The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მანანა თანდაშვილი

მანანა თანდაშვილი
დაბადების თარიღი:22 მაისი, 1960  (63 წლის)
კატეგორია:ფილოლოგი

ბიოგრაფია

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ენათმეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, კავკასიოლოგი მანანა თანდაშვილი დაიბადა 1960 წლის 22 მაისს, თბილისში. დაამთავრა თბილისის 156-ე საშუალო სკოლა. 1978-1983 წლებში სწავლობდა ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიური ენების განყოფილებაზე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1989 წელს ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში ქართველური ენების სპეციალობით.

მანანა თანდაშვილის სამეცნიერო მოღვაწეობა ძირითადად უკავშირდება ენის მოდელირების, ენათა ელექტრონული დოკუმენტაციისა და კორპუსის ლინგვისტიკის საკითხებს. ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, 1992-1997 წლებში  ქართული ენის მოდელირების საკითხებზე მუშაობდა პროფესორ თედო უთურგაიძის სამეცნიერო ჯგუფში. 1993 წელს დაამთავრა დოქტორანტურა და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „კახურის მორფონოლოგიური ანალიზი“. ამავე წელს მუშაობა დაიწყო ა. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად, 1995 წელს კი დაინიშნა კომპიუტერული ლინგვისტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელად.

ქალბატონი მანანა საქართველოში კორპუსის ლინგვისტიკის განვითარებისა და ქართული ენის ეროვნული კორპუსის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორია. 1995-1998 წლებში ენათმეცნიერების ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა ენის კომპიუტერიზაციის საკითხებისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციებს და ირაკლი ძოწენიძესთან ერთად გამოსცემდა ჟურნალს – "ენის კონცეპტუალური და კომპიუტერული მოდელები", ხოლო, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად აქტიურად თანამშრომლობდა პროფესორ იოსტ გიპერტთან ქართული შრიფტების –ასომთავრულისა და ნუსხა–ხუცურის უნიკოდში (UNICODE) ინტეგრაციის საკითხებზე.

1999 წელს მანანა თანდაშვილმა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „კომპიუტერული მოდელირების ძირითადი პრინციპები (ქართული და უდიური ენების მაგალითზე)“. დისერტაციის დაცვა მისთვის ძალიან რთულ პერიოდს დაემთხვა. ერთი თვით ადრე გარდაეცვალა მეუღლე, რომელიც სამხედრო ოფიცერი იყო. მანანა მარტო დარჩა დედასთან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად. „90–იანი წლები იყო, ქვეყანა თავზე გვენგრეოდა, არაფერი არ ფუნქციონირებდა საქართველოში. ცხოვრება აუტანელი გახდა და რამე რომ არ მეკეთებინა, გავგიჟდებოდი. კავკასიურ ენათა ელექტრონული ბანკის კონცეფციაზე დავიწყე ფიქრი, ელექტრონულ მონაცემთა ბაზები მაინტერესებდა, კვლევის ახალ, ტექნიკურად უფრო დახვეწილ მეთოდებს ვეძებდი. გერმანელ კავკასიოლოგს, პროფ. იოსტ გიპერტს გადავუგზავნე ჩემი პროექტი და, ჩემდა გასაკვირად, გამომეხმაურა. პირველი კვლევითი სტიპენდია 1998 წელს მივიღე“, – იგონებს ქალბატონი მანანა.

1999 წელს ახალგაზრდა მეცნიერი ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის სტიპენდიატი გახდა ენათმეცნიერების დარგში. საზღვარგარეთ გამგზავრებამდე ორ თვეში დაჩქარებული წესით შეისწავლა გერმანული  და შვილებთან ერთად გერმანიას მიაშურა. ერთი წელი მიუნხენში მუშაობდა კავკასიოლოგ ვოლფგანგ შულცესთან უდიური სახარების ელექტრონული ვერსიის შექმნასა და ტექსტის გრამატიკის საკითხებზე, შემდეგ ფრანფკურტში გააგრძელა კვლევა პროფესორ გიპერტთან. პარალელურად ლექციებს კითხულობდა კავკასიურ ენებში: 1999–2001 წლებში ასწავლიდა მიუნხენის მაქსიმილიანეს სახელობის უნივერსიტეტში; 2002 წლიდან ხელმძღვანელობდა კავკასიოლოგიას ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში; ამავე წლიდან გახდა ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის მუდმივი შტატის პროფესორი და გააგრძელა თბილისის ენათმეცნიერების ინსტიტუტში დაწყებული საქმიანობა ქართული ენის დიგიტალიზაციის მიმართულებით. მისი და იოსტ გიპერტის  თანაავტორობით შეიქმნა ქართული ენის ეროვნული კორპუსის ტექნოლოგიური ჩარჩოს კონცეფცია, რომელსაც 2012 წლიდან ფოლკსვაგენის ფონდი (Volkswagen Stiftung) აფინანსებს.

2007-2008 წლებში მანანა თანდაშვილი მიწვეული იყო იენის შილერის სახელობის უნივერსიტეტში კავკასიოლოგიის კათედრის ხელმძღვანელად. ფაკულტატიური სემინარის „კავკასიოლოგიის სპეციალური პრობლემების“ ბაზაზე ქართველმა მეცნიერმა 2010 წელს დააარსა ფრანკფურტის ლინგვისტური წრე, რითაც სტუდენტებსა და დოქტორანტებს საშუალება მისცა ვიწრო აკადემიურ წრეში წინასწარ გამოიტანონ სადისკუსიოდ რეფერატები, საკურსო, სადიპლომო და სადისერტაციო ნაშრომები. მან, ზაქარია ფურცხვანიძესთან ერთად, ქართველური და კავკასიური ენებისათვის შეიმუშავა სწავლების თანამედროვე დიდაქტიკური სცენარი "24 საათიანი სასწავლო სივრცე" და შექმნა ქართული ენის სწავლების ინოვაციური პლატფორმა ფრანკფურტის უნივერსიტეტში, ხოლო, იოსტ გიპერტთან, პაულ მოირერთან (ნორვეგია) და მარინე ბერიძესთან ერთად იგი აქტიურად მუშაობს "ქართული ენის ეროვნული კორპუსის" პროტოტიპული ვერსიის შექმნაზე. სწავლებისას იყენებს ელექტრონული ლექციების (eLecture) ფორმატს და სალექციო კურსებს კავკასიოლოგიაში ატარებს ელექტრონული სწავლების მართვის სისტემის OLAT-ის ბაზაზე.

გერმანიაში მოღვაწეობის პარალელურად მანანა თანდაშვილი აგრძელებს პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოში. განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს მას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ბათუმისა და ფრანკფურტის უნივერსიტეტებს შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ქალბატონმა მანანამ დააარსა ბათუმის საზაფხულო სკოლა დიგიტალურ ჰუმანიტარიაში.

მეცნიერის საზოგადოებრივი მოღვაწეობა რამდენიმე სფეროს მოიცავს. ქართული კულტურის გერმანიაში პოპულარიზაციის მიზნით 2005 წელს დააარსა ფრანკფურტის ქართველთა სათვისტომო "ქართული კულტურის ფორუმი". 2008 წელს ფრანკფურტისა და თბილისის მერიებთან თანამშრომლობით ფრანკფურტში ჩაატარა მასშტაბური კულტურული ღონისძიება "ქართული კულტურის დღეები ფრანკფურტში - 2008". 2006 წელს ფრანკფურტის ქართული კულტურის ფორუმის ფარგლებში ქართველი ბავშვებისათვის დააარსა საკვირაო სკოლა და 2013 წლამდე ხელმძღვანელობდა მას.

აქტიურად თანამშრომლობს სამეცნიერო ფონდებთან (ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის ფონდი, ფოლკსვაგენის ფონდი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი) და არის საერთაშორისო სამეცნიერო ფონდების ექსპერტი კავკასიოლოგიის დარგში (2009), მრავალი სამეცნიერო და კულტურული საზოგადოების შექმნის ინიციატორი და ხელმძღვანელი.

ქართული ლიტერატურის გერმანიაში პოპულარიზაციის მიზნით 2009 წელს ქალბატონმა მანანამ წამოიწყო ქართული ლიტერატურის საღამოების ციკლი, ხოლო, 2010 წელს ფრანკფურტში დააარსა ლიტერატურული სალონი, რომელიც „ევტერპეს" სახელით არის ცნობილი. სალონი აქტიურად იღვწის თანამედროვე ქართული ლიტერატურის ევროპაში გატანისთვის – გერმანულად თარგმნის და გამოსცემს ქართველ ავტორებს, მონაწილეობს წიგნის საერთაშორისო ფესტივალებზე ფრანკფურტსა და ლაიფციგში. პირველივე პროექტი, რომელიც სალონმა განახორციელა, გახლდათ 2009 წელს გამართული ლიტერატურული საღამოების სერია თემატიკით „პოსტსაბჭოთა შპაგატი”, რომელიც „თანამედროვე ქართული ლიტერატურის ანთოლოგიად” გამოიცა 2010 წელს.

ფრანკფურტის ლიტერატურულ სალონს 40-ზე მეტი ლიტერატურული საღამო აქვს ჩატარებული (გერმანულად და ქართულად) გერმანიაში, შვეიცარიასა და საქართველოში. სალონი ლიტერატურულ საღამოებს ძირითადად ოთხ ფორმატში მართავს: საავტორო საღამო, წიგნის პრეზენტაცია, პოდიუმ-დისკუსია და ლიტერატურული კითხვა. სალონი თანამშრომლობს საქართველოში გერმანიის ფედერაციური რესპუბლიკის საელჩოსთან და 2012 წლიდან მონაწილეობს გერმანიის კულტურის დღეებში, რომელიც ყოველწლიურად იმართება თბილისში. 2011 წლიდან სალონი, ასევე, თანამშრომლობს გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმთან. 2013 წლიდან კი საქართველოს მწერალთა სახლთან.

გერმანიაში მთარგმნელობითი საქმიანობის გააქტიურების მიზნით 2011 წელს სალონთან შეიქმნა მთარგმნელთა და ლიტერატურულ ლექტორთა ასოციაცია. 2012 წლის იანვრიდან სალონი ფრანკფურტის ლიტერატურული სახლის „რომანის ფაბრიკის“ განუყოფელი ნაწილი გახდა. ყოველი თვის მეორე ხუთშაბათი „რომანის ფაბრიკაში“ ქართულ ლიტერატურას ეთმობა. "უკ­ვე ორი წე­ლია, თვალს ვა­დევ­ნებ ამ სა­ლო­ნის მუ­შა­ო­ბას და აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ იმ ენ­თუ­ზი­აზ­მით, რომ­ლი­თაც სალონის მოღ­ვა­წე­ო­ბას წარ­მარ­თავს მი­სი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი პრო­ფე­სო­რი მა­ნა­ნა თანდაშვილი. აკა­დე­მი­უ­რო­ბა და პროფესიონალიზმი, თე­მე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, ლიტერატურული სა­ღა­მო­ე­ბის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ ფორმატში მო­წო­დე­ბა, მუ­სი­კა­ლუ­რი ფო­ნი, რო­მე­ლიც ასე ალა­მა­ზებს და სა­ლო­ნურ გან­წყო­ბას უქ­მ­ნის სა­ლო­ნის სტუმ­რებს, გახ­და მიზეზი იმი­სა, რომ გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ლო­ნი "ევ­ტერ­პე" ჩვენს ძირითად პროგ­რა­მა­ში შეგ­ვე­ტა­ნა...  "ევ­ტერ­პეს" მოღ­ვა­წე­ო­ბა შე­სა­ნიშ­ნა­ვად აგ­რ­ძე­ლებს ჩვე­ნი ქალაქის მულ­ტი­კულ­ტუ­რუ­ლი თა­ნაცხოვ­რე­ბის კონ­ცეფ­ცი­ას, რო­მე­ლიც ფრანკფურტის სა­მარ­კო ნიშანი გახ­ლავთ," - გა­ნაცხა­და თა­ვის გა­მოს­ვ­ლა­ში დოქ­ტორ­მა მი­ხა­ელ ჰო­მან­მა, რო­მელ­მაც ქალბატონ მა­ნა­ნასთან ერ­თად გა­ა­ფორ­მა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა "რო­მა­ნის ფაბ­რი­კი­სა" და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლ სალონ - "ევ­ტერ­პეს" თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის შესახებ.  

ქართულ-გერმანულ სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობის სფეროში გაწეული ღვაწლისათვის მანანა თანდაშვილი 2011 წელს აირჩიეს თბილისის საპატიო მოქალაქედ.

ქართველი მეცნიერი კვლავაც აქტიურ მონაწილეობას იღებს საერთაშორისო კონფერენციებსა და პროექტებში. თვალსაჩინოებისთვის მხოლოდ რამდენიმეს ჩამოვთვლით: 1. მათესა და მარკოზის სახარების ხელნაწერთა კრიტიკული გამოცემა - 2006-2009 (ინტასი, იოსტ გიპერტთან თანაავტორობით); 2. ქართული პალიმფსესტური ხელნაწერები - 2009-2012 (ფოლკსვაგენის ფონდის დაფინანსებით, იოსტ გიპერტთან თანაავტორობით); 3. ფოლკსვაგენის ფონდის პროგრამის "ევროპასა და აზიას შორის - შუა აზია და კავკასია მეცნიერების ფოკუსში" შემაჯამებელი საერთაშორისო კონფერენცია, 17-21 მაისი 2010 წ. თბილისი (ფოლკსვაგენის ფონდის დაფინანსებით, იოსტ გიპერტთან თანაავტორობით); 4. ქართული ენის ეროვნული კორპუსი: ტექნოლოგიური ჩარჩოს შექმნა - 2012-2014 (ფოლკსვაგენის ფონდის დაფინანსებით, იოსტ გიპერტთან თანაავტორობით); 5. რადიოპროექტი „26 რჩეული“ - ფოლკსვაგენის ფონდის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების რადიომიმოხილვა (ფოლკსვაგენის ფონდის დაფინანსებით, იოსტ გიპერტთან და ნინო დათუკიშვილთან თანაავტორობით); 6. დრო და სივრცე ქართველურ ენებში - 2012-2014 (შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, ბელა ქობალავას თანაავტორობით) და სხვა.

მანანა თანდაშვილს ჰყავს სამი შვილი - ლუკა, მარიამ და ანასტასია ყამარაულები. დედამ ყველაფერი გააკეთა, რომ მათ ქართული სრულყოფილად ცოდნოდათ. სამივე მთარგმნელია და გერმანულ ენაზე თარგმნის ქართველ ავტორთა ნაწარმოებებს, თუმცა პარალელურად სხვა პროფესიებსაც ეუფლებიან. ვაჟი მამის გზას გაჰყვა და სამხედრო საქმეს სწავლობს.

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/მანანა_თანდაშვილი

2. 1tv.ge/ge/videos/view/153751.html 

3. 1tv.ge/ge/videos/view/168280.html

4. როსტიაშვილი, ნათია. წარმატებული ქალი... საქართველოდან  // ...და ქალი : ჟურნალი მხოლოდ ქალებისთვის. - თბილისი, 2011. - აპრილი. - N4. - გვ.64-65.

5. დარჩია, ქეთი. თბილისი-ფრანკფურტი-თბილისი: თბილისი...; ფრანკფურტი...; ისევ ფრანკფურტში... // ბომონდი. - თბილისი, 2009. - ნოემბერი. - N7(21). - გვ.79-81

 

 


გააზიარე: