The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ვახტანგ ნადირაძე–ვრონსკი

ვახტანგ ნადირაძე–ვრონსკი
დაბადების თარიღი:28 აგვისტო, 1905
გარდაცვ. თარიღი:27 თებერვალი, 1988  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:მოცეკვავე, ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

უკრაინაში მოღვაწე მოცეკვავე და ბალეტმაისტერი ვახტანგ ივანეს ძე ნადირაძე (ფსევდონიმი: ვრონსკი) დაიბადა თბილისში, 1905 წლის 28 აგვისტოს. 1919–1923 წწ. სწავლობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებული მ. ი. პერინის საბალეტო სკოლაში; 1923-1925 წწ. იყო როსტოვის მუსიკალური კომედიის თეატრის მსახიობი; ამავე პერიოდში მოღვაწეობდა, აგრეთვე, ტაშკენტში; 1926-1932 და 1937-1940 წწ. ცეკვავდა ბაქოს ოპერისა და ბალეტის თეატრში; მის რეპერტუარში შედიოდა: პრინცი (ჩაიკოვსკი, „გედების ტბა“), ვაცლავი (ასაფიევი, „ბახჩისარაის შადრევანი“), ივანუშკა (პუნი, „კუზიანი კვიცი“), ფრანცი (დელიბი, „კოპელია“); ლი შან–ფუ (გლიერი, „წითელი ყაყაჩო“) და სხვა.

1932 წელს ბაქოს ოპერისა და ბალეტის თეატრში შედგა ვახტანგ ნადირაძის, როგორც ბალეტმაისტერის დებიუტი –დადგა ცეკვები ოპერებისთვის „კარმენი“ და „სამსონი და დალილა“; ქორეოგრაფის პირველი დამოუკიდებელი დადგმა იყო ადანის ბალეტი „კორსარი“.

1933-1937 წწ. იგი იყო სარატოვის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი და ბალეტმაისტერი; ამ თეატრში იმუშავა ალექსანდრე წუწუნავასთან ერთად ზაქარია ფალიაშვილის ოპერა "დაისზე"; პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თეატრალურ სასწავლებელში.

1937 წელს ვახტანგ ნადირაძე კვლავ მიიწვიეს ბაქოს თეატრში საბალეტო დადგმების მოსამზადებლად აზერბაიჯანის ხელოვნების დეკადისთვის (მოსკოვი, 1938); დეკადის გახსნაზე მან წარმოადგინა რ. გლიერის „შახსენემი“. ქორეოგრაფიული ნაწილის დადგმების წარმატებით განხორციელებისთვის ბალეტმაისტერი დაჯილდოვდა „საპატიო ნიშნის“ ორდენით.

1940-1954 წწ. იგი მუშაობდა ოდესის თეატრში, ხოლო, 1941–1944 წლებში –  დნეპროპეტროვსკისა და ოდესის გაერთიანებულ ოპერისა და ბალეტის თეატრში (კრასნოიარსკში ევაკუაციის პერიოდში). მის მიერ განხორციელებულ საბალეტო სპექტაკლებს შორისაა: ბადალბეილის „ქალწულის კოშკი“; რუსინოვის „ოლესია“; პუნის „ესმერალდა“; ჩაიკოვსკის „გედების ტბა“ და „მაკნატუნა“; გლაზუნოვის „რაიმონდა“; მინკუსის „დონ კიხოტი“; ასაფიევის „გაზაფხულის ზღაპარი“ და „ბახჩისარაის შადრევანი“; ხაჩატურიანის „სპარტაკი“ და სხვა.

ვახტანგ ნადირაძე 1954 წლიდან მუდმივად ცხოვრობდა კიევში. 1954-1969 წწ. იგი კიევის შევჩენკოს სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი ბალეტმაისტერი იყო; ამ სცენაზე მისი დებიუტი შედგა პროკოფიევის ბალეტით „რომეო და ჯულიეტა“. აქვე დაიდგა ფ. იარულინის „შურალე“, გ. ჟუკოვსკის ბალეტი–ზღაპარი „როსტისლავა“, კ. დანკევიჩის „ლილეა“ და სხვა.

ქორეოგრაფის მოღვაწეობის სფერო მხოლოდ კლასიკური ბალეტით არ შემოიფარგლებოდა. ის ახალგაზრდობიდან გატაცებული იყო ხალხური ცეკვების შეგროვებით. ამ მიზნით სწავლობდა უკრაინულ საცეკვაო ფოლკლორს, აწყობდა ექსპედიციებს ოდესის, ვინიცის, პოლტავის ოლქების, უკრაინის კარპატების შორეულ რაიონებში. 1951–1954 წწ. მას ძირითადი სამუშაოს პარალელურად უკრაინის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაც ეკავა, ხოლო, 1958 წლიდან ხელმძღვანელობდა უკრაინის სახელწიფო ხალხური გუნდის ქოეოგრაფიულ დასს. მან განაახლა ანსამბლის საცეკვაო რეპერტუარი ბრიუსელის მსოფლიო გამოფენისთვის და დადგა ახალი ცეკვები.

ვახტანგ ნადირაძე აქტიურად მუშაობდა ქორეოგრაფიული ხელოვნების სხვადასხვა ჟანრის განვითარებაზე. 1961-1973 წწ. იგი გახლდათ უკრაინული სახელმწიფო ანსამბლის – „ბალეტი ყინულზე“–  სამხატვრო ხელმძღვანელი. ამ პერიოდში შექმნა სამი ორიგინალური საცეკვაო პროგრამა უკრაინულ საცეკვაო ფოლკლორზე დაყრდნობით: 1961 – „საოცრებათა ქვეყანაში“; 1964 – „გაზაფხულის ზღაპარი“; 1967 – „სიჭაბუკის ზეიმი“; ანსამბლმა გასტროლებით მოიარა საბჭოთა კავშირის ქალაქები და უცხოეთის ქვეყნები: პოლონეთი, მექსიკა, ფინეთი და სხვა.

1978-1979 წწ. ქორეოგრაფი იყო მოსკოვის თეატრის –   "ბალეტი ყინულზე" სამხატვრო ხელმძღვანელი და  ბალეტმაისტერი; 1980-1986 წწ. – კიევის კლასიკური საბალეტო თეატრის ხელმძღვანელი; მოღვაწეობდა კინოშიც. იგი რეჟისორი და სცენარის ავტორია კინოფილმ-ბალეტისა „ლილეა“ (1958, ვ. ლაპოკნიშთან ერთად) და ფილმ-სპექტაკლისა „სიმღერები დნეპრზე“ (1956, ა. მიშურინთან ერთად).

ვახტანგ ნადირაძე იყო: აზერბაიჯანის დამსახურებული არტისტი (1940); უკრაინის დამსახურებული არტისტი (1946); უკრაინის სახალხო არტისტი (1948); საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1962).

ვახტანგ ნადირაძის მეუღლეც ბალეტის მსახიობი იყო – უკრაინის სახალხო არტისტი ვალერია მელაშუნას–ფერო (1925–1996).

ღვაწლმოსილი ქორეოგრაფი გარდაიცვალა 1988 წლის 27 თებერვალს, კიევში. დაკრძალულია იქვე, ბაიკოვოს სასაფლაოზე.

წყარო:

1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 181

2. https://ru.wikipedia.org/.../Вронский,_Вахтанг_Иванов...

3. დოლოხოვა, . ვახტანგ ნადირაძე-ვრონსკი // საბჭოთა ხელოვნება. - , 1965. - N6. - გვ.56-60


გააზიარე: