The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


თამარ სანიკიძე

თამარ სანიკიძე
სხვა სახელი:თათა  (შემოკლებული ფორმა)
დაბადების თარიღი:1977  (47 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

თამარ სანიკიძე დაიბადა 1977 წელს, თბილისში. დედა - დოდო ცინცაძე „ნიჭიერთა ათწლედის“ პედაგოგი და არაერთი ცნობილი პიანისტის აღმზრდელია. დედის პროფესიამ თავიდანვე განსაზღვრა თამარისა და მისი უფროსი დის, ნინოს ბედი. მათ ჯერ თბილისის ნიჭიერთა ათწლედი დაამთავრეს (პედაგოგები: ლალი სანიკიძე და ლალი რჩეულიშვილი), შემდეგ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში დაოსტატდნენ პროფესორ ნოდარ გაბუნიასთან და ირინა საბაშვილთან.

სკოლის ტრადიციების მიხედვით, დები თითქმის ყოველ წელს უკრავდნენ საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, ჰქონდათ სოლო კონცერტები. თათამ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად პირველად 8 წლის ასაკში დაუკრა. ჰქონდა გასტროლები საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებსა და ევროპის ქვეყნებში, მონაწილეობდა კონკურსებში. მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურსი აღმოჩნდა, 1996 წელს იტალიის ქალაქ რაგუზა იბლაში გამართული მუსიკის საერთაშორისო კონკურსი, რომელზეც 18 წლის პიანისტმა გრანპრი მოიგო და ჩრდილოეთ აიოვას უნივერსიტეტში სწავლის სრული დაფინანსება მიიღო.

თამარ სანიკიძე ამერიკაში 1998 წელს ჩავიდა. როგორც თავად იგონებს, ჯიბეში 70 დოლარი ედო, ხელში პატარა ჩემოდანი ეჭირა, ერთი ინგლისური სიტყვა არ იცოდა, მაგრამ სწამდა, რომ თავისი ხელოვნებით წარმატებას მიაღწევდა. ერთი წლის შემდეგ კონკურსის შედეგად ნინოც ჩაირიცხა ჩრდილოეთ აიოვას უნივერსიტეტში. ორ წელიწადში ორივეს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი, მოგვიანებით კი სადოქტოროც დაიცვეს მერილენდის უნივერსიტეტში.

2000 წელს თამარს დებიუტი „კორნეგი ჰოლში“ ჰქონდა სოლო კონცერტით. ამის შემდეგ იყო მრავალი კონკურსი, მოსმენა, მასტერკლასები ისეთ გამოჩენილ მუსიკოსებთან, როგორიც არიან ლეონ ფლეისერი, ლორენ ჯონსი, მარტინ კაცი, ტიტა სლოუნი.... აღსანიშნავია ასპენისა და კლივლენდის, ბარდის, სანტა–ბარბარას აღიარებული ფესტივალები, სადაც დები მონაწილეობდნენ როგორც სოლისტები, კამერული მუსიკის განხრით.

თამარ სანიკიძე ვაშინგტონის მერილენდის უნივერსიტეტში ასწავლიდა და  ვაშინგტონ–ოპერის მუსიკალური განყოფილების წევრი იყო. სეზონურად სხვა ქალაქების ოპერებშიც მოღვაწეობდა, მათ შორის, სახელგანთქმულ სან–ფრანცისკოს საოპერო თეატრში, სადაც ურთულეს კონკურსში გამარჯვების შედეგად მიიწვიეს დირიჟორის თანაშემწისა და კონცერმაისტერ–მწვრთნელის თანამდებობაზე. იგი ხშირად იმყოფება გასტროლებზე სხვადასხვა მომღერალთან ერთად, ხოლო როგორც საოპერო დადგმების მთავარი კონცერტმაისტერი წარმატებით მუშაობს ახალ ოპერებზე მსოფლიოს წამყვან საოპერო თეატრებში – მილანის ლა სკალა, ბუდაპეშტის სახელმწიფო საოპერო თეატრი, გალინა ვიშნევსკაიას საოპერო ცენტრი მოსკოვში. ვერონის ფილარმონია, ლონდონის სამეფო ოპერის თეატრი, მექსიკის გვადალაჰარას თეატრი და სხვა.

2002 წელს ცნობილმა ტენორმა და დირიჟორმა პლასიდო დომინგომ ნინო სანიკიძესთან ერთად იმუშავა ვაშინგტონ–ოპერაში და იმდენად მოიხიბლა, რომ თავის პროგრამაში ერთ–ერთ პიანისტად აიყვანა. ორი წლის შემდეგ მათ თამარიც შეუერთდა. „პლასიდოს პროგრამაში ბევრი პიანისტი ჰყავს, მაგრამ ეტყობა თავიდანვე მოეწონა ჩვენი დაკვრის სტილიც, ტექნიკაც და შრომისუნარიანობაც, რადგან დასაკრავად ყოველთვის განსაკუთრებულ პროექტებს გვაძლევდა... ვგრძნობდი, რომ ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადრებას გვაქცევდა მეც და ნინოსაც. ამბობდა – თქვენ განსაკუთრებულად უკრავთო“, – ამბობს თამარ სანიკიძე.

დომინგომ დები თავდაპირველად მიიწვია ვაშინგტონის ოპერის ახალგაზრდა არტისტთა დახელოვნების სტუდიაში საკონცერტმაისტერო განხრით. 2006 წელს დიდმა მაესტრომ ლოს–ანჯელესში ჩამოაყალიბა ახალი პროგრამა და თამარი მუსიკალური განყოფილების ხელმძღვანელად დანიშნა. 2008 წლიდან თამარი და ნინო დომინგოს ყოველწლიური საერთაშორისო კონკურსის „ოპერალიას“ მუსიკალური განყოფილების უცვლელი წევრები არიან. კონკურსანტების რეპერტუარის შედგენა და წინასაკონკურსო მომზადებაც მათ ევალებათ. „კონკურსი ერთი კვირა გრძელდება, მაგრამ მე, ჩემი და და მომღერლები ერთი კვირით ადრე ჩავდივართ. მერე მძიმე ექსპრესიული მომზადება იწყება. მე და ნინოს პლასიდო იმ დონემდე გვენდობა, რომ კონკურსანტების რეპერტუარს მთლიანად ჩვენ გვადგენინებს. გვეუბნება – მინდა მომღერლების მრჩევლები იყოთო. ჩვენთან მოდიან მომღერლები, ვამეცადინებთ და რჩევას ვაძლევთ“, – ჰყვება თამარი.

თამარ სანიკიძე 14 საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის ლაურეატია. იგი იყო პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის სტიპენდიატი. მიღებული აქვს ჯილდოები მსოფლიოს წამყვან მუსიკალურ ფესტივალებზე. ხშირად უკრავს „კარნეგი ჰოლში“. მას, ვაშინტონში, თეთრ სახლშიც ჰქონდა კონცერტი. მაშინ პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ახალი დაბრუნებული იყო საქართველოდან და, რომ გაიგო, თამარი ქართველი იყო, უდიდესი სითბო გამოხატა მის მიმართ – თავად დაათვალიერებინა თეთრი სახლი, როგორც საპატიო სტუმარს. 2015 წლის იანვრიდან მოღვაწეობს კალიფორნიაში, დასავლეთის მუსიკალური აკადემიის ვოკალურ ფაკულტეტზე და, აგრეთვე, ტეხასის უნივერსიტეტში, ბატლერის მუსიკალურ სკოლაში, ოსტინში, სადაც იგი არის ძირითადი მწვრთნელი Butler–ის საოპერო ცენტრში.

თათას ჰყავს ამერიკელი მეუღლე – ნორმ ქროსლი, ვისთანაც 2012 წელს შეეძინა ქალიშვილი – დეა.

წყარო:

1. music.utexas.edu/about/people/sanikidze-tamara 

2. სანიკიძე, თამარ. ქართველი პიანისტი დები, რომელთა გარეშე დომინგო კონკურსს არ ატარებს : ინტერვიუ / თ. სანიკიძე ; ესაუბრა თამარ გონგაძე // პრაიმტაიმი. -  2013. - 13 მაისი. - N19. - გვ.42-43

3. გაბრიჭიძე, მანანა. Family Sanikidze - პლასიდო დომინგო : კონცერტმაისტერი / მანანა გაბრიჭიძე // ბომონდი. - თბილისი, 2010. . - ივნისი. - N5(27). - გვ.70-71

4. blogs.netgazeti.ge/2016/07/18/ნინო-სანიკიძე-როცა-ოპერა/: თბილისი

5. www.kvirispalitra.ge/.../23501-ras-fiqrobs-plasido-domingo-saqarthvelosa-da-qarthve...


გააზიარე: