The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ეკა ფერაძე

ეკა ფერაძე
დაბადების თარიღი:23 მარტი, 1974  (50 წლის)
კატეგორია:დიზაინერი, მხატვარი

ბიოგრაფია

ეკა ფერაძე 1974 წლის 23 მარტს თბილისში დაიბადა. ის, რომ მხატვარი უნდა გამხდარიყო ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში გადაწყვიტა. 1989–1991 წლებში სწავლობდა თბილისის მოსე თოიძის სახელობის ხელოვნების სკოლაში, რომელიც წითელ დიპლომზე დაასრულა.

„ვფიქრობ, ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია. მთავარია, მონდომება და იმ ნიჭის ბოლომდე დახარჯვა, რაც ბუნებამ მოგცა“, – ეს ეკა ფერაძის დევიზია. საქართველოდან 1995 წელს, მეუღლესა და ორ შვილთან ერთად გაემგზავრა, რადგან მიიჩნევდა, რომ აქ მის პროფესიულ განვითარებას გასაქანი არ მიეცემოდა. ბერლინში ცოლ–ქმარმა ჰუმბოლტის უნივერსიტეტში ლინგვისტიკის ფაკულტეტზე ჩააბარა და სწავლასთან ერთად შემოქმედებით შრომასაც შეუდგა. დილით ხუთ საათზე იღვიძებდნენ, ექვსზე ბავშვები ბაღში მიჰყავდათ და რედაქციაში მიდიოდნენ ილუსტრაციების შესაქმნელად, საღამოს კი ლექციებზე მიიჩქაროდნენ.

ეკა ფერაძე 5 წლის განმავლობაში მუშაობდა მხატვრად წამყვანი ჟურნალების Berliner Curier–სა და Berliner zeitung–ის გამომცემლობებში. 2000 წლიდან კი იგი უკვე მხატვარ-დიზაინერია.

სამსახურში ილუსტრაციების შესრულების პარალელურად, ეკა და მისი მეუღლე, კატალოგებით გალერეიდან გალერეაში დადიოდნენ, სთავაზობდნენ თავიანთ ნახატებს, ეს პროცესი არც ისე ცოტახანს გაგრძელდა, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ეკას ერთ-ერთი გალერეის მეპატრონე დაუკავშირდა და უცხოელი მხატვრებისთვის დაგეგმილ ჯგუფურ გამოფენაში მონაწილეობის მიღება შესთავაზა. „ეს იყო ჩემი პირველი გამოფენა საზღვარგარეთ, საქართველოში ერთი-ორ ჯგუფურ გამოფენაში მივიღე მონაწილეობა თუმცა მაშინ 17 წლის ვიქნებოდი. ძალიან ემოციური დღე იყო ჩემთვის, ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა და პირველი გამოფენისთვის წარმატებით ჩაიარა, რადგან ხუთი ნამუშევარი გავყიდე“, – იგონებს ეკა.

პირველ გამოფენას, პატარა პაუზაც მოჰყვა, გამოფენის მოწყობა თანხებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი მოგვარდა, მენეჯერები თავად დაუკავშირდნენ და თავიანთი მომსახურება შესთავაზეს. მას შემდეგ მრავალ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. პერსონალური გამოფენები: 2014 კოსოვოს საელჩო; 2013-11- Galerie Apollo (თბილისი); 2013-04- Privat Galerie ლიკა (თბილისი); 2013-03- ხელოვნების უნივერსიტეტი (ბათუმი); 2013-02- Art-ატელიე Peradze (თბილისი); ჯგუფური გამოფენები: 2014-20.11.-23.11– Art Fair Stuttgart; 2013 07-08 –Galerie Kunstverein-ZeitKunst-Baden-Baden Peter Sommerfeld; 2013-10 Creatives Rising Long Island City, NY 2013 MIAMI BEACH 2013 და სხვა.

მართალია ეკა ბერლინში მოღვაწეობს, მაგრამ მისი ნამუშევრები მთელს მსოფლიოშია ცნობილი. მოსკოვში, ბელორუსიაში და უკრაინაში გახსნილია მისი ტექსტილის მაღაზიები. პოპულარულია ასევე ეკასეული სვაროვსკის თვლებით შექმნილი ბიჟუტერია. გარკვეული პერიოდის მანძილზე ქმნიდა საქორწინო კაბებს და ორიგინალურ კორსეტებს, რომლებიც ონლაინმაღაზიის საშუალებით იყიდებოდა და შეძენილი აქვთ ცნობილ პოპ-მომღერლებსა და ჰოლივუდის ვარსკვლავებს. ამბობს, რომ არ შეუძლია ერთი მიმართულებით იმუშაოს. მოინდომა საკუთარი ხაზის სუნამოს („ჯადოსნური ღამე“) გამოშვება და ესეც მოახერხა, მაგრამ ამჟამად მხოლოდ მხატვრობითაა დაკავებული.

ეკა ფერაძე ბერლინში ინტერნაციონალურ მხატვართა კავშირის წევრია. მის ნახატებს facebook-ისა და უცხოური აუქციონების საშუალებით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ყიდულობენ. ეკას თავისი სტილი აქვს და მის მხატვრობას დამფასებელიც ჰყავს.

მიმართულებასა და ჟანრს თავად ირჩევს, ცვლის, თავისებურსა და განსხვავებულს აკეთებს. ნახატებს ხშირად ინტერიერისთვის უკვეთავენ. სულ გამოფენებისა და აუქციონების ჩათვლით 4000-მდე ნახატი აქვს გაყიდული. 2016 წლის თებერვლის თვეში OXFORD INTERNATIONAL ART FAIR-ის გამოფენაზე მისი შემოქმედება 200 მონაწილიდან 10 საუკეთესოს შორის მოხვდა. მნიშვნელოვანია, რომ სურვილის შემთხვევაში მისი შემოქმედება, შესაძლებელია, ბრიტანულ ჟურნალ Vogue Magazine-ში ყოველთვიურად განთავსდეს. დასამახსოვრებელი იყო მისი მონაწილეობა საერთაშორისო ხელოვნების გამოფენაზე DANS LA SALLE DE CURE AU CHATEAU D'EAU „GLATT“-ში, სადაც გამოფენა სალვადორ დალის მოსწავლესა და მის შვილობილთან ერთად ჰქონდა.

ევროპამ განსხვავებული გემოვნება ჩამოუყალიბა და უჩვენა, როგორ შეექმნა რაღაც ახალი, რაც სხვებისგან გამოარჩევდა. თანამედროვე ინტერიერმა კი აბსტრაქტული  ნამუშევრების შექმნის საშუალება მისცა. ნახატებს, ძირითადად, აკრილში და ტილოზე ასრულებს, თუმცა, ამჯერად 3D ფორმატში ხატავს. 3D ფორმატში შესრულებული ნამუშევრები მის შემოქმედებაში შედარებით ახალი თემაა. როგორც თავად ამბობს, 3D ნახატებს განსხვავებული ხედვა და განწყობა სჭირდება. "ვიდრე ხატვას დავიწყებ, უნდა დავინახო, როგორი იქნება. დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას. ამიტომ ხატვის დროს ჩემს თავს სულ ამას ვუმეორებ: "იყავი დადებითი და იფიქრე დადებითად". მინდა, რომ ჩემი ნამუშევრებით არა მარტო მე ვიყო კმაყოფილი, არამედ დამთვალიერებელიც", – ამბობს ხელოვანი.

ეკა  თავისუფალი მხატვარია და გამოფენებს მთელი ევროპის მასშტაბით აწყობს. ასევე, ინტერნეტ-მაღაზიისა და გერმანელი მენეჯერის დახმარებით, მისი უამრავი ნახატია გაყიდული საფრანგეთში, ავსტრალიაში, თურქეთში, ამერიკაში. ავსტრიაში Art Innsbruck-ის გამოფენაზე მიიწვიეს. აქ გამოიცა კატალოგები, სადაც დაინტერესებული მსურველი იხილავს ინფორმაციას ეკა ფერაძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე.

დღეს მხატვარი მეუღლესა და ოთხ ვაჟთან ერთად ცხოვრობს ბერლინში. ხშირად აწყობს საქველმოქმედო გამოფენებსა და აუქციონებს. "ქველმოქმედება ჩემი ცხოვრების ნაწილია", – აღნიშნავს ეკა. გამოფენიდან და აუქციონიდან შემოსული თანხების დიდი ნაწილი  ქველმოქმედებას ხმარდება. საქართველოშიც ხშირად ჩამოდის და შვილებიც ჩამოჰყავს. უფროსები მშობლების კვალს გაჰყვნენ და უკვე მხატვრები არიან.

საქართველოში ეკას პირველი საქველმოქმედო გამოფენა იუსტიციის სამინისტრომ გააკეთა კოჯრის ბავშვთა სახლის დასახმარებლად. ასევე მონაწილეობდა აუტიზმით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში ჩატარებულ გამოფენაში; ძეგვის ბავშვთა სახლის გაზის დავალიანებისთვის შესაგროვებლად სავაჭრო ქსელ „ქარვასლაში" გამართულ გამოფენაში; რუსთაველის თეატრში ჩატარებულ საქველმოქმედო საღამოში, სადაც მისი გამოფენა ამშვენებდა ჯგუფ „შინის" კონცერტს.

მხატვრი თავის ვებ-საიტზე აუქციონებსაც მართავს, სადაც ნახატების ფასი 1 დოლარიდან იწყება და შემოსული თანხა მთლიანად საქართველოში სხვადასხვა ადამიანების დასახმარებლად გროვდება. ის ადამიანებს ეხმარება პროფესიული განვითარების კუთხითაც. ქართველ ახალბედა ხელოვანთა წასახალისებლად დააარსა ფონდი, ვებგვერდი, სადაც ყველას აქვს შესაძლებლობა, განათავსოს თავისი ნახატი. ნამუშევრების განთავსება შეუძლიათ ასევე უცხოეთის სხვადასხვა "არტ ვებგვერდებზე". რამდენიმე ადამიანს თავად ეკა აფინანსებს. 

მიუხედავად იმისა, რომ ეკა ფერაძე გერმანიის მოქალაქეა, უცხოეთში გამართულ გამოფენებში მონაწილეობას საქართველოს სახელითაც იღებს ხოლმე. „ამდენი წელია წასული ვარ და მაინც აქ ყოველთვის უკეთ ვგრძნობ თავს. ჩემს შვილებს თვითონ ვასწავლე ქართული წერა-კითხვა, მაგრამ ერთმანეთში მაინც გერმანულად საუბრობენ, ამაზე გული მწყდება, მაგრამ ეს მოსალოდნელიც იყო, მაინც იქ გაიზარდნენ, მე კი გული მაინც აქეთ მომიწევს, ჩემს შვილებსაც უნდათ საქართველოში ჩამოსვლა, შეიძლება რაიმე საინტერესო ერთადაც დავგეგმოთ", –ამბობს ეკა.

წყარო:

1. www.24saati.ge/weekend/story/32092-mkhatvroba-qvelmoqmedebisatvis 

2. https://sputnik-georgia.com/positive/20160629/232360642.html

3. www.qwelly.com/group/art/forum/topics/eka-peradze-art

4. www.tbiliselebi.ge/?mas_id=268435863&year=2012&jurn_id=40&rubr..

5. ekaperadze.beepworld.de/

 


გააზიარე: