The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


იონა ხელაშვილი

დაბადების თარიღი:1778
გარდაცვ. თარიღი:4 დეკემბერი, 1837  (59 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ალექსანდრე ნეველის ეკლესია, პეტერბურგი, რუსეთი
კატეგორია:თეოლოგი, სამხედრო პირი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

იონა ხელაშვილის დაბადების თარიღის შესახებ (ისევე როგორც მისი ცხოვრების სხვა დეტალებთან დაკავშირებით) არსებობს მოსაზრებათა სხვადასხვაობა, რაც ერთგვარ უზუსტობას იწვევს. მეცნიერები მისი დაბადების თარიღად 1772, 1775 და 1775 წლებს ასახელებენ. სანკტ–პეტერბურგის ცენტრალური სახელმწიფო ისტორიულ არქივში დაცული დოკუმნეტური მასალის მიხედვით იონა ხელაშვილი 1778 წელს არის დაბადებული. მისი წინაპრები თეიმურაზ II-ის დროს სოფელ ზამოხოდაშნიდან გადასახლებულან ვაქირში და მანამდე მიხელაშვილებს, მიუღიათ გვარი ხელაშვილი. იონა, ანუ ერისკაცობაში იოანე ქიზიყის სოფელ ვაქირში დაბადებულა. ჯერ კიდევ მცირეწლოვანი ვაქირის ეკლესიის მღვდელს მიაბარეს. სწავლა–განათლების წყურვილი სიყრმიდანვე  გასჩენია და ეს გრძნობა იმდენად დაუოკებელი ყოფილა, რომ მშობლების უკითხავად გაპარულა თბილისში, სადაც ბედის წყალობით და კეთილი ადამიანების დახმარებით, ერეკლე II–ის სასახლეში აღმოჩენილა. სასახლეში მზარეულთუხუცესის მოსამსახურედ მუშაობდა.

ერეკლე II-ემ იონა ხელაშვილი თავის მოძღვარს, მეტეხის ტაძრის დეკანოზ იესეს მიაბარა. ჭაბუკმა დიდი მონდომება გამოიჩინა, უმოკლეს დროში შეისწავლა ანბანი (სამივე სახის) და წერა–კითხვა. ამ პერიოდში ლეკებმა მოუკლეს სრულიად ახალგაზრდა მამა – გიორგი ხელაშვილი. ამ განსაცდელის დროს იონას შეეყარა ტიფი, რის გამოც იძულებით განერიდა მეფის სასახლესა და ადამიანებს. განკურნების შემდეგ მამისეულ სახლში დაბრუნდა, დედა – მარიამი მძიმედ დასნეულებული დახვდა და სულ მალე ისიც გარდაიცვალა.

1795 წელს კრწანისის ომში (1795 წ.) დამარცხების შემდეგ მთიულეთში გახიზნული მეფე ერეკლე თბილისში კახეთის  გავლით დაბრუნდა. სწორედ ამ პერიოდში შეხვდა მას კახეთში ყმაწვილი იონა. მეფემ ხელახლა შეიწყნარა იგი და განსასწავლად მიაბარა მიტროპოლიტ იოანეს ბოდბის მონასტერში, მაგრამ ყმაწვილს წიგნები არ ჰქონდა და რამოდენიმე ხნის მერე მეფეს თელავში ეახლა დახმარების სათხოვნელად. ერეკლე II–ემ შეიბრალა და სასახლეში წაიყვანა ობოლი ძმები – სოლომონი, გრიგოლი და იონა.  ეს უკანასკნელი მიაბარა კარის მღვდელს, მწიგნობარ იოანეს (კალატოზიშვილს). წიგნების სიმწირის გამო, იონა, მეფის ბრძანებით, ერეკლე II–ის სამლოცველოს წიგნებით სარგებლობდა.

ერეკლე II-ის გარდაცვალების შემდეგ, იონას მდგომარეობა გართულდა და დახმარებისთვის გიორგი XII–ეს მიმართა, რომელმაც თელავის სემინარიაში მიაბარა დავით რექტორს (ალექსის ძე (ალექსიშვილი) მესხიშვილი). გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ იონამ დავით გარეჯის მონასტერს მიაშურა. დაახლოებით 1802-1803 წლებში იონა დამკვიდრდა ქვათახევის ნათლისმცემლის მონასტერში, სადაც სამი წელი უმძიმეს პირობებში გაატარა, სადაც, სავარაუდოდ, შემოსეს მორჩილის კაბით და აქვე მიიღო იპოდიაკვნობა. ქვათახევის მონასტერში შეიტყო, რომ რუსეთის იმპერატორის ალექსანდრეს ბრძანებით, სამეფო ოჯახის წევრები პეტერბურგში მიემგზავრებოდნენ და გადაწყვიტა, თან გაყოლოდა ბატონიშვილებს. ანტონ II კათოლიკოსისაგან მიიღო განტევების სიგელი, რის შემდეგაც რუსეთში გასამგზავრებელი ქარტიის მისაღებად მიმართა თბილისის მთავარმმართებელს პავლე ციციანოვს. ქარტიის მიღების შემდეგ 1805 წლის აპრილის დასაწყისში ბატონიშვილ ფარნაოზსა და მის ოჯახთან ერთად დაადგა რუსეთის გზას. 1805 წლის 31 მაისს ვორონეჟში ჩავიდნენ და ერთ წელს დარჩნენ, რადგან ასე იყო ნაბრძანები. 1806 წელს იმპერატორის ბრძანებით, სამეფო ოჯახს და მათ თანმხლებ პირებს გზის გაგრძელებისა და მოსკოვში ჩასვლის ნება დართეს. იონა მოსკოვში არ დარჩა და გააგრძელა გზა სანკტ–პეტერბურგისკენ. სანკტ–პეტერბურგში მყოფი იონასათვის სამეფო ოჯახის წვრებთან სიახლოვე დიდი ნუგეში იყო. ბატონიშვილი იოანე ძველბერძნულ და თანამედროვე გერმანულ ფილოსოფიაში განანათლებდა და სამი წლის მანძილზე ღვთისმეტყველებაში წვრთნიდა. საფუძვლიანი  განათლების მიღებაში დიდად დაეხმრა დავით ბატონიშვილი, რომელმაც ამის გამო თხოვნით მიმართა იმპერატორს. 1809 წლის 7 მაისს იონა ხელაშვილი ჩაირიცხა სანკტ–პეტერბურგის სასულიერო სემინარიაში, სადაც სამ წელს სწავლობდა.

სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, 1812 წლის 5 ოქტომბერს, იოანე ხელაშვილი სანკტ–პეტერბურგის ალექსანდრე ნეველის ლავრაში აღკვეცეს მონაზვნად და სახელად უწოდეს იონა. მომდევნო დღეს, 6 ოქტომბერს ალაექსანდრე ნეველის ლავრის ხარების ეკლესიაში მონაზონი იონა ხელდასხმულ იქნა დიაკონად, ხოლო 9 ოქტომბერს კი, იმავე ლავრის მართალი ლაზარეს სახელობის ეკლესიაში შესრულდა მისი მღვდლად ხელდასხმა.

იონა ხელაშვილს დიდად აფასებდნენ ჭკუის, ცოდნის და გამოცდილების გამო. იგი იყო პეტერბურგის ქართული სალიტერატურო სკოლის წევრი. იონას ღვაწლი და განსწავლულობა იოანე ბატონიშვილმა აღწერა თავის ნაწარმოებში „კალმასობა“ და მრავალმხრივი ნიჭიერებით გამორჩეული სასულიერო პირი ლიტერატურულ პერსონაჟად აქცია. ცოდნითა და პატიოსნებით ცნობილი იონა ხელაშვილი იყო ქართული კოლონიის  – ბატონიშვილების, დედოფლებისა და სხვა წარჩინებულების მოძღვარი. წერილობითი წყაროების მიხედვით, დავით ბატონიშვილს სურვილი ჰქონია, რომ იონა მისი კარის ეკლესიის მოძღვარი ყოფილიყო, მაგრამ კარის ეკლესიის უქონლობის გამო ის იმერეთის დედოფალს, ანას დაუთმო. ანა დედოფალთან კეთილმსახური ბერი სამ წელიწადს დარჩა და შემდეგ 1924 წლამდე თეიმურაზ ბატონიშვილის კარის ეკლესიაში მოღვაწეობდა. ამ დროიდან მოყოლებული სიკვდილამდე იმერეთის მეორე დედოფალთან, მარიამ კაცია დადიანის ასულთან მსახურობდა.

პეტერბურგში ცხოვრებისას იონა მფარველობდა აქ სასწავლებლად ჩასულ ქართველებს. მას დიდი როლი მიუძღვის სოლომონ დოდაშვილის პიროვნებად ჩამოყალიბებაში, რომელსაც შვილად მოიხსენიებდა. იონას დახმარებით შევიდა დოდაშვილი პეტერბურგის უნივერსიტეტში.

პეტერბურგში კარის მოძღვრად ყოფნისას იონას შეუქმნია ორმოცზე მეტი ფილოსოფიური, თეოლოგიური და ლიტერატურული ხასიათის ნაშრომი. ასევე, უაღრესად მნიშვნელოვანია მისი პირადი მიმოწერაც, რომელშიც მოიპოვება არა მხოლოდ საყურადღებო შეხედულებები, არამედ მდიდარი მასალა იმ პერიოდის მრავალი ცნობილი ქართველის შესახებ. იონა ხელაშვილმა თავისი ფილოსოფიური და თეოლოგიური შეხედულებები ძირითადად გადმოსცა ნაწარმოებში: „ოცდათოთხმეტი შეკითხვის წიგნი“. „ღვთისმეტყველების სამნაწილედი“, „კვირიაკეთა და დღესასწაულთა ქადაგებანი“, „წიგნი მართლმადიდებელთა ქორწინებისა“,  ბიბლიური განმარტებები და ა. შ. განსაკუთრებით საინტერესოა, ასევე, იონას მიერ დაწერილი ქართული ლექსიკონი, რომელზეც 10 წელი იმუშავა. ავტობიოგრაფიულ თხზულებაში „რონინი“ შეეხო საქართველოს როგორც პოლიტიკურ, ასევე სოციალურ საკითხებს და ქვეყნის დაცემის ერთ–ერთ მიზეზად (სხვა მრავალ მიზეზთა შორის) სწავლა–განათლების უქონლობაც მიიჩნია.

1832 წლის 17 მარტს დედოფალმა მარიამმა, ბაგრატ, თეიმურაზ, ილია, ოქროპირ და ირაკლი ბატონიშვილებმა – იონა ხელაშვილს სიგელი უბოძეს. ღვაწლმოსილი მოძღვარი 1837 წლის 4 დეკემბერს გარდაიცვალა სამწერლო მაგიდასთან მუშაობის დროს, როდესაც თავის დამთავრებულ ლექსიკონს ფურცლავდა და შიგადაშიგ სიტყვებს ასწორებდა, ცხვირიდან სისხლი წასკდა და იქვე განუტევა სული. დაკრძალეს ალექსანდრე ნეველის ლავრის სასაფლაოზე, თუმცა სასაფლაოს რეკონსტრუქციის შემდეგ მისი საფლავი აღარ იძბნება.

წყარო:

1. ბერბიჭაშვილი, გრიგოლი (მიტროპოლიტი). იონა ხელაშვილის ბიოგრაფიის რეკონსტრუირებისთვის / გრიგოლ ბერბიჭაშვილი // ახალი დროის ქართული ფილოსოფია და მისი მთავარი წარმომადგენლები : (XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე) / თენგიზ ირემაძე, ლალი ზაქარაძე, დოდო ლაბუჩიძე და სხვ.. - თბილისი, 2014. გვ.101-116.

2. ზაქარაძე, ლალი. იონა ხელაშვილი (1778-1838 წწ.). დიდი ქართველი ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი ეპოქათა გზაგასაყარზე / ლალი ზაქარაძე // ახალი დროის ქართული ფილოსოფია და მისი მთავარი წარმომადგენლები : (XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე) / თენგიზ ირემაძე, ლალი ზაქარაძე, დოდო ლაბუჩიძე და სხვ.. - თბილისი, 2014. გვ.117-124.


გააზიარე: