The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


თამაზ ჭელიძე

თამაზ ჭელიძე
დაბადების თარიღი:24 დეკემბერი, 1934  (89 წლის)
კატეგორია:ფიზიკოსი

ბიოგრაფია

თამაზ ჭელიძე დაიბადა 1934 წლის 24 დეკემბერს ქ. ქუთაისში, ცნობილი მეცნიერის ლუკა ჭელიძის ოჯახში. ლუკა ჭელიძე, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, წლების განმავლობაში ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი გახლდათ, საცხოვრებლად თბილისში გადმოსვლის შემდეგ კი მოღვაწეობა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო.

თამაზ ჭელიძემ 1952 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ქუთაისის ვაჟთა მე-9 საშუალო სკოლა და იმავე წელს სწავლა განაგრძო ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1957 წელს დაამთავრა გეოლოგ-გეოფიზიკოსის სპეციალობით. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მისი საქმიანობა უშუალოდ უკავშირდება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტს. 1958 წელს დაინიშნა გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში, ხოლო 1992 წელს მეცნიერთა საერთო კრებამ ინსტიტუტის დირექტორად აირჩია. ამ თანამდებობაზე მან 2006 წლამდე იმუშავა. იმავდროულად ხელმძღვანელობდა ექსპერიმენტული გეოფიზიკისა და მიწისძვრების წინამორბედების კვლევის განყოფილებას, რომელიც ქანების ფიზიკის განყოფილების ბაზაზე ჩამოყალიბდა. 2006 წლიდან თამაზ ჭელიძე ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეა.

1964 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებით დაიცვა დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, ხოლო 1975 წელს - კიევში სადოქტორო დისერტაცია თემაზე "ზედაპირული ეფექტები ჰეტეროგენული სისტემების დიელექტრიკულ სპექტროსკოპიაში" და ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა.

ბატონმა თამაზმა განსაკუთრებული ინტერესი მეცნიერული მოღვაწეობისადმი კიდევ ერთხელ დაამტკიცა, როცა პერკოლაციის თეორიის საკითხებში ინტენსიური კვლევების შედეგად, 1985 წელს მოსკოვში, დედამიწის ფიზიკის ინსტიტუტში ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად დაიცვა დისერტაცია თემაზე: "პერკოლაციის მოდელები რღვევის ფიზიკაში" და ის გახდა ორგზის მეცნიერებათა დოქტორი, რაც მეტად იშვიათი შემთხვევაა მეცნიერთა პრაქტიკაში.

1990-1995 წწ. თამაზ ჭელიძის ხელმძღვანელობით, თანაავტორებთან ერთად, აიგო საქართველოს სეისმური დარაიონების რუკა, რომელსაც საფუძვლად დაედო კავკასიის ტექტონიკურ რღვევათა ახალი სქემა და კატალოგი, რითაც მნიშვნელოვნად ამაღლდა შესრულებული სამუშაოს პროგნოსტიკულობის ღირებულება. რუკის რეტროსპექტულმა შემოწმებამ ცხადყო მისი მაღალი ეფექტიანობა. რუკა შედგენილია პშთ-ს ტექნოლოგიის გამოყენებით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის შეფასების ინფორმაციულობას. აღნიშნული რუკა 1999 წელს საქართველოს მშენებლობის სამინისტროს მიერ მიღებულ იქნა, როგორც ნორმატიული დოკუმენტი.

1997–2007 წწ. თამაზ ჭელიძე  იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოფიზიკური ძიების კათედრის გამგე; 1996 წლიდან ევროპის საბჭოსთან არსებული სპეციალიზირებული ცენრტის "მაღლივი კაშხალების გეოდინამიკური რისკის" დირექტორი; 1996–2007 წწ. საქართველოს მუდმივი კორესპოდენტი ევროპის საბჭოს ღია წილობრივ შეთანხმებაში დიდი კატასტროფების შესახებ; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული სეისმოლოგიისა და სეისმური პროგნოზის საბჭოს თავმჯდომარე; 1987 და 1992 წლებში მიწვეული იყო საფრანგეთში სტრასბურგის, 1994-1997 წლებში - რენის უნივერსიტეტებში, ხოლო 2000 წელს - პარიზის "ეკოლ ნორმალ სუპერიორში" პროფესორად, სადაც კითხულობდა მოხსენებებს და ატარებდა ერთობლივ სამეცნიერო კვლევებს ფრაქტალური მექანიკის სხვადასხვა საკითხებზე.

თამაზ ჭელიძე იყო მუშა ჯგუფის ხელმძღვანელი საქართველოს მხრიდან საერთაშორისო პროექტისა - "ტოქსიკალ", ფინეთის, გერმანიის, საბერძნეთის, რუსეთის, სომხეთისა და საქართველოს მონაწილეობით, რომლის მიზანი იყო მიწისქვეშა წყლებში დაბინძურების შეფასება რეალურ დროში. პროექტის ფარგლებში შესწავლილ იქნა მადნეულის არეალში მიწისქვეშა წყლების მძიმე მეტალებით დაბინძურება და შემუშავდა სათანადო რეკომენდაციები.

თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით არსებობს მოსაზრება ქ. ბორჯომისა და მიმდებარე სოფლების სასმელი წყლით მომმარაგებელი წყაროების დაბინძურების შესაძლებლობის შესახებ. აღნიშნული პრობლემის გადასაწყვეტად შემუშავდა პროექტი "საქართველოში მიწისქვეშა წყლების რესურსების მდგრადი განვითარებისათვის იზოტოპური ტექნიკის გამოყენება" 2007-2009 წწ., რომელიც დაფინანსდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ. ამ პროექტის ხელმძღვანელები არიან თ. ჭელიძე და გ. მელიქაძე. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ჩასატარებლად გეოფიზიკის ინსტიტუტს უსასყიდლოდ გადაეცა თანამედროვე უცხოური აპარატურა.

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია თამაზ ჭელიძის მიერ შესრულებულმა პროექტმა "ძლიერი ელექტრომაგნიტური განმუხტვების გავლენა სეისმურ რეჟიმზე", რომელშიც მითითებულია სეისმურ რეჟიმზე ხელოვნური ზემოქმედების შესაძლებლობა. პროექტის შესრულებით მიღებული შედეგები გამოქვეყნებული იყო სამეცნიერო-პოპულარულ ჟურნალებში ინგლისში, იტალიაში, საბერძნეთსა და ჩილეში.

ბატონი თამაზი არის საქართველოს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი; ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემის წევრი. მას მოპოვებული აქვს 14 საერთაშორისო, 8 - ინდივიდუალური საერთაშორისო და 4 ეროვნული სამეცნიერო ცენტრის გრანტი. მისი ავტორობითა და თანაავტორობით გამოქვეყნებულია 300-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის 6 მონოგრაფია, 4 სახელმძღვანელო და რამდენიმე სამეცნიერო-პოპულარული ბროშურა. ნაშრომების დიდი უმრავლესობა გამოქვეყნებულია რეცენზირებად გამოცემებში, აქედან 60-ზე მეტი იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალში. მის მიერ მიღებული შედეგები შეტანილია უცხოეთის მრავალ ქვეყანაში გამოცემულ სახელმძღვანელოებში.

მეცნიერი რამდენიმე ათეული წელია ინტენსიურად თანამშრომლობს უცხოელ კოლეგებთან (საფრანგეთი, აშშ, გერმანია, ჩეხეთი, რუსეთი, საბერძნეთი, იტალია, იაპონია), რაზეც მიუთითებს მათი თანაავტორობით სხვადასხვა გამოცემებში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები.

თამაზ ჭელიძის მონაცემები შეტანილია მარკუსის ცნობარში "ვინ არის ვინ მსოფლიოში" და სხვა საერთაშორისო მნიშვნელობის ცნობარებში; იგი არის მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის, ასოციაციისა თუ ჯგუფის წევრი: ამერიკის გეოფიზიკური საზოგადოება; ამერიკის სეისმოლოგიური საზოგადოება; ევროპის ექსპერტთა საბჭო (2001); ნიუ-იორკის აკადემია, მსოფლიო საძიებო გეოფიზიკის საზოგადოება და მსოფლიოს ინოვაციური ფონდი;  

თამაზ ჭელიძის მეუღლეა ქალბატონი ვენერა თევდორაძე. ჰყავთ შვილები და შვილიშვილები.

წყარო:

1. თამაზ ჭელიძე : ბიობიბლიოგრაფია / საქ. მეცნ. აკად., ცენტრ. სამეცნ. ბიბ-კა ; [შემდგ.: ვ. აბაშიძე, ლ. დარახველიძე, ჯ. ქირია]. - თბ.: მეცნიერება, 2006.

2. www.opentext.org.ge/index.php?m=12&y=2009&art=11790




გააზიარე: