The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ალექსანდრე ჩიჯავაძე

ალექსანდრე ჩიჯავაძე
სხვა სახელი:სანდრიკ  (შემოკლებული ფორმა)
სანდრო  (შემოკლებული ფორმა)
დაბადების თარიღი:9 აგვისტო, 1917
გარდაცვ. თარიღი:10 სექტემბერი, 1971  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

ალექსანდრე (სანდრიკ, სანდრო) ჩიჯავაძე დაიბადა 1917 წლის 9 აგვისტოს, თბილისში. მამამისი, ირაკლი ლონგინოზის ძე ჩიჯავაძე (1882-1935) გახლდათ აგრონომ-მეღვინე. მას პარიზის სორბონის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული მებაღე-მეღვინეობის სპეციალობით. 1910 წელს, სამშობლოში  დაბრუნებისთანავე, მან დაიწყო პრაქტიკული საქმიანობა ქართული მეღვინეობის განახლება-განვითარებისთვის. იყო საზოგადოება „კახეთის“, შემდეგ - „სამტრესტის“ მთავარი მეღვინე და შექმნა რამდენიმე სახეობის სამარკო ღვინო.

წარმატებული პროფესიული საქმიანობის გარდა ირაკლი ჩიჯავაძე გამოირჩეოდა მუსიკალური ნიჭით, შესანიშნავად მღეროდა და უკრავდა სხვადასხვა სიმებიან საკრავებზე - ჩელო, თარი, ჭიანური. ალბათ ამან განაპირობა, რომ მისი ვაჟი გამორჩეულ მუსიკოსად ჩამოყალიბდა.

სანდრომ ბავშვობაშივე მიიპყრო მუსიკალური საზოგადოების ყურადღება, როგორც ძალზე ნიჭიერმა ვიოლონჩელისტმა. მოწაფეობის პერიოდში გამოდიოდა, როგორც დამოუკიდებელი სოლო კონცერტებით, ისე სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.

ალექსანდრე ჩიჯავაძემ ქართველ ინსტრუმენტალისტ–შემსრულებელთა შორის პირველმა მიიღო ლაურეატის საპატიო წოდება. მან ორჯერ, 1935 (ლენინგრადი) და 1937 (მოსკოვი) წლებში, მოიპოვა გამარჯვება მუსიკოს შემსრულებელთა საკავშირო კონკურსებზე. ასეთი დიდი მიღწევისთვის საქართველოს მთავრობამ ახალგაზრდა მუსიკოსი დაასაჩუქრა ძვირფასი ინსტრუმენტით, იტალიელი ხელოსნის „ბერგონცის“ ჩელოთი.

თბილისის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, 1937 წელს ალექსანდრე ჩიჯავაძე ჩაირიცხა მოსკოვის კონსერვატორიაში, სადაც სწავლობდა 1945 წლამდე (პედაგოგი: ს. კოზოლუპოვი). 1949 წელს კი იქვე დაასრულა ასპირანტურის კურსი.

მეორე მსოფლიო ომის წლებში სანდრო მონაწილეობდა საქართველოს ფილარმონიის საკონცერტო ბრიგადების მუშაობაში, რომლებიც კულტურულ მომსახურეობას უწევდნენ ამიერკავკასიის ფრონტის მებრძოლებსა და სამხედრო ჰოსპიტლებს. 1950–1952 წწ. იგი იყო მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი და უკრავდა საფორტეპიანო ტრიოში, მევიოლინე მ. გოლდშტეინთან და პიანისტ ი. კიპერტთან ერთად.

ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, 1952 წლამდე მუშაობდა გნესინის სახელობის მუსიკალურ–პედაგოგიურ ინსტიტუტში თავისი ყოფილი პედაგოგის ს. კოზოლუპოვის ასისტენტად.

ალექსანდრე ჩიჯავაძის ჩელო გამოირჩეოდა გულში ჩამწვდომი ხმით, მეტყველი ჟღერადობით, მასშტაბურობითა და სიღრმით. მის დაკვრას ახასიათებდა ძარღვიანი ვიბრაცია, უაღრესად ზუსტი და წმინდა ინტონაცია, მარჯვენა და მარცხენა ხელის ტოლფასოვანი გამომსახველობა, ხმოვანების ელასტიურობა, რაც უსასრულო მღერადობის შთაბეჭდილებას ახდენდა. მუსიკოსის რეპერტუარში ლირიკული ბუნების ნაწარმოებები ჭარბობდნენ. განსაკუთრებული ადგილი ეთმობოდა ბახის სუიტებს, შოპენის ეტიუდებს, ბრევალის, ვალენტინის, ბეთჰოვენის სონატებს, სენ–სანსის, ჰაიდნისა და ბოკერინის კონცერტებს. შინაგანი წვითა და უზადო არტისტიზმით უკრავდა ჩაიკოვსკის ვალსს, ფორეს „გამოღვიძებას“, რ. ლაღიძის „ელეგიას“, ს. ცინცაძის „საჭიდაოს“ და სხვა.

1952 წელს ალ. ჩიჯავაძე  სამშობლოში დაბრუნდა და საქართველოში განაგრძო საკონცერტო–შემოქმედებითი საქმიანობა. პარალელურად ემსახურებოდა ახალგაზრდა ინსტრუმენტალისტების აღზრდის კეთილშობილურ საქმეს ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. მისი მოსწავლეები იყვნენ: თ. გაბარაშვილი, ე. სანაძე, ა. ფინკელზორდი, დ. ნასიძე, ლ. მეგრელიძე და სხვა.

1955 წელს ალექსანდრე ჩიჯავაძეს მიანიჭეს საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება. 1964 წელს იგი პროფესორის თანამდებობაზე მიიწვიეს ქ. კაიროს კონსერვატორიაში ეროვნული კადრების მოსამზადებლად. ხელმძღვანელობდა ვიოლონჩელოს კლასს. ეგვიპტეში მან აღზარდა არაბ ვიოლონჩელისტთა პირველი კადრები, რომელთა საკონცერტო გამოსვლებმა კაიროსა და ალექსანდრიაში ადგილობრივი პრესის მაღალი შეფასება დაიმსახურეს.

ალექსანდრე ჩიჯავაძე 7 წლის მანძილზე მოღვაწეობდა ეგვიპტეში. იგი დაიღუპა ავტოავარიაში, 1971 წლის 10 სექტემბერს, რუსეთის ტერიტორიაზე, როდესაც სამშობლოში მოემგზავრებოდა. დაკრძალულია თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მის პატივსაცემად ქ. კაიროს კონსერვატორიაში გაკრულია მემორიალური დაფა.

წყარო:

1. ბაბუნაშვილი ზ., ნოზაძე თ., მამულიშვილთა სავანე,– თბ., 1994. –გვ. 383–384

2. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 535

3. ალექსანდრე ჩიჯავაძე // ლიტერატურული საქართველო. - თბილისი, 1971. - 17 სექტემბერი

4. იაშვილი, ლუარსაბ. მუსიკოსი და პედაგოგი // საბჭოთა ხელოვნება. - , 1973. - N11. - გვ.110-111. 

5. ჩიჯავაძე, ნინო. ირაკლი ჩიჯავაძე // ვაზი და ღვინო. - თბილისი, 2000. - N1-2. - გვ.62-63

 

 

 

 

 


გააზიარე: