The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნინო ბაგრატიონ–დადიანი

ნინო ბაგრატიონ–დადიანი
Date of birth:15 April, 1772
Date of death:31 May, 1847  (at 75 years)
Burial location:ალექსანდრე ნეველის ლავრაში, წმინდა თევდორეს ეკლესიაში, პეტერბურგი, რუსეთი
Category:Royalty

Biography

1772 წლის 15 აპრილს დაიბადა ერეკლე II-ის შვილიშვილი და გიორგი XII–ის ასული ნინო, რომელსაც ისტორიული წყაროები ოდიშ–ლეჩხუმის დედოფლად მოიხსენიებენ. 1789 წელს მან იქორწინა ოდიშის მთავრ გრიგოლ კაციას ძე დადიანზე (1770-1804), რომელთანაც 6 შვილი: ორი ვაჟი და ოთხი ასული შეეძინა. ნინო გიორგის ასული გადედოფლებისთანავე მთავრის ცოლის უფლება–მოვალეობით შეიმოსა. 1790 წ. ერთ–ერთო საბუთის თანახმად, გრიგოლ დადიანმა თანამეცხედრეს მიუჩინა სადედოფლონი ადგილ–მამულნი, უბოძა თავისდა ნაწილად დედოფლობისად საჭილაო მამული საბატიოს კაცით. აზნაურით, გლეხით, საზღვრით–საზღვრამდე, შესავალ–გამოსავალით... ამასთან ხორგა, იქ მყოფის თავადის შვლიანად, აზნაურ–გლეხიანად.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ნინო ბაგრატიონი შვილის, ლევანის სრულწლოვანებამდე რეგენტად გამოცხადდა და 1804-1811 წლებში სამეგრელოს მართავდა. მას ჰყავდა მრჩეველთა საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ მსაჯულთუხუცესი ნიკოლოზ დადიანი, სამეგრელოს ეპისკოპოსი ბესარიონ ჭყონდიდელი, სახლთუხუცესი გიორგი ჩიქვანი და ლეჩხუმის მოურავი ბერი გელოვანი. 1805 წელს მან რუსეთში გაგზვნა დეპუტაცია: სასახლის  კარის დეკანოზი იოანე სვიმონის ძე იოსელიანი, ნიკო და ბეჟან დადიანები. დეპუტაცია რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის წინაშე წარსდგა თხოვნით: დაეცვა სამეგრელოს მთავრის უფლებები ლეჩხუმზე, დაებრუნებინათ ოსმალეთის მიერ წართმეული ანაკლია, აელაგმათ ტყვეთა სყიდვა. დეპუტაციამ ალექსანდრე I-ს საჩუქრად მიართვა ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც სამეგრელოს მთავარმა გრიგოლ დადიანმა, სამეგრელოში არეულობის გამო, შესანახად ჩააბარა სიმამრს – გიორგი XII-ს. შემდეგ ხატი ნინოს ძმასთან – დავითთან დარჩა და როდესაც ის რუსეთში გადაასახლეს თან წააბრძანა, ნინოს მისი დაბრუნება გაუჭირდა და ამიტომ მოითხოვა მისი გადაცემა იმპერატორისათვის, რომ შემდეგ მისგან გამოეთხოვა. 1806 წელს იმპერატორმა ძვირფასი თვლებით შეამკობინა ხატი და დეპუტაციას სამეგრელოში გამოატანა, ასევე მისცა მილიონი რუბლი ხატისთვის ეკლესიის ასაშენებლად. ესკლესია მოგვიანებით ლევან V დადიანმა ააგო. მიზეზი იმპერატოს ამგვარი ჟესტისა იყო ნინო ბაგრატიონის დიდი გავლენა და ავტორიტეტი იმ დროისათვის არეულ აფხაზეთისა და სამეგრელოს სამთავროებში, ზოგადად მისი დიდი ზეგავლენა ქართული არისტოკრატიის წრეებზე.

1811 წელს ნინო ბაგრატიონ–დადიანი რუსეთში გაიწვიეს, როგორც ბაგრატოვანთა ოჯახის წარმომადგენელი, სამეფო ოჯახის წევრი. იგი პეტერბურგში ცხოვრობდა, როგორც პატიმარი. გადასახლებაში თან ახლდა მოქვის არქიეპისკოპოსი პაფნოტი ხოზიაშვილი, რომელიც რუსეთში გარდაცვალებამდე დარჩა და ჩუდოვის მონასტერში მოღვაწეობდა. 90 წლის ასკაში გარდაცვლილი არქიეპისკოპოსი იქვე დაკრძალეს.

1832 წლის შეთქმულების დროს სამეგრელოს დედოფალი ვორონეჟის მონასტერში იმყოფებოდა. მას ბრალად დასდეს შეთქმულებთან თანამოაზრეობა, მიმოწერა ფილადელფოს კიკნაძესთან. ნინოს სულიერად ამხნევებდა ერთგული მოძღვარი როსტომ იოსელიანი. სიცოცხლის ბოლოს ქ. რიაზანში ცხოვრობდა. გარდაიცვალა პეტერბურგში, 75 წლის ასაკში, 1847 წლის 31 მაისს, დაკრძალულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში, წმინდა თევდორეს ეკლესიაში.

წყარო:

2. ჭუმბურიძე, დ. წყაროები აფხაზეთის ისტორიისათვის // // საქართველო–რუსეთის ურთიერთობა XVIII-XXI საუკუნეებში. წ. 2. – თბ., – 2016. – გვ. 615-616

 2. https://www.facebook.com/vlaqerna/posts/258761034303353:0


Share: