The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ქეთევან ბადრიძე

ქეთევან ბადრიძე
დაბადების თარიღი:24 იანვარი, 1970  (54 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

ქეთევან ირაკლის ასული ბადრიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი პიანისტია. დაიბადა 1970 წლის 24 იანვარს, თბილისში. პატარა ქეთევანი ხშირად ესწრებოდა მუსიკოსი დედის გაკვეთილებს და აქედან გამომდინარე მისი ნიჭიც ადრე გამოჟღავნდა. 5 წლის ასაკში მიიყვანეს თბილისის „ნიჭიერთა ათწლედში“, ქალბატონ ნელი იმედაშვილთან. ათწლედში გატარებულ წლებს სიამოვნებით იხსენებს, – ორკესტრებთან ერთად უკრავდა და საჩვენებელ კონცერტებზე გამოდიოდა... "ნიჭიერთა ათწლედი" 1988 წელს დაამთავრა და ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანი ფაკულტეტზე ჩააბარა. აქ ბატონ თემურ მათურელთან მოხვდა, რომელიც, სამწუხაროდ, ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა. სწორედ მასთან სწავლის პერიოდში გაიარა პირველი კონკურსი. 1991 წელს მეორე ადგილი აიღო ქალაქ ნიუ–პორტის ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე, ინგლისში. ისე მოხდა, რომ პედაგოგის გარდაცვალების შემდეგ, ქეთევანს არაერთხელ მოუხდა მისი შეცვლა საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის კვარტეტში. ეს კვარტეტი საფრანგეთში მოღვაწეობდა და კონცერტები წინასწარ იყო დაგეგმილი მთელი ევროპის მასშტაბით.

თბილისის კონსერვატორიაში სწავლა ქეთევან ბადრიძემ ნოდარ გაბუნიასთან გააგრძელა. „თემურ მათურელის გარდაცვალება ჩემთვის უდიდესი ტრაგედია იყო, ასეთი ახლობელი ადამიანის დაკარგვა ძალიან მძიმედ გადავიტანე... შემდეგ ისევ გამიმართლა და  ბატონ ნოდარ გაბუნიასთან აღმოვჩნდი – ასპირანტურა მასთან დავამთავრე.  ნოდარ გაბუნია გამორჩეული მუსიკოსი და პედაგოგი იყო. მან უდიდესი როლი შეასრულა ჩემს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში“, – იგონებს პიანისტი. კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში ქეთევანი უკვე დაოჯახებული იყო და ვაჟიც ჰყავდა. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისი პროფესიული დაოსტატებისთვის. კონსერვატორია 1993 წელს დაამთავრა და 1994 წლიდან ნოდარ გაბუნიას ასისტენტ–სტაჟიორად დაიწყო მუშაობა. 1995 წელს საქართველოს საერთაშორისო I კონკურსზე მიიღო  II პრემია და "მაყურებლის სიმპათიის" პრიზი მოცარტის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის.

ამერიკაში 2000 წელს წავიდა, 30 წლის ასაკში. 1990–იან წლებში საქართველოში მძიმე წლები იდგა და ცხოვრება ჭირდა. იმ პერიოდში მეუღლესაც დაშორდა. სწორედ ამ დროს  ამერიკიდან ჩამოსული იყო პიანისტი გიორგი ვაჩნაძე. რომელსაც ქეთევანმა თავისი ჩანაწერი გაატანა ლექსო თორაძესთან, მან კი, მოწონების ნიშნად, ინდიანას უნივერსიტეტში, თავის კლასში სასწავლებლად მიიწვია და თავის მოწაფეების ბედს დღეს სწორედ მას ანდობს...

ქეთევან ბადრიძე 2000 წლიდან მოღვაწეობს ინდიანას უნივერსიტეტში, ლექსო თორაძის სტუდიაში. 2004 წლიდან თორაძის ასისტენტია, 2010 წლიდან პროფესორი.

ამერიკასთან შეგუება არ გასჭირვებია. იქ უამრავი ქართველი დახვდა და სამშობლოს ნოსტალგია არ უგრძვნია, თუმცა, სირთულეებიც იყო. თბილისში საქმე უკვე აწყობილი ჰქონდა: კონსერვატორიაში მუშაობდა, კონკურსები გაიარა, რაღაც წარმატებები მოიპოვა... ამერიკაში კი, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ნულიდან უნდა დაეწყო.

2001 წელს I პრემია მოიპოვა რადფორდის კონკურს-ფესტივალზე (აშშ); ცინცინატის, ახალი ორლეანის პიანისტების საერთაშორისო კონკურსების ლაურეატია (აშშ); იმყოფებოდა რურისა და ზალცბურგის ფესტივალებზე, ასევე, ლონდონის ვიგმორ ჰოლში და სხვა... 

ამერიკაში შეხვდა მომავალ მეუღლეს, დავით მაჭავარიანს. დავითი ჩელისტია და ინდიანას უნივერსიტეტში ისიც ლექსო თორაძის დახმარებით მოხვდა. ჰყავთ პატარა ვაჟი, რომელიც ჯერ მხოლოდ 5 წლისაა. უფროსი ვაჟი კი უკვე უნივერსიტეტის სტუდენტია.

ქეთევანს დატვირთული შემოქმედებითი ცხოვრება აქვს. მართავს სოლო კონცერტებს. უკრავს კამერული და სიმფონიური ორკესტრების თანხლებით. ხშირად გამოდის დუეტში მეუღლესთან ერთად. მონაწილეობს ევროპისა და აშშ სხვადასხვა მუსიკალურ ფესტივალებში, ასევე, მარათონულ კონცერტებში ევროპაში, როცა ერთი ან ორი დღე ერთ კომპოზიტორს ეთმობა ხოლმე და მაყურებელი ერთი და იგივე კომპოზიტორის ნაწარმოებებს ისმენს სხვადასხვა ინტერპრეტაციით.

პიანისტის რეპერტუარშია: ნ. გაბუნია – "საბავშვო პიესები დიდებისათვის"; რ. ლაღიძე – რონდო–ტოკატა; ბახი, ვენის კლასიკოსები, შოპენი, ლისტი; კონცერტები: მოცარტის c moll K491; ბეთჰოვენის N4 (თხზ. 58); შუმანის, შოპენის N2 (თხზ. 21; ჩაიკოვსკის N1 (თხზ. 23); შოსონის კონცერტი ვიოლინოს, ფორტეპიანოსა და სიმებიანი კვარტეტისათვის; შუმანის "კრეისლერიანა" (თხზ. 16); რაველის "ღამის გასპარი“ და სხვა.

ქეთევან ბადრიძე დღეს ინდიანას უნივერსიტეტში ასწავლს, საკუთარი კლასიც ჰყავს და, თან, ლექსო თორაძის ასისტენტია. ლექსოს ხშირად უწევს კონცერტის ჩასატარებლად წასვლა სხვადასხვა ქვეყანაში და იმ პერიოდში მის სტუდენტებს ქეთევანი ამეცადინებს. ხშირად უკრავს საქველმოქმედო კონცერტებზე. 2011 წლის 21 მარტს, ბერლინში მევიოლინე ლიზა ბათიაშვილთან ერთად გამართა საქველმოქმედო საღამო „Echoes of Time"თბილისის ნიჭიერ ბავშვთა სამუსიკო სკოლის დასახმარებლად. მათ ერთად დაუკრეს პარიზში, ბერლინში, თბილისში. ამ პროექტის ფარგლებში თბილისში ფილმის გადასაღებად ჩამოვიდნენ „დოიჩე გრამოფონის” თანამშრომლები. „ნიჭიერთა ათწლედის“ შენობა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ფილმში სწორედ ეს აისახა. მუსიკოსებმა სერგეი პროკოფიევისა და სერგეი რახმანინოვის ნაწარმოებები შეასრულეს. საღამო ფილმის - „საქართველოში მოგზაურობის შთაბეჭდილებები" (Impressionen der Georgien-Reise) - ჩვენებით დასრულდა.

წყარო:

1.ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 54.

2. www.tbiliselebi.ge/?mas_id=10659&rubr_id=4&jurn_id=26 



 


გააზიარე: