Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
მარიამ ბაწაშვილი![]()
Biographyწარმატებული ქართველი პიანისტი მარიამ ბაწაშვილი ვაიმარში ცხოვრობს და ფერენც ლისტის სახელობის უნივერსიტეტში სწავლობს. დაიბადა 1994 წელს თბილისში, დაამთავრა ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის № 2 ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი. ძალიან ემადლიერება თავის პედაგოგ ნატალია ნაცვლიშვილს, რომელთანაც დღემდე თანამშრომლობს, – „ჩემი მუსიკის მასწავლებელს ნატალია ნაცვლიშვილს მართლაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩემ მუსიკალურ, ადამიანურ და სულიერ განვითარებაში. 6 წლიდან დღემდე მისი მოსწავლე ვარ. მუსიკის გაკვეთილებზე ყოველთვის დიდი ინტერესით და მონდომებით მივდიოდი. დღესაც, როცა ვაიმარში ვცხოვრობ და ვსწავლობ ლისტის სახელობის უნივერსიტეტში, ნატალიას გაკვეთილები ჩემთვის პრიორიტეტულია... ნატალია ყოველთვის ავითარებს ჩემს ფანტაზიას, ანუ ის ფაქტი, რომ მუსიკის დაკვრისას საკუთარი სიუჟეტი მქონდეს, მსმენელს იმის საშუალებას აძლევს, რომ მათაც საკუთარი სიუჟეტი ჰქონდეთ, თუნდაც რაიმე წარმოიდგინონ საკუთარი ცხოვრებიდან. მუსიკას აქვს იმის ძალა, რომ ადამიანებში დიდი ხნის მიძინებული გრძნობები გააღვიძოს“. ქართველი პიანისტი არაერთი პრესტიჟული კონკურსის გამარჯვებულია. ვაიმარის ფერენც ლისტის სახელობის უნივერსიტეტში სწავლის უფლება სრული დაფინანსებით 2011 წელს, ახალგაზრდა (18 წლამდე ასაკის) პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში გამარჯვების შედეგად მოიპოვა. გრან პრისთან ერთად მარიამმა ლისტის ნაწარმოების საუკეთესო ინტერპრეტაციისათვის ლისტის ფონდის მიერ დაარსებული სპეციალური პრიზი და ახალგაზრდების მუსიკალური კონკურსების ევროპული გაერთიანების (EMCY) სპეციალური პრიზიც დაიმსახურა. ვაიმარში მისი პედაგოგია პროფესორი გრიგორი გრუზმანი. აქ მარიამმა უკვე დაამთავრა ბაკალავრიატი საუკეთესო შეფასებით და ამჟამად მაგისტრატურაში სწავლობს. ფერენც ლისტი მარიამის საყვარელი კომპოზიტორია. მისი მუსიკის მიმართ ბავშვობიდან განსაკუთრებულ სიახლოვეს გრძნობს, – „ფერენც ლისტის მუსიკაში ყველაფერია: ყველანაირი აზრი, ემოცია, გრძნობა, მორალი, რელიგია, ერთ-ერთი ჩემთვის უმთავრესი — თანაგრძნობა... იმისთვის, რომ ლისტის მუსიკა შეასრულო, ტექნიკური, ფიზიკური შესაძლებლობა მაღალ დონეზე უნდა გქონდეს, მაგრამ ამ დონეზე არ უნდა დარჩე. ეს უნდა გამოიყენო იმისთვის, რომ დაინახო ამ თეთრ ქაღალდზე დაწერილი პატარა შავი ნოტების იქით რა ხდება, დაინახო ნაწარმოების მორალი და მის აზრს ჩაუღრმავდე, გაიგო, რისთვის დაწერა ლისტმა ეს ნაწარმოები… ის ჩემთვის უახლოესი კომპოზიტორია“. საერთაშორისო აღიარება მარიამ ბაწაშვილმა მოიპოვა ფერენც ლისტის მე-10 საფორტეპიანო კონკურსზე ჰოლანდიის ქალაქ უტრეხტში 2014 წელს, სადაც მიანიჭეს პირველი პრემია, ჟიურის სპეციალური ჯილდო და ამასთანავე პრესის პრიზი. „გამარჯვებული ბაწაშვილი ყოველ მუსიკალურ ფრაზას რაღაც განსაკუთრებულ მოვლენად აქცევს“ - ასე დაასათაურა მისდამი მიძღვნილი სტატია ჰოლანდიურმა გაზეთმა NRC Handelsblad, ხოლო საერთაშორისო ჟიურიმ მას „ჩამოყალიბებული ხელოვანი“ უწოდა, რომელსაც გააჩნია „შესრულების არაჩვეულებრივი ტექნიკა“ და „გულწრფელი ემოცია“. ასეთი წარმატების შემდგომ დაიგეგმა მარიამის სამწლიანი საკონცერტო ტურნე. იგი გამოდიოდა წამყვან სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად, მათ შორის: the Dutch Radio Philharmonic Orchestra ჯეიმს გაფიგანის დირიჟორობით ამსტერდამის კონცერტგებაუში, სადაც შეასრულა ლისტის საფორტეპიანო კონცერტი No.1, the Rotterdam Philharmonic Orchestra რაფაელ პეიერის დირიჟორობით (ჩაიკოვსკის საფორტეპიანო კონცერტი No.1) და the Brussels Philharmonic Orchestra (სენ-სანსის საფორტეპიანო კონცერტი No.2); სოლო კონცერტები გამართა 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის: ჩინეთში (the NCPA in Beijing and the Shanghai Concert Hall), სამხრეთ კორეაში, ინდონეზიაში, ბრაზილიაში, აშშ-ში, სამხრეთ აფრიკაში, საფრანგეთში, ესპანეთში, ნორვეგიაში, ბალტიის ქვეყნებში, ბენელუქსში და გერმანიაში. ასევე, მრავალი საერთაშორისო ფესტივალის სტუმარი გახლდათ, როგორიცაა the Beethovenfest Bonn, Pianofortissimo Festival Bologna and the Delft Chamber Music Festival. აი, რას წერს ქართველი პიანისტის შესახებ გამოცემაში SÜDDEUTSCHE ZEITUNG კრიტიკოსი ეგბერტ ტოლლე - „ათასი უძლიერესი მომენტი ... ბაწაშვილი ქმნის მუქ პოეზიას, რომელიც ყოველთვის ბუნებრივია და ზუსტი… ჯადოსნური მომენტები ყოველთვის დაწყვილებულია თანმიმდევრულად, შეესატყვისება მის ვირტუოზულ სულს… მისი შესრულება გამოხატავს ობიექტურ სიბრძნეს“. მარიამ ბაწაშვილს ევროპის საკონცერტო დარბაზის ორგანიზაციამ the European Concert Hall Organisation (ECHO) მიანიჭა 2016-2017 სეზონის „ამომავალი ვარსკვლავის“ წოდება და დაიგეგმა კონცერტები ყველაზე მნიშვნელოვან საკონცერტო დარბაზებში მთელი ევროპის მასშტაბით, მათ შორის: the Philharmonies of Paris, Cologne and Luxembourg, the Vienna Musikverein, the Palais des Beaux-Arts in Brussels, the Müpa Budapest, L’Auditori in Barcelona, the Stockholm Concert Hall, the Southbank Centre in London, the Elbphilharmonie Hamburg და the Concertgebouw Amsterdam. მარიამ ბაწაშვილს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს, მაგრამ საქართველოში ჩამოსასვლელად და კონცერტის გასამართად დროს ყოველთვის პოულობს. უახლოეს მომავალში ახალი ალბომის ჩაწერას გეგმავს. ჰოლანდიელები მასზე დოკუმენტურ ფილმს იღებენ. გადამღები ჯგუფი დადის მარიამის კონცერტებზე, აკვირდებიან როგორ ცხოვრობს, რას აკეთებს, რა მოსწონს, სად მოგზაურობს და ასე შემდეგ. უკვე საქართველოშიც იყვნენ და პიანისტის სახლი გადაიღეს, ნათესავები და მეგობრები ჩაწერეს. ფილმის გადაღება 2017 წელს დასრულდება და ის ჰოლანდიურ, გერმანულ და ფრანგულ ტელევიზიებში გაშუქდება. წყარო: https://sputnik-georgia.com/positive/20160817/233007243.html www.interpressnews.ge/.../425247-pianisti-mariam-batsashvili-thbilisis-operis-theatris-... www.radiotavisupleba.ge/a/26708269.html https://www.youtube.com/watch?v=nyOMWgQt3JM
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |