The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ირმა ქვლივიძე

ირმა ქვლივიძე
დაბადების თარიღი:1970  (54 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

ხატმწერი ირმა ქვლივიძე წლებია საბერძნეთში ცხოვრობს. წარმატებული მხატვარია, 12 ტაძარი აქვს მოხატული, უმრავლესობა საბერძნეთში, ერთიც იტალიაში და ერთიც –  შვეიცარიაში.

ირმას დამთავრებული აქვს მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი და თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის რესტავრაციის ფაკულტეტი.იკონოგრაფიით 90-იან წლებში, სტუდენტობის პერიოდში დაინტერესდა, როცა რესტავრაციის ფაკულტეტს დაემატა ხატმწერის სპეციალობა და რადგან მანამდე, კომუნისტური რეჟიმის დროს აკრძალული იყო რელიგიური მხატვრობა, აღმოჩნდა, რომ არავინ იცოდა ხატის წერა. შესაბამისად, ლექტორებიც სტუდენტებთან ერთად სწავლობდნენ ამ ახალ საქმეს. 

საბერძნეთში 1997 წელს, სამხატვრო აკადემიის დამთავრებისთანავე გაემგზავრა და თითქმის მაშინვე იშოვა სამსახური სპეციალობით. „ხატწერაში ბევრი რელიგიური გზით შედის, მე მხატვრობიდან მოვხვდი. კულტურული თვალსაზრისით მაინტერესებდა ხატწერა, როგორც ეროვნული კულტურის ნაწილი, რომელიც წლების წინ დაიკარგა“, – ამბობს ირმა.

საქართველოში ქალები ეკლესიის მოხატვაზე არ მუშაობდნენ, მხოლოდ ხატებს წერდნენ. საბერძნეთში სქესის მიხედვით განსხვავება არ ხდებოდა, ხარაჩოებზე ქალებიც იდგნენ,  რამაც ირმა განსაკუთრებით მოხიბლა. საბერძნეთში დედათა მონასტერში იცხოვრა 6 თვე. ეს მისთვის დიდი სკოლა იყო, ბევრი რამ შეითვისა, გაიცნო ცნობილი ხატმწერები, რომლებთან ერთადაც სხვადასხვა ეკლესია-მონასტრის მოხატვაზე იმუშავა, როგორც დამხმარემ –  ათენში, სალონიკში. რამდენიმე ტაძარი მოხატა სანტორინზე, კიდევ საბერძნეთის სხვა ქალაქებში და ასევე, ციურიხისა და ნეაპოლის ბერძნული ტაძრები. განსაკუთრებით გამოყოფს კათედრალურ ტაძარში მუშაობას კუნძულ სანტორინზე.

„ხატწერა რთული ტექნიკური საგანია, არანაირ შეცდომას არ გაპატიებს. მხატვრობა გაცილებით ექსპრესიულია, ნებისმიერი ცოდნის დონიდან შეგიძლია, გამოხატო საკუთარი თავი, გრძნობები, მაშინ როცა, ხატწერაში თუ დიდი, რთული გზა არ გაიარე, არ დაიხვეწე, ვერაფერს გამოხატავ“, – აღნიშნავს ირმა.

საბერძნეთში ცხოვრების პირველი 15 წელი ირმა მხოლოდ ხატწერით იყო დაკავებული, შემდეგ ისევ დაუბრუნდა ფერწერას. „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არ დავკარგო მხატვრობასთან შეხება, რადგან ხატწერა იმდენად რთულია, რომ ძალიან ძნელია კარგი ხატმწერი, იმავდროულად, კარგი მხატვარიც იყო. 15 წელი საერთოდ არ მქონია ხატვასთან შეხება და ბოლო წლებია, ფერმწერას ვუბრუნდები. მინდა, ფერწერული გამოფენა გავაკეთო, სადაც არ შეეტყობა, რომ ეს არის ხატმწერის მიერ შერულებული ნამუშევრები. ეს მხოლოდ ფერწერა იქნება“, – ამბობს ირმა. 

ირმა ქვლივიძე ამჟამად ათენში მოღვაწეობს, ნაწილობრივ შეკვეთებზე მუშაობს, ხოლო, როცა დრო აქვს – დამოუკიდებელ თემებზეც. გარდა ამისა ბევშვებს ფერწერას ასწავლის ათენის  „ქართულ სახლში”, რომელიც ქალბატონებმა: დარეჯან ღამბაშიძემ და დარეჯან ბუცხრიკიძემ ჩამოაყალიბეს. საკვირაო სკოლაში გაკვეთილები ქართულად ტარდება და ქართულს ასწვლიან იმ ბავშვებს, ვისაც ქართული ავიწყდება. 

წყარო:

www.tbiliselebi.ge/?mas_id=268449038&year=2016&rubr_id=7&jurn.

radio1.ge/ge/videos/view/174365.html

www.versia.ge/.../4385-ქართველმა-მხატვარმა-საბერძნეთში-იატალიასა-და-შვ...


გააზიარე: