შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
სულაიმან ფაშა ალ–ქაბირი ბუიუქი![]()
ბიოგრაფიაერაყის ქართველი გამგებელი სულაიმან ფაშა ალ–ქაბირი ბუიუქი 1722 წელს დაიბადა. იგი ერაყში მამლუქთა ქართული დინასტიის ფუძემდებელი იყო, რომლის ზეობა ოქროს ხანად ითვლება ერაყის მამლუქთა ისტორიაში. სულაიმანი ახალგაზრდა ასაკაში გაყიდეს ოსმალეთში. შეიძინა მარდინის გამგებელმა, მუჰამად ეფენდი ბეგმა, რომელმაც ის ბაღდადში ჩაიყვანა და ერაყის გამგებელს, წარმოშობით ქართველ სულაიმან ფაშა აბუ ლაილას აჩუქა. ფაშამ ახალგაზრდა სულაიმანი თავის თანამემამულე მამლუქთაგან დაკომპლექტებულ რჩეულ სამხედრო რაზმში ჩარიცხა. 1765 წელს სულაიმან აღა უკვე ქ. ბასრას გამგებელია. XVIII საუკუნის 70-იან წლებში ერაყის საფაშოში ვითარება მკვეთრად დაძაბული იყო. ვილაიეთის მამლუქური ხელისუფლება დიდი გაჭირვებით უმკლავდებოდა ერაყის არაბული თუ ქურთული ტომების აჯანყებებს. ქვეყნაში მძვინვარებდა შავი ჭირის ეპიდემია, რომელმაც ერაყის საფაშოს მმართველ წრეებამდეც მიაღწია. ამ უბედურებას თან დაერთო სპარსეთის ახალი და ენერგიული მმართველის ქერიმ ხან ზენდის (1775-1779 წწ.) აქტიურობა, რომელიც გამუდმებით ცდილობდა ბაღდადის საფაშოს საშინაო საქმეებში ჩარევას. 1775 წელს სპარსეთმა ერაყის წინააღმდეგ ომი დაიწო და ქერიმ ხან ზენდმა ქ. ბასრასკენ თავისი ძმის სადიკ–ხანის მეთაურობით 50 000–იანი ჯარი გაგზავნა. ამავე დროს ბასრასკენ მდინარე შატ ულ–არაბის შესართავისკენ დაიძრა სპარსული გემების ფლოტილია. ბასრა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მოახლოებულ მტერს მხოლოდ 1500 მეომრისგან შემდგარი ქალაქის გარნიზონი უპირისპირდებოდა. ბასრას დაცვა ადგილობრივმა მუთასალიმმა სულაიმან აღამ ითავა და ქალაქს ძალების სრულ გამოლევამდე იცავდა. 1776 წლის 15 აპრილს ბასრა მტერს დანებდა. დანებდა მასკატის იმამის ფლოტიც, რომელიც ბასრელების მხარეზე იბრძოდა. ერაყის ამბებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სტამბოლში – სულთანმა აბდ ულ–ჰამიდ I-მა მამლუქური წარმომავლობის ბაღდადის მმართველი ომარ ფაშა მოაკვლევინა და ერაყში თავისი ძალაუფლების განმტკიცების მიზნით, არამამლუქური წარმოშობის ფაშა დანიშნა. 1775-1780 წლებში ბაღდადის მმართველის ტახტი რამდენიმე პიროვნებას ეკავა, რომლებიც პირდაპირ მაღალი პორტადან ინიშნებოდნენ და რომლებსაც ადგილობრივ მოსახლეობაში არანაირი ავტორიტეტი არ ჰქონდათ. ქვეყანაში ქაოსმა დაისადგურა. 1779 წელს სპარსელებმა დატოვეს ქ. ბასრა. სულაიმან აღამ ისარგებლა შექმნილი ვითარებით, დაბრუნდა ოთხწლიანი ტყვეობიდან ბასრაში და შეუდგა მის მართვას. მან გამოიყენა ბასრაში მცხოვრები თავისი ინგლისელი მეგობრის, ბრიტანული ოსტ–ინდოეთის კომპანიის აგენტის ვილიამ ლატუშის შუამავლობა: მოთხოვნები გაუგზავნა სულთან აბდ ალ–ჰამიდ I-ს და საკუთარი კანდიდატურა წაუყენა საფაშოს მმართველის თანამდებობაზე. ოსმალეთის მთავრობამ გაითვალისწინა სულაიმან აღას პიროვნული თვისებები და ჩათვალა, რომ იგი იყო ის პიროვნება, რომელსაც შეეძლო ბოლო მოეღო ერაყის სხვადასხვა ტომების აჯანყებისათვის და ქვეყანა ფეხზე დაეყენებინა. 1780 წლიდან სულაიმანი ერაყის ხელისუფლებას ჩაუდგა სათავეში. მისი უპირველესი მიზანი ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სიმშვიდის დამყარება იყო. 1783 წელს აჯანყდა ალ–ხაზა’ილების ძლიერი ტომი. აჯანყება სულაიმანმა ქურთების ძალების გამოყენებით ჩაახშო და ბაღდადში დაბრუნდა აბიდის ტომის პრობლემის გადასაწყევეტად. ამ დიდ და ძლიერ ტომს პრეტენზია ჰქონდა მოსულიყო ერაყის მართვის სათავეში. სულაიმანი კი ცდილობდა, არ დაეშვა არაბული ეროვნული ელემენტი ქვეყნის მართვის საქმეში და მთელი ძალაუფლება მამლუქთა ხელში მოექცია. სულაიმან ფაშა ბუიუქმა შეძლო თავისი კონტროლისათვის დაექვემდებარებინა სხვა მცირე საფაშოები, ქურთული ტომები, შიიტი თუ სუნიტი არაბებით დასახლებული რაიონები. ხელს უწყობდა ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას, ურთიერთობას ევროპასთან. სულაიმან ფაშა ბუიუქის მმართველობა ხასიათდება, როგორც ერაყის გაერთიანებისა და სტაბილურობისათვის ბრძოლის 22 წლიანი პერიოდი. ფაშა ფულად სახსრებს არ იშურებდა რიცხოვბრივად მამლუქთა რაოდენობის გასაზრდელად. მის მერ ადმინისტრაციულ თანამდებობებზე მამლუქთა დაწინაურების პოლიტიკამ საფუძველი ჩაუყარა იმ დინასტიურ ჯაჭვს, რომელიც ერაყის მამლუქთა ქართულ დინასტიად არის ცნობილი და რომელიც საფაშოს მართავდა 1831 წლამდე. სულაიმან ფაშა ბუიუქი ერაყს წარმატებით მართავდა ოც წელზე მეტ ხანს და ამ დროს ქვეყანა უფრო სტაბილურად გამოიყურებოდა, ვიდრე მთელი ოსმალეთის იმპერია, რომელიც აჯანყებებით იყო მოცული. ეს იყო ოქროს ხანა ერაყელი მამლუქებისათვის, რომლეთაც ხელთ ეპყრათ საფაშოს მართვის სადავეები, მამლუქთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და მათი უმრავლესობა საქართველოდან იყო. ბრძოლებისა და სისხლისღვრის გარდა სულაიმან ფაშას განუახლებია ბაღდადის გალავანი, ხელახლა შემოუზღუდავს ქალაქი და შემოუვლია თხრილი. ასეთივე გალავანი შემოუვლია სხვა ქალაქებისთვისაც. ბაღდადში დაანგრია ძველი სასახლე და ააგო უფრო დიდი და კეთილმოწყობილი. აუშენებია მედრისი "სულეიმანი" შესანიშნავი წიგნსაცავით, მეჩეთები, ხიდები, ციხე–სიმაგრეები და დაიწყო ჰინდის არხის გაყვანა. 1802 წლის 7 აგვისტოს პოლიომილიტისაგან დასუსტებული სულაიმან ფაშა 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ისმოდა სულაიმან ფაშა ბუიუქის მოსახსენიებელ ხუტბები ფაშას მიერ აშენებულ თუ აღდგენილ ბაღდადის მეჩეთებში. სულაიმან ფაშა ალ–ქაბირი ბუიუქის ანდერძით, ბაღდადის ფაშას თანამდებობაზე უნდა დანიშნულიყო მისი უფროსი ქალიშვილის ქმარი, ქართული წარმომავლობის ყოფილი მამლუქი ალი. წყარო: 1. სულეიმან ფაშა ბუიქუი // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.173-174. 2. თოფურიძე, ირაკლი. სულაიმან ფაშა ალ-ქაბირის (ბუიუქის) მმართველობა ერაყში : (1780-1802 წწ.) / ირაკლი თოფურიძე // ახლო აღმოსავლეთი და საქართველო = The Near east and Georgia. თბილისი, 2013. - [ტ.]VII. გვ.149-156. 3. თოფურიძე, ირაკლი. სულაიმან ფაშა ალ–ქაბირი (ბუიუქი) 1780-1802 წ.წ. / ირაკლი თოფურიძე // მამლუქთა ეპოქა ერაყში . – თბილისი . – 2015 . – გვ. 101-110. 4. http://mdinareebimwerlobashi-nonka.blogspot.com/2012/01/blog-post_29.html
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |