტანდა წვლილს სამშობლოს განთავისუფლების საქმეში.

ომის დამთავრების შემდეგ დიმიტრი ქიმერიძე ორი წელი ავსტრიაში ცხოვრობდა და  სწავლობდა საინჟინრო ფაკულტეტზე. შემდეგ  საფრანგეთში გადავიდა, რადგან ქართული პოლიტიკური ემიგრაციის დიდი ნაწილი სწორედ საფრანგეთში ქალაქ სოშოში ცხოვრობდა. ბუნებრივია, სამშობლოდან შორს ცხოვრება თანამემამულეებთან ერთად უფრო ასატანი იყო.  საფრანგეთში 25 წელი იმუშავა პეჟოს ცნობილ საავტომობილო ქარხანაში. პენსიაზე გასვლის შემდეგ კი ცხოვრობდა ქარხნის პენსიონერთა სახლში.

მონატრებული ქვეყანა, მონატრებული დედაენა და ტრადიციები დიმიტრი ქიმერიძისათვის წერის თავისებურ ბიძგად იქცა. ის წერდა ბევრს - თავიდან წერილებს. სწერდა ყველას: ოჯახს, ნათესავებს, ახლობლებს. ჰქონდა თავისი ტაქტიკა, რისკენაც სხვებსაც მოუწოდებდა: არაფერი კონკრეტული, არაფერი მნიშვნელოვანი, არაფერი საკამათო, არაფერი საინტერესო წერილებში არ უნდა ყოფილიყო. ამიტომაც, სრულიად გასაოცრად და ამოუხსნელად, კომუნისტური რეჟიმის არსებობის პირობებში მისი წერილები ადრესატამდე მიდიოდა...

თუმცა მხოლოდ მიმოწერა დიმიტრი ქიმერიძისათვის არ იყო შვების მომგვრელი. ფიქრები წარსულზე, აწყმოსა და მომავალზე, იმედები და იმედგაცრუება ემიგრანტის სულში ლექსებად ისახებოდა. მისი ლექსების უმრავლესობა პატრიოტული თემატიკისაა, ეს არის ემიგრანტის სევდა,  მონატრება, რომელიც ხან განზოგადდება და საყვარელ მხარეს კავკასიას უმღერის, ხან კონკრეტდება და კვლავაც ქართულ გარემოს იგონებს.

დიმიტრი ქიმერიძეს ლექსების სამი კრებული აქვს გამოცემული. თანამშრომლობდა ემიგრანტულ პერიოდულ გამოცემებთან: „კავკასიონი“, „ბედი ქართლისა“, „ივერია“.  ქართულ ენაზე გამომავალ ჟურნალ-გაზეთებში წერდა ფსევდონიმით დ. გარეთელი. მისი პირველი კრებულის „ნაპერწკალი გულიდან“ წინასიტყვაობაში პეტრე სარჯველაძე წერდა: „ჩვენი პოეტი არ ჩემულობს ნოვატორობას, არც იტაცებს პოეზია პოეზიისათვის, არამედ პოეზია სამშობლოს სამსახურში, მისი ლექსთწყობის განლაგება ენათესავება კლასიკურ პოეზიას, იგი სადაა და ხალხური, მშობლიური წმინდა გრძნობისა და მისი სიყვარულის ასმაღლებლად და სადიდებლად“.

დიმიტრი ქიმერიძეს როგორც პირადი ისე შემოქმედებითი კონტაქტები ჰქონდა გამოჩენილ ადამიანებთან, რაც კარგად ჩანს მის არქივში დაცული წერილებიდან  ვიქტორ ნოზაძესთან, კალისტრატე სალიასთან, რევაზ გაბაშვილთან, კარლო ინასარიძესთან, გრიგოლ ურატაძესთან, გივი კობახიძესთან. ერთ–ერთი წერილიდან ირკვევა, რომ გრიგოლ რობაქიძეს წაუკითხავს მისი ლექსები, მოსწონებია და მისი გაცნობაც სდომებია, გაიცნეს თუ არა ერთმანეთი ეს უკვე აღარ ჩანს.

დიმიტრი ქიმერიძე გარდაიცვალა 1987 წლის 31 დკემბერს სოშოში. დასაფლავებულია სოშო–მონბელიარის ქართველთა „ძმათა სასაფლაოზე“.

წყარო:

1. ქიმერიძე, ირმა. ბაბუის ნაკვალევზე //ჩვენი მწერლობა . – 2008 . – N 7 .– გვ. 44-46.

2. ინასარიძე, კარლო "იმედისა და რწმენის" პოეტი / კარლო ინასარიძე // მებრძოლი საქართველო / ქართული ეროვნული საბჭოს ორგანო. - პარიზი, 1987. - მაისი. - N3(21). - გვ.54.

3. პოპიაშვილი ნინო. ლიტერატურა, როგორც კომუნიკაციის შესაძლებლობა: უცნობი ავტორის უცნობი ტექსტები – დიმიტრი ქიმერიძის ემიგრანტული შემოქმედება // VIII საერთაშორისო სიმპოზიუმი ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები ნაციონალური ლიტერატურები და კულტურული გლობალიზაციის პროცესი / ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თბილისი, 2014 .– გვ. 226-228.


გააზიარე: