The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


იოანე ბაგრატიონი

იოანე ბაგრატიონი
დაბადების თარიღი:16 მაისი, 1768
გარდაცვ. თარიღი:1830  (61 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:პეტერბურგი, რუსეთი
კატეგორია:მეცნიერი, მწერალი, სამეფო ოჯახის წევრი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ქართლ–კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ისა და ქეთევან ანდრონიკაშვილის (ქიზისყის მოურავის პაპუნა ანდრონიკაშვილის ქალიშვილი) ვაჟი იოანე 1768 წლის 16 მაისს დაიბადა თბილისში. სამეფო ოჯახის შვილის შესაფერისად დავით რექტორის (დავით ალექსის ძე მესხიშვილი) ხელმძღვანელობით შესანიშნავი განათლება მიიღო. იყო სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, მწერალი, მეცნიერი, განმანათლებელი, ლექსიკოგრაფი. გიორგი XII თავისი შვილებიდან ყველაზე მეტად მას ენდობოდა და აფასებდა. იოანე ბატონიშვილი გმირულად იბრძოდა კრწანისის ომში, მან  საოცარი თავგანწირვით გაარღვია მტრის ალყა პაპის  ერეკლე II გადასარჩენად და თავის მეომრებთან ერთად მეფე დატყვევებისგან იხსნა. ნიახურას ომში სარდლობდა ქართველთა ჯარს, მონაწილეობდა მრავალ ბრძოლაში.

1794-1799 წლებში ჯერ პაპისა და მერე მამის დავალებით აღწერა ქართლ–კახეთის, ხევსურეთის, ჩრდილო–დასავლეთ კავკასიის მთიანეთის, დაღესტნის, ჩეჩნეთ–ინგუშეთის, ნაწილობრივ იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმის, სვანეთის, ახალციხის ტერიტორიები. მის ნაშრომს დღეს დიდი მეცნიერული მნიშვნელობა აქვს.  ნაშრომში 2300–მდე ტოპონიმია მოცემული, მოგვაწოდა ქართველ თავადთა და აზნაურთა გვარების წარმომავლობა. სპარსულიდან თარგმნა სეილანიანი სპარსული დასთანი (ამბავი). ჩაიწერა „ვეფხისტყაოსნის“ ხალხური ვარიანტი „ტარიელიანი“.

1798 წელს გიორგი XII-მ იოანე ფელდცეხმაისტერად (არტილერიისა და მეთოფეთა უფროსად) დანიშნა. 1799 წელს იოანე ბატონიშვილმა მამას წარუდგინა „ქართლ–კახეთის სახელმწიფოებრივი რეფორმების პროექტი ანუ „სჯულდება“, სადაც იოანე ყველა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხს ეხებოდა და ცვლილებებს აუცილებლად მიიჩნევდა, თუმცა ამ ცვლილებების განხორციელება რუსეთის იმპერიის გამოისობით არ დასცალდა.

1801 წელს იოანე ბატონიშვილი საცხოვრებლად იძულებით გადაასახლეს სანკტ–პეტრერბურგში. აქ იგი ეწეოდა ნაყოფიერ ლიტერატურულ, სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობას. შეისწავლა უცხო ენები, ქმნიდა სხვადასხვა სახის ლექსიკონებს, სახელმძღვანელოებს, აგრეთვე ნაშრომებს ქართული ენის, საქართველოს ისტორიის, ბუნებისმეტყველების, მათემატიკის, არტილერიის და მრავალი სხვა დისციპლინის შესახებ.

იოანე ბაგრატიონის ყველაზე მნიშვნელოვანო ნაშრომია ორიგინალური ენციკლოპედიური ხასიათის თხზულება „ხუმარსწავლა“, იგივე „კალმასობა“. ეს თხზულება 15 წლის განმავლობაში 1813-1828 წწ. იწერებოდა.

იოანე ბატონიშვილი კოლექციონერიც იყო. მის მიერ შეგროვებული წიგნებისა და ხელნაწერების მდიდარი კოლექცია პეტერბურგის საჯარო ბიბლიოთეკის ქართულ ფონდს დაედო საფუძვლად. მასვე ეკუთვნის  საბუნებისმეტყველო მეცნიერების ენციკლოპედია, ყრმათა სასწავლებლად განკუთვნილი „სხვათა და სხვათა სწავლათა შეკრებილებანი“; რუსულ–ქართული ლექსიკონი; სულხან–საბა ორბელიანის „სიტყვის კონიდან“ გამოკრებილი მცირე ქართული განმარტებითი ლექსიკონი; ნარევი ტიპის (განმარტებითი, ენციკლოპედიურიმ თარგმნითი) „ქართული ლექსიკონი“, რომლის მხოლოდ ნაწილია ჩვენამდე მოღწეული; ლექსად დაწერილი „მიბაძვა იოანე სინელის კიბისა“ (1807), „ორიგინალური თხზულებანი „პატარა ედემით განძევა“, „აღსარება“ სამკურნალო წიგნი და სხვა. თარგმნა აბატი კონდილიაკის „ლოღიკა (1806 წ.).

იოანე ბატონიშვილი 1830 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია პეტერბურგში.

იოანე ბაგრატიონის მეუღლე გახლდათ ქეთევან წერეთელი (1772-1832). იოანესა და ქეთევანის ვაჟი, 1812 წლის აჯანყების აქტიური მონაწილე, გრიგოლი, მამის გარდაცვალების წელს (1830 )  გარდაიცვალა. გრიგოლ ბაგრატიონის შთამომავლები გრუზინსკის გვარს ატარებდნენ.

წყარო:

1. ბაგრატიონი იოანე // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.35-36.

2. გოგატიშვილი, მიხეილ. იოანე ბაგრატიონი (1768-1830 წწ.). სოკრატული სიბრძნისმეტყველება / მიხეილ გოგატიშვილი // ახალი დროის ქართული ფილოსოფია და მისი მთავარი წარმომადგენლები : (XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე) / თენგიზ ირემაძე, ლალი ზაქარაძე, დოდო ლაბუჩიძე და სხვ.. - თბილისი, 2014. - გვ.81-90.

3. იოსელიანი, პლატონ. გენერალ ლაზარევის შესახებ. წიგნიდან: „ცხოვრება გიორგის XIII-ისა“ // საქართველო–რუსეთის ურთიერთობა XVIII-XXI საუკუნეებში. წ. 2. – თბ., – 2016. – გვ. 546-547.

4. http://www.georoyal.ge/?MTID=1&TID=25&id=126

5. https://burusi.wordpress.com/2011/02/07/ioane-batonishvili/

6. https://ka.wikipedia.org/wiki/იოანე_ბატონიშვილი


გააზიარე: