The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გრიგოლ ბაკურიანის ძე

გრიგოლ ბაკურიანის ძე
დაბადების თარიღი:10??
გარდაცვ. თარიღი:1086
დაკრძალვის ადგილი:პეტრიწონის მონასტერი, ბულგარეთი
კატეგორია:პოლიტიკური ლიდერი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

XI საუკუნის ქართველი სამხედრო-პოლიტიკური მოღვაწის, ბიზანტიის იმპერიის ჯერ აღმოსავლეთის, შემდეგ დასავლეთის დომესტიკოსის, სევასტოსის, ერისთავთერისთავის ბაკურიანის ძის გრიგოლის სამშობლო – იმიერ ტაო, დავით III კურაპალატის გარდაცვალების შემდეგ ბიზანტიის პოლიტიკურ საზღვრებში მოექცა. მეცნიერთა ერთი ნაწილის აზრით გრიგოლის მამა ბაკურიანი ბიზანტიის კეისარმა, ბასილი II წაიყვანა საქართველოდან. ბაკურიანის გარდაცვალების შემდეგ, გრიგოლის დედა გაჭირვებამ აიძულა, ქონების ნაწილი გაეყიდა, ხოლო ნაწილი  ქალიშვილებისათვის მიეცა მზითვად. გრიგოლსა და მის ძმას აბაზს კი თითქმის არაფერი შერჩათ. ძმები იმპერიის სამახურში ჩადგნენ და მალე დიდ წარმატებასაც მიაღწიეს. გრიგოლი აქტიურად მონაწიოლეობდა იმპერიის სამხედრო ექსპედიციებში და კარგი მეომრისა და მხედართმთავრის სახელი დაიმკვიდრა.

გრიგოლ ბაკურიანის ძე სხვადასხვა დროს მსახურობდა სომხეთში, იბერიასა (ტაო) და სირიაში. იყო კარისა (ყარსის) და თეოდოსიოპოლის (კარნუქალაქის) განმგებელი. 1064 წლის ახლო ხანებში გრიგოლ ბაკურიანის ძე იბერიის თემში მოღვაწეობს. მონაწილეობს თურქ–სელჩუკთა მიერ გარემოცული ანისის ციხე–ქალაქის დაცვაში. მართლია, ანისი დაეცა, მაგრამ იმპერატორს გრიგოლის ვაჟკაცობა სათანადოდ დაუფასებია და მალე იბერიის თემის მმართველად დაუნიშნავს.  იბერიის თემი, ანუ საკატეპანო იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციაში, საქართველოს მოსაზღვრედ შექმნილი ბიზანტიური სამხედრო–ადმინისტრაციული ერთეული იყო და ძირითადად მოიცავდა დავით III კურაპალატის მამულებს, რომლებიც ჯერ კიდევ 1001 წელს შეიერთა ბასილი II-მ. იბერიის მეფის მმართველის, ანუ დუკას თანამდებობა იმპერიაში მეტად საპატიო იყო. იბერიის დუკად ყოფნა გრიგოლს რთულ დროს მოუწია: XI ს–ის 70-იანი წლების შუა ხანებში თურქ–სელჩუკთა შემოსევებმა არნახული მასშტაბები მიიღო, მტერი ბიზანტიის ცენტრალურ რაიონებს დაემუქრა, იმპერატორმა გადაწყვიტა სამხრეთ კავკასია დროებით დაეთმო და აქედან გაწვეული მეომრებით ცენტრალური პროვინციები გაემაგრებინა.  ამ პერიოდისთვის ბიზანტიის საიმპერატორო კარზე ქართველთა საკმაოდ დიდი პარტია არსებობდა. ისინი ბიზანტიის დედოფლის, ქართველი მართა–მარიამის გარშემო იყვნენ თავმოყრილნი. საფიქრებელია, რომ ამ დაჯგუფებას ეკუთვნოდა გრიგოლ ბაკურიანის ძეც. პოლიტიკურმა ვითარებამ და საქართველოს სამეფო კართან ახლო ნათესაობამ, იმპერატორს უბიძგა, იბერიის თემში შემავალი ციხეები საქართველოს მეფისთვის გიორგი II-ის გადაეცა. ამ გადაწყვეტილების მიღებაში საგრძნობი როლი ქართველებმაც ითამაშეს. საბოლოოდ ეს საქმე იმპერატორმა გრიგოლს დაავალა. გიორგი II და გრიგოლ ბაკურიანის ძე ბანაში შეხვდნენ ერთმანეთს და 1072-173 წლებში საქართველოს გადაეცა კარის ციხე–ქალაქი  და მისი მიმდგომი ქვეყანა. ასევე ქართველთა ხელში გადავიდა სამხრეთ და სამხრეთ–დასავლეთ საქართველოში ბიზანტიელთა ხელთ არსებული ციხეები.

აღმოსავლეთში თურქ–სელჩუკთა გაბატონების შემდეგ იბერიის საკატეპანო გაუქმდა და გრიგოლმა მოღვაწეობა ბიზანტიის დასავლეთ ნაწილში – ბალკანეთში განაგრძო. 1081 წელს ბიზანტიის საიმპერატორო კარზე მოხდა გადატრიალება – ნიკიფორე III ბოტანაიტესი ჩამოაგდეს და ტახტი ალექსი I კომნენოსმა დაიკავა. შეთქმულებას ფარულად ხელმძღვანელობდა მარიამ დედოფალი და მას მხარში ედგა და მასთან ერთად იბრძოდა გრიგოლ ბაკურიანის ძე. ალექსი კომნენოსი გაიმპერატორებამდე დასავლეთის დიდი დომესტიკოსის საპატიო თანამდებობას იკავებდა, შემდეგ კი გრიგოლ ბაკურიანის ძე დანიშნა დასავლეთის ჯარების სარდლად, ანუ დიდ დომესტიკოსად, ამავე დროს უბოძა ბიზანტიის უდიდესი სამოხელეო ტიტული – სევასტოსობა. გრიგოლის მამულები, რომლებასაც სრული საგადასახადო იმუნიტეტი ჰქონდა მინიჭებული, გაბნეული იყო იმპერიის სხვადასხვა მხარეში.

XI საუკუნის 80-იანი წლებიდან ბიზანტიის დასავლეთ საზღვრებთან გახშირდა პაჭანიკებისა და ყივჩაღების თავდასხმები. გრიგოლი თავდაუზოგავად ებრძოდა მტერს და 1081-1083 წლებს შორის ერთ–ერთი ბრძოლისას ტყვედაც ჩავარდა. ალექსი კომნენოსმა ის დიდ საფასურად გამოისყიდა.

1083 წელს გრიგოლ ბაკურიანის ძემ პეტრიწონში (ბაჩკოვო, ბულგარეთი) დაარსა ქართველთა მონასტერი (პეტრიწონის მონასტერი), რომელსაც თავის ძმის, იმპერიის მაგისტროსის აბაზ ბაკურიანის ძის ანდერძის თანახმად, აბაზის კუთვნილი დიდძალი უძრავ–მოძრავი ქონება გადასცა, მონასტერს შეუდგინა „ტიპიკონი“ ანუ წესდება, რომელიც  XI საუკუნის II ნახევრის საქართველოს, ბულგარეთისა და საბერძნეთის ისტორიის საყურადღებო წყაროა. იქაურ მწიგნობრულ საქმიანობას 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა იოანე პეტრიწი. სხვათა შორის, ტიპიკონში არაერთგზის არის აღნიშნული, რომ მონასტერი საგანგებოდ ქართველთათვის იქმნება. ჩვენამდე მოაღწიეს ტიპიკონის XIII საუკუნეში გადაწერილმა ბერძნულმა და ქართულმა ნუსხებმა.

1086 წელს ალექსი I-მა გრიგოლს მომთაბარე სკვითების წინააღმდეგ გალაშქრება დაავალა. გრიგოლმა გადამწყვეტი ბრძოლის წინ საგანგებოდ განალაგა თავისი ჯარი. შუა ბრძოლისას მოულოდნელად ცხენმა გაიტაცა, მუხას დაეჯახა და იქვე დალია სული. ეს იყო დიდი ტრაგედია ბიზანტიის იმპერიის ისტორიაში. ანა კომნენოსის სიტყვით, მამამისმა ალექსი I-მა დიდად განიცადა ეს ამბავი: დაიტირა დაღუპულები, ყველანი ცალ–ცალკე და ერთად, ხოლო დომესტიკოსის სიკვდილის გამო განსაკუთრებით წუხდა და ცრემლს ღვრიდა, ვინაიდან ძალიან უყვარდა ეს კაცი ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე მეფედ გამოაცხადებდნენ.“

ბიზანტიის იმპერიის დიდი დომესტიკოს გრიგოლ ბაკირიანის ძე დიდი პატივით წამოასვენეს და მისსავე აშენებულ მონასტერში დაკრძალეს.

წყარო:

1. სამუშია, ჯაბა. გრიგოლ ბაკურიანის ძე // დიდნი საქმენი. - თბ., 2011. - გვ.140-141.

2. გრიგოლ ბაკურიანის ძე // ქართველები უცხოეთში : წ.1. - თბ., 2012. - გვ.65-66


გააზიარე: