The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


კონსტანტინე ფირცხალავა

კონსტანტინე ფირცხალავა
დაბადების თარიღი:1961  (63 წლის)
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

კონსტანტინე ალექსის ძე ფირცხალავა დაიბადა 1961 წელს. 1983 წელს დაამთავრა კრასნოიარსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მუშაობდა ციმბირის სამხედრო ოლქის, კრასნოიარსკის გარნიზონის სამხედრო პროკურატურის გამომძიებლად; აფხაზეთის ასსრ ქ. გაგრის პროკურატურის უფროს გამომძიებლად (მონაწილეობდა გდლიან–ივანოვის საგამოძიებო ჯგუფში); 1989–1990 წლებში მუშაობდა ქ. გაგრის პროკურორად.

1990 წლის ოქტომბერში კონსტანტინე ფირცხალავა აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, იყო იურიდიული, კანონიერებისა და კანონმდებლობის კომისიის თავმჯდომარე; საქართველოსთვის უძნელეს დღეებში, 1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვარში, იგი იყო გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი; კანონიერი ხელისუფლების გაძევებისა და უმაღლესი საბჭოს ლიკვიდაციის შემდეგ, როგორც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრე, კონსტანტინე ფირცხალავამ სამშობლო დატოვა და რუსეთში გადასახლდა. მუშაობდა ჯერ სოჭში, ფირმა „ირვილანას“ იურიდიული სამსახურის უფროსად, შემდეგ მოსკოვში, ფირმა „დოგ–ფარმაციას“ იურისტად.

1997 წელს კონსტანტინე ფირცხალავა დაინიშნა განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებლად მოსკოვის საგადასახადო პოლიციის ფედერალური სამსახურის სამმართველოში. მუშაობდა საგამოძიებო განყოფილების უფროსად, სამმართველოს უფროსის მოადგილედ; 2000 წლის აგვისტოში გადაიყვანეს საგადასახადო პოლიციის ფედერალური სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ, ცენტრალურ ფედერალურ ოლქში; 2003 წლის მარტიდან მსახურობდა ამავე სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ, ფედერალური სამსახურის ეკონომიკური უსაფრთხოებისა და საგადასახადო დანაშაულებების დარგში; 2004 წლის ნოემბრიდან – შსს ორგანოების ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ, შემდეგ პირველ მოადგილედ; 2005 წელს მიენიჭა მილიციის გენერალ–მაიორის წოდება, 2013 წლიდან – პოლიციის გენერალ–მაიორია.

1999 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო იურიდიული აკადემიის ასპირანტურა და რუსეთის დიპლომატიური აკადემია; არის იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, სამეცნიერო შრომების ავტორი; მინიჭებული აქვს რსფსრ დამსახურებული იურისტის წოდება.

2012 წელს დაინიშნა რუსეთის ფედერაციის შსს წარმომადგენლად შვეიცარიის კონფედერაციაში და ლიხტენშტეინის საგრაფოში.

წყარო:
1. გოგიტიძე, მამუკა. კონსტანტინე ალექსანდრეს ძე ფირცხალავა  //  სამხედრო ფიცის ერთგულნი : ბიოგრაფიული ცნობარი) / მამუკა გოგიტიძე, გიორგი ბეჟიტაშვილი. - თბილისი, 2015. - გვ. 177-178

2. law.sfu-kras.ru/.../pirtskhalav-konstatin-alekseevich 

 

 


გააზიარე: