The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ნინო სანიკიძე

ნინო სანიკიძე
დაბადების თარიღი:3 იანვარი, 1973  (51 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

ნინო სანიკიძე უკვე წლებია, ამერიკაში ცხოვრობს და უცხოური პრესა აქტიურად წერს მისი არაერთი წარმატების შესახებ. ბოლო პერიოდში ის ისევ მოხვდა ტელევიზიის ეკრანებსა და პრესის ფურცლებზე – ქართველი პიანისტი ოფიციალურად იყო მიწვეული პრეზიდენტ რონალდ რეიგანის მეუღლის, ნენსი რეიგანის დაკრძალვის ცერემონიალზე, სადაც აკომპანემენტს უწევდა საოპერო მომღერალ ანა–მარია მარტინესს „ავე მარიას“ შესრულების დროს.  

ნინო სანიკიძე დაიბადა თბილისში, 1973 წლის 3 იანვარს. მუსიკის შესწავლა “ნიჭიერთა ათწლედში”, ხუთი წლის ასაკში დაიწყო. დედა - დოდო ცინცაძე "ნიჭიერთა ათწლედის" პედაგოგი და არაერთი ცნობილი პიანისტის აღმზრდელია. ნინოს პეგაგოგები იყვნენ ლალი სანიკიძე და ლალი რჩეულიშვილი. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში პროფესორ ნოდარ გაბუნიასთან და ირინა საბაშვილთან სწავლობდა.

ნინომ დაამთავრა კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტი და ასპირანტურა (საკონცერტმეისტერო დახელოვნების დარგი). იგი უმცროს დასთან, თამართან ერთად ბავშვობიდან მართავდა კონცერტებს სიმფონიური ორკესტრის თანხლებით და მონაწილეობდა კონკურსებში. ერთ–ერთ ასეთ კონკურსზე იტალიის ქალაქ რაგუზა იბლაში 18 წლის თამარმა გაიმარჯვა და ამერიკაში სწავლის სრული დაფინანსება მოიპოვა.

თამარ სანიკიძე ამერიკაში 1898 წელს ჩავიდა. კონკურსში გამარჯვების შემდეგ ერთ წელში მას ნინოც შეუერთდა. დებმა ორ წელიწადში დაიცვეს ჩრდილოეთ აიოვას უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხი. მოგვიანებით სწავლა მერილენდის უნივერსიტეტში გააგრძელეს, სადაც მუსიკის დოქტორებიც გახდნენ.

ჯერ კიდევ სტუდენტობისას ნინო სანიკიძემ პროფესიული საქმიანობა ისეთ საოპერო თეატრებთან დაიწყო, როგორიცაა კანზასისა და კლივლენდის ოპერა და Teatro Di San Carlo ნეაპოლში; ზაფხულობით კი ნიუ-იორკში Bard Summer Scape ფესტივალისთვის მუშაობდა.

მერილენდში სწავლისას ნინომ ვაშინგტონის ნაციონალური ოპერის “ახალგაზრდა არტისტების პროგრამაზე” ჩააბარა და, როგორც თავად ამბობს, სწორედ მაშინ დაიწყო მისი პროფესიული კარიერაც. ვაშინგტონის ოპერაში სტაჟირების დროს მან გაიცნო ამ ოპერის  გენერალური დირექტორი, ცნობილი ტენორი პლასიდო დომინგო და რეჟისორი ფრანჩესკა ზამბელო. მალევე ორივე სახელგანთქმულმა ხელოვანმა, ვისთან ერთადაც ნინო 2003 წელს ვაგნერის “ვალკირიაზე” მუშაობდა, ქართველ მუსიკოსს  სამსახური შესთავაზა და  სხვა რეჟისორებთან და დირიჟორებთან რეკომენდაციაც გაუწია.

“მაესტრო  დომინგომ შემომთავაზა, რომ ლოს ანჯელესის ოპერაში “ახალგაზრდა არტისტების პროგრამა” (ევროპაში იგი “ახალგაზრდა არტისტების აკადემიადაა” ცნობილი) გამეხსნა  და სასწავლო პროცესისთვისაც მეხელმძღვანელა. მე ეს შეთავაზება მივიღე. ძალიან პრესტიჟულია აქ მუშაობა. ჰოდა, 2006 წლიდან  ვაშინგტონიდან ლოს ანჯელესში გადავედი.. მიუხედავად იმისა, რომ ეს ახალგაზრდული პროგრამა სულ ათი წელია რაც არსებობს, იგი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ამ პროგრამაში მოსახვედრად ადამიანმა საკმაოდ სერიოზული კონკურსი უნდა გაიაროს: 550 პრეტენდენტიდან მხოლოდ ოთხი–ხუთი უნდა შეირჩეს. ჩვენი კურსდამთავრებულები მსოფლიოში საუკეთესო  საოპერო თეატრებში მუშაობენ და არაერთი პრესტიჟული სამუსიკო კონკურსის ლაურეატებიც არიან“,– მოგვითხრობს ნინო სანიკიძე.

2008 წელს დომინგოს თხოვნით ნინო სანიკიძე საერთაშორისო კონკურს  “ოპერალიას” ოფიციალური კონცერტმეისტერი გახდა და მას მერე იგი ყოველ წელს ამ პრესტიჟული კონკურსისთვის მუშაობს. ეს ღონისძიება ყოველ წელს მსოფლიოს სხვადასხვა თეატრში ტარდება და ნინოს ევალება საკონკურსო რეპერტუარის შერჩევა და კონკურსანტებთან მეცადინეობა .

„ჩემთვის  ოპერის თეატრში მუშაობა ოცნების მწვერვალია, რადგანაც იმის საშუალება მაქვს, რომ ჩემს ორ სიყვარულს – მუსიკასა და თეატრს  ერთდროულად ვემსახურო.  ხშირად ფიქრობენ, რომ კონცერტმაისტერი წარუმატებელ პიანისტს ნიშნავს. მე ამ შეხედულებას არ ვიზიარებ. ჩემი აზრით, ეს სრულიად განსხვავებული ორი პროფესიაა. სოლო პიანისტისა და კონცერტმაისტერის საქმიანობას მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი სირთულე და სპეციფიკა აქვს. ყოველთვის, როცა ოპერას ვუსმენ, განსაკუთრებით კი ვერდისა და მოცარტის, ძალიან მიხარია, რომ ვარ მუსიკოსი, რომ შემიძლია მუსიკის სიდიადე აღვიქვა და  მის ჟღერადობაში ჩემი პატარა წვლილიც შევიტანო”, – ამბობს ნინო.

ნინო სანიკიძე ლოს-ანჯელესის ოპერაში მოღვაწეობს –  თეატრის პიანისტი, დირიჟორის ასისტენტი და სუფლიორია. როცა ზაფხულში ლოს-ანჯელესის ოპერა იხურება, იგი სხვა თეატრებსა და საერთაშორისო ფესტივალებისთვის მუშაობს; ისეთებისთვის, როგორიცაა კალიფორნიაში Music Academy of the West, მადრიდში Teatro Real, ჩილეში Teatro Municipal de Santiago და ა.შ.

თავისუფალ დროს ნინო ცდილობს, რომ თავისი ცოდნა და გამოცდილება მომავალ თაობას გაუზიაროს – იგი კანზასის უნივერსიტეტის მთავარი მოწვეული პედაგოგია და სტუდენტებისთვის მასტერკლასებს ატარებს.

ქართველი პიანისტი ბარდის საზაფხულო ფესტივალზე მუშაობდა მაყვალა ქასრაშვილთან შოსტაკოვიჩის ოპერაზე „ცხვირი“, რომელიც მხატვრულად გოგი ალექსი–მესხიშვილმა გააფორმა. მათთან შეხვედრას სიამოვნებით იგონებს და ოცნებობს იმ დღეზე როცა დასთან ერთად საქართველოშიც გამართავს კონცერტებს.

წყარო:

1. blogs.netgazeti.ge/2016/07/18/ნინო-სანიკიძე-როცა-ოპერა/
2. www.tbiliselebi.ge/?mas_id=268447272&year=2016&rubr_id=4&jurn...ეგი: თბილისი

3. www.kvirispalitra.ge/.../23501-ras-fiqrobs-plasido-domingo-saqarthvelosa-da-qarthve...

4. radio1.ge/ge/videos/view/125633.html

5. სანიკიძე, თამარ. ქართველი პიანისტი დები, რომელთა გარეშე დომინგო კონკურსს არ ატარებს : ინტერვიუ / თ. სანიკიძე ; ესაუბრა თამარ გონგაძე // პრაიმტაიმი. -  2013. - 13 მაისი. - N19. - გვ.42-43

6. გაბრიჭიძე, მანანა. Family Sanikidze - პლასიდო დომინგო : კონცერტმაისტერი / მანანა გაბრიჭიძე // ბომონდი. - თბილისი, 2010. . - ივნისი. - N5(27). - გვ.70-71


გააზიარე: