The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ლევან ხეთაგური

ლევან ხეთაგური
დაბადების თარიღი:26 ივნისი, 1964  (59 წლის)
კატეგორია:ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თეატრის, კულტურის პოლიტიკის, კულტურის კვლევების და უმაღლესი სახელოვნებო განათლების საერთაშორისო ექსპერტი, ევროპის კულტურის პარლამენტის წევრი ლევან ხეთაგური დაიბადა 1964 წლის 26 ივნისს, თბილისში. 1986 წელს წარჩინებით დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი და ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი (ტურიზმის მართვა). 1990 წელს სწავლა განაგრძო მოსკოვის თეატრალური ხელოვნების უნივერსიტეტში (GITIS) საზღვარგარეთის თეატრის კათედრაზე, სადაც მიენიჭა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის ხარისხი. 1996 წელს ამსტერდამის საზაფხულო უნივერსიტეტში გაიარა კურსი – საერთაშორისო ურთიერთობები კულტურაში; 1997 წელს კი ამსტერდამ-მაასტრიხტის უნივერსიტეტში – ევროპული "პერფორმინგ არტს მენეჯმენტი". 1999 წელს სწავლობდა ENCATC-ის მენეჯერების აკადემიაში, ხოლო 2007 წელს ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში, კულტურის პოლიტიკის მიმართულებით.

ლევან ხეთაგური არის "კავკასიის" და კავკასიის კულტურული პროგრამების საერთაშორისო ბიუროს ერთ-ერთი დამაარსებელი (1977); 1990 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის  თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამეცნიერო სექტორის წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი, პედაგოგი. 1992-2004 წწ. თეატრალური ინსტიტუტის საერთაშორისო განყოფილების ხელმძღვანელი; 1993-1996 წწ. საპროდიუსერო ცენტრისა და ტელე სტუდია ARTEX -ის გენერალური პროდიუსერი; 1995-2004 წწ. თეატრალური ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი; 1998 წლიდან "ვესტ იორკშირის ფელიჰაუზის" (დიდი ბრიტანეთი) მენეჯერი; 1996 წლიდან "გულივერ ქლირინგ ჰაუზის" წარმომადგენელი კავკასიის რეგიონში და ევროპის თეატრალური კვლევის ინსტიტუტის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი; 1997 წლიდან თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ბიუროს გენერალური მდივანი და ნიდერლანდების სამეფოს კულტურის საერთაშორისო ფონდის "კავკასიის" პრეზიდენტი. 1996-1998 წლებში საქართველოს კულტურის სამინისტროს საერთაშორისო კულტურული პროგრამების დირექციის უფროსი; 1998 წლიდან ლიიდსის სახელმწიფო თეატრის (დიდი ბრიტანეთი) მენეჯერი.

წლების მანძილზე ლევან ხეთაგური არის მრავალი სხვადასხვა კულტურული პროგრამის, ფესტივალისა თუ სემინარის კორდინატორი და მოდერატორი, მათ შორის: 1996 წელს იყო ორგანიზატორი უნგრეთის კულტურული დღეებისა, თბილისში. 1993-1996 წლებში გახლდათ სხვადასხვა ტელე გადაცემების („დახურულ კარს მიღმა“, „სარტრი“; „თეატრალური ანტრეპრიზა“ და ა.შ.) ავტორი და პროდიუსერი და, ასევე, საკვირაო ხელოვნების სკოლის (თბილისი, საქართველო) დირექტორი. 1998-2000 წწ. –  ამსტერდამ-მაასტრიხტის უნივერსიტეტის კურსების, 2009-2015 წლებში კი მაგისტრანტთა და დოქტორანტთა საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორი თბილისში; 1996-2003 წწ.– საქართველოს კულტურის დღეების  ორგანიზატორი აზერბაიჯანში, დიდ ბრიტანეთში, ლიტვაში და ა.შ. 1996 წ. ყოველწლიური საერთაშორისო ,,თეატრ-ვიდეოს“ პროდიუსერი; 1997 წ. გახლდათ ავსტრიელ მხატვართა და მრავალი სხვა ვიზუალური პროექტების ავტორი საქართველოში; 1998 წ. ორგანიზატორობასა და პროდიუსერობას უწევდა რობერტ სტურუას, ტონინო გუერას, ბრიტანელი დრამატურგების და ა. შ. მასტერკლასებს; 2000 წ. დააფუძნა კულტურის ვიდეო ცენტრი საქართველოში და პროდიუსერობას უწევს, უნგრული, ესპანური, ნიდერლანდური და უკრაინული თეატრის ტურებს საქართველოში; 2001 წ. ჩაატარა ვორქშოფები ქართული თეატრის შესახებ დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტში (ჰარი და როუზ ბრუფილდი); 2003-2007 წწ. გახლდათ კულტურის სააერთაშორისო ბაზრობა ICF-ის, „სუფრა“ - თამამედროვე ცეკვის პროექტის (ნიდერლანდები, გერმანია, საფრანგეთი, საქართველო) თანაპროდიუსერი. 2007 წელს იყო უმაღლესი სახელოვნებო განათლებისა და ბოლონიის საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორი და ა. შ. 2003 წლიდან დღემდე არის კულტურის საერთაშორისო ბაზრობა ICF-ის, გენერალური დირექტორი; 2010-2012 წწ. – ილიაუნის აკადემიური საბჭოს წევრი; 2004-2010 წწ. – შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, აკადემიური საბჭოს წევრი; 1998-2004 წწ. –  ენისა და კულტურის უნივერსიტეტი, სამეცნიერო საბჭოს წევრი.

ლევან ხეთაგური, როგორც თეატრმცოდნე 1986 წლიდან ატარებს ლექციებს თანამედროვე ქართულ თეატრსა და ზოგადად თეატრალურ საკითხებზე. მონაწილეობდა საერთაშორისო ფესტივალებში, კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში: აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, გერმანიაში, სლოვაკეთში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებში, რუსეთში, ლიტვაში, ჩინეთსა და პოლონეთში; როგორც პედაგოგსა და პროფესორს მიჰყავდა სხვადასხვა კურსები თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, ასევე, ენისა და კულტურის უნივერსიტეტში –  მსოფლიო თეატრის ისტორია, დრამის თეორია, კრიტიკის თეორია, XX სს-ის თეატრი, ევროპის ცივილიზაციის ისტორია, საშემსრულებლო ხელოვნების მენეჯმენტი და ა.შ.

1997 წლიდან, როგორც მიწვეული ექსპერტი და მრჩეველი კულტურის მენეჯმენტში, მუშაობდა ბაქოში, ერევანში, სოფიაში, გიოტებერგში, ულანბატორში, სანკტ–პეტერბურგში, ბიშკეკში (მენეჯმენტი, სპონსორობა, ქსელური მუშაობა, საერთაშორისო თანამშრომლობა ხელოვნებაში, კულტურის პოლიტიკა და ა.შ.); როგორც მიწვეული პროფესორი მუშაობდა სამაგისტრო პროგრამებში –  ნუტრეხტის ხელოვნების სკოლაში (ნიდერლანდები); სტამბულის ბილგის უნივერსიტეტში (თურქეთი); გიორგლიტცის აკადემიაში (გერმანია); კიშინოვის თეატრისა და მუსიკის აკადემიაში (მოლდავეთი); კრაკოვის იაგელონის უნივერსიტეტში (პოლონეთი); ვილნიუსის აკადემიაში (ლიტვა); პეკინის ცენტრალურ აკადემიაში; შანხაის ცენტრალურ აკადემიაში; ჰონკონგის ჩინურ უნივერსიტეტში და სხვა.

ლევან ხეთაგურის კვლევითი ინტერესების სფეროში შედის: სათეატრო ხელოვნების თეორია (ისტორია და თეორიული საკითხები) და პრაქტიკა (შემოქმედებითი პედაგოგიკა, რეჟისურა, დრამატურგია, სცენოგრაფია); კვლევების დროს მოიაზრება სხვადასხვა პროექტების მომზადება და განხორციელება, რაც კვლევებს სძენს პრაქტიკულ მნიშვნელობას, ხოლო მკვლევარს გამოცდილებას მრავალი მიმართულებით.

ლევან ხეთაგურის მიერ გამოქვეყნებულ მრავალრიცხოვან სამეცნიერო ნაშრომთა შორისაა: XX საუკუნის ფრანგი დრამატურგები და თეატრის თეორეტიკოსები : [ცნობარი / შეადგინა ლევან ხეთაგურმა]. - თბ., 1998; ჰუგო ფონ ჰოფმანსთალი და ავსტრიული თეატრი / [შემდგ.: ლევან ხეთაგური]. - თბ., 2000; ლეშეკ მონჯიკის თანამედროვე თეატრალური მისტერიები / [გამოც. მოამზადა, თარგმნა... ლევან ხეთაგურმა]. - თბ., 2006; ხეთაგური, ლევან. მსოფლიო თეატრის ისტორია : უძველესი და შუასაუკუნეების თეატრის ისტორია. –თბ., 2009; ხეთაგური, ლევან. საშემსრულებლო ხელოვნების მენეჯმენტი : მარკეტინგი, პროექტის მართვა / [ავტ. და შემდგ.: ლევან ხეთაგური, იური მღებრიშვილი]. - [თბ.], 2010; ევროკავშირის დაფინანსება კულტურაში / [ავტ. და შემდგ.: ლევან ხეთაგური, იური მღებრიშვილი]. - თბ., 2010 და სხვა.

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/ლევან_ხეთაგური 

2. ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999.  - თბ., 1999. – გვ. 412. 




გააზიარე: