The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


ქუჩუკ ჰუსეინ ფაშა

დაბადების თარიღი:1754
გარდაცვ. თარიღი:1803  (49 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:„დიდ მოკვდავთა სასაფლაო“, სტამბოლი, თურქეთი
კატეგორია:პოლიტიკოსი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ქაფუდან ფაშა ქუჩუკ ჰუსეინი დიდი ვეზირი არ ყოფილა, მაგრამ დიდი წვლილი შეიტანა ოსმალეთის იმპერიის გაძლიერებაში. მიაღწია მაღალ თანამდებობას, გახდა ქაფუდან ფაშა – ოსმალეთის სამხედრო–საზღვაო ძალების სარდალი და მასვე ემორჩილებოდა სავაჭრო ფლოტიც. მომცრო ტანის გამო ზედმეტსახელად „ქუჩუკი“ (პატარა) შეარქვეს. სულთან სელიმის სამეფო კარზე იგი ყველაზე სანდო და რეფორმისტული სულით გამსჭვალული ადამიანი იყო.

1768 წელს ტყვედ გაყიდული ქართველი ბიჭი, უმცროს დასთან ერთად სტამბულში ჩაიყვანეს და სულთან მუსტაფა III-ეს აჩუქეს. მუჰაჯირთა გადმოცემით წარმოშობით იგი ბათომის ოლქიდან იყო. მისი ქართული გვარი და სახელი უცნობია. ოსმალეთის მიერ დასავლეთ საქართველოზე დაწერილი ბეგარის ძალით, ის კონსტანტინოპოლში მონად იქნა გაგზავნილი. მცირეწლოვანი ჰუსეინი თავისი გონიერებითა და სილამაზით გამორჩეული ყოფილა. პატარა მონა მოსწონებია საჭურველთმტვირთველ იბრაჰიმ ფაშას, თავისთან წაუყვანია და ცოტა რომ წამოზრდილა სულთნისთვის უჩუქებია. მუსტაფა III-ის ქართველი მეუღლე,  მიჰრიშაჰი, ჰუსეინს თავის შვილთან ერთად ზრდიდა. როგორც სულთნის დედის გაზრდილს, მას „ძიძიშვილსაც“ ეძახდნენ.

მწერალი რამაზ სურმანიძე ჰუსეინ ფაშას ისტორიას ასე აღწერს: „ჰუსეინი სულთნის შვილის, სელიმის თანატოლი იყო. ბიჭები დამეგობრდნენ და ძმადნაფიცები გახდნენ. სელიმის ტახტზე ასვლამდე სასახლეში ინტრიგების ხლართვა დაიწყეს, გადაწყვიტეს თავს დასხმოდნენ და თავიდან მოეშორებინათ მომავალი კანონიერი სულთანი. ეს განზრახვა სრულიად შემთხვევით გაიგო ჰუსეინის დამ და ძმას შეატყობინა. ჰუსეინის სიმამაცითა და მოხერხებით სელიმი სიკვდილს გადაურჩა. ამ ამბავმა ჰუსეინი კიდევ უფრო დაახლოვა სულთნის კარს და თვით ტახტის მემკვიდრეს.

ჰუსეინ ფაშამ განათლება სასახლეში მიიღო. სელიმის ტახტზე ასვლის შემდეგ, 1789 წელს მეჯინიბეთუხუცესად დაინიშნა. სამი წლის შემდეგ კი იგი ოსმალეთის მიმდებარე ყველა ზღვის კაპიტნად, ქაფუდან ფაშად დააწინაურეს. 1792 წელს, სელიმ III-ის  ინიციატივით, 38 წლის ჰუსეინმა ცოლად შეირთო სულთან აბდულ-ჰამიდ პირველის ქალიშვილი, ესმა და იგი სასახლის სიძე გახდა.

თანამედროვეთა გადმოცემით ქუჩუკ ჰუსეინ ფაშა გამორჩეული, პატიოსანი და ჭკვიანი ადამიანი იყო. მისი კაპიტნობის დროს განხორციელდა ოსმალეთის ფლოტის რეფორმა, საფრანგეთიდან და შვედეთიდან სპეციალისტები ჩამოიყვანა. ააგო ოცამდე ახალი გემი, წყალსაცავები და პორტები. ხომალდებზე გემის იკიპაჟის მუდმივი წვრთნისთვის მკაცრი დისციპლინა დაამყარა. 1792 წელს ეგეოსის ზღვის მეკობრეებზე გაილაშქრა, დაამარცხა ისინი და მათი ბანდები დაშალა.

1797 წელს ჰუსეინ ფაშა ვიდინის სერასკერად დაინიშნან და ჩრდილოეთ ბულგარეთში, სერბეთში, ეფლაკსა და ბოღდანში დაწყებული აჯანყების ჩახშობა დაევალა. ვიდინი ალყაში მოაქციეს, მაგრამ ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის სიმცირის გამო ბლოკადა გაჭიანურდა, ამიტომ ჰუსეინ ფაშამ ხელისუფლება დაითანხმა და მეამბოხეები შემოირიგეს. ეს საქმე საჩქარო იყო, რადგან 1798 წლის 2 ივლისს ნაპოლეონის ჯარების ეგვიპტეში გადასხმის გამო ქუჩუკ ჰუსეინი სტამბოლში გამოიხმეს.

1799 წელს ჰუსეინ ფაშა ფრანგების წინააღმდეგ საბრძოლველად ოსმალეთის ფლოტთან ერთად ხმელთაშუა ზღვაში გავიდა. მის სამხედრო ნიჭს მიაწერენ ეგვიპტიდან ნაპოლეონის გაძევებას. ეს საფრანგეთის მომავალი იმპერატორის პირველი მარცხი იყო. ეგვიპტეში ლაშქრობის დროს ჰუსეინ ფაშას თან ახლდა ხუსრევ ფაშა, რომელიც შემდეგ ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი გახდა. ეგვიპტის ოსმალეთისთვის დაბრუნების შემდეგ ქუჩუკ ჰუსეინმა მთავარ მმართველად კაიროში ხუსრევ ფაშა დანიშნა, თავად სტამბულში დაბრუნდა და შემდეგი რამდენიმე წელი ეგეოსის ზღვის კუნძულებისა და მორეას სანაპიროს უსაფრთხოებაზე ზრუნვას მოახმარა.

ჰუსეინ ფაშა 1792-1794 წლებში ოსმალეთში რუსეთის საგანგებო ელჩის, შემდგომში მთავარსარდლის, მიხეილ კუტუზოვის დაახლოებული პირიც ყოფილა. კუტუზოვი სუვოროვს სწერდა, – ქუჩუკ ჰუსეინი ნამდვილი ქართველია, კოხტა და ლაზათიანი, ჯიშიანი ცხენების პატრონი, კარგი მუსიკის მოყვარული და თანაც ფულების უზომოდ მფლანგველიო.

ქუჩუკ ჰუსეინ ფაშა მუდმივად მონაწილეობდა სახელმწიფოში არსებული ფინანსური და ადმინისტრაციული კრიზისის მოგვარებაში. აჯანყების ჩასაქრობად მიღებული ზომები და მისი მოქმედება ეგვიპტის ლაშქრობისას ძლიერი სახელმწიფო მოღვაწის შორსმჭვრეტელობაზე მიუთითებს. ფრანგების ეგვიპტიდან წასვლის შემდეგ ჰუსეინ ფაშა მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს ოსმალეთსა და საფრანგეთს შორის XVIII ს–ის ბოლოს გართულებული ურთიერთობების გამოსწორებას. ამის გამო მის სიკვდილს  დიდი რეზონანსი მოჰყვა საფრანგეთში. ნაპოლეონმა პარიზში ოსმალეთის ელჩს მიუსამძიმრა ჰუსეინ ფაშას გარდაცვალება.   

„ეგვიპტის მეორე დამპყრობად“ ცნობილი ქუჩუკ ჰუსეინ ფაშა  1803 წლის 8 იანვარს გარდაიცვალა ბოსფორის სანაპიროზე მდებარე მეუღლის აგარაკზე.

დასაფლავებულია სტამბოლის პრესტიჟულ „დიდ მოკვდავთა სასაფლაოზე“, მიჰრიშაჰ სულთნის აკლდამის ბაღში. მისი საფლავის ქვაზე ეპიტაფია ასე სრულდება - "მგზავრო, შეჩერდი და ილოცე ქაფუდან-ფაშას სულისათვის, რათა სამოთხე იყოს მისი სამარადისო სასუფეველი". 

წყარო:

1. ქუთათელაძე, ზურაბ. ქუჩუკ-ჰუსეინ ფაშა (1757-1803) : კაპუდან ფაშა // ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია / ზ. ქუთათელაძე. - თბ., 2011. - გვ.163.

2. ფუტკარაძე, შუშანა.ოსმალეთის სამეფო კარზმოღვაწე ქართველი დედოფლები და  სარდლები: მიჰრიშაჰ სულთანი და ქუჩუკ ჰუსეინ ფაშა / შუშანა ფუტკარაძე, მერაბ ახვლედიანი // გამონათლევი : სამეცნიერო და მხატვრულ-პუბლიცისტური წერილების კრებული:1 / ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი. - ბათუმი, 2014. - გვ. 466-474

3. ქასაბი, მურად. ჰუსეინ ფაშა (ქუჩუკი) // ოსმალეთის ქართველები / მურად ქასაბი. - სტამბოლი, 2012. - გვ.69-71

 



 


გააზიარე: