The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


სულაიმან ფაშა აბუ ლაილა

დაბადების თარიღი:1694
გარდაცვ. თარიღი:1761  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ბაღდადი, ერაყი
კატეგორია:პოლიტიკური ლიდერი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

მამლუქთა წრიდან გამოსული ერაყის პირველი მმართველი და მამლუქთა ბატონობის ფაქტობრივი ფუძემდებელი ოსმალეთის ერაყში იყო წარმოშობით ქართველი სულაიმან ფაშა აბუ ლაილა. იგი 1694 ან 1696 წელს დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. სამშობლოდან მოტაცებული 12 წლის ბიჭი ბაღდადის გამგებელმა ჰასან ფაშამ (1704-1723 წწ.) იყიდა, სასწავლებელში მიაბარა, სათანადო განათლება მისცა და მოსამსახურედ აიყვანა სასახლეში. თავისი მამაცობითა და ერთგულებით სულაიმანმა მალევე მიიპყრო ფაშას ყურადღება. ნადირობისას აჰმედს, ჰასან ფაშას ვაჟს, ლომი დასდევნებია და იგი ლომის მსხვერპლი გახდებოდა, სულაიმანს რომ არ გადაერჩინა. ამ თავგანწირული მოქმედებისთვის აჰმედ ფაშას სულაიმანისთვის თავისუფლება მიუცია. 1723 წელს ნადირ-შაჰის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისა და თავდადების შემდეგ დაიწყო სულაიმანის კარიერული წინსვლა. იგი ჰასან ფაშას შვილის, აჰმად ფაშას ქალიშვილზე ადილე ხანუმზე დააქორწინეს და აჰმად ფაშას მოადგილედ დანიშნეს (173-1747 წწ.).

ბაღდადის წარმატებული დაცვისათვის, 1733 წელს სულაიმანმა ქაჰიას თანამდებობა და მირმირანის წოდება მიიღო. მისი ხელმძღვანელობით ჩახშობილი იქნა არაბული ტომების რამდენიმე სერიოზული აჯანყება, რომელიც მეზობელი სპარსეთის მიერ იყო ინსპირირებული. ქაჰია სულაიმან აღა მტერს ძირითადად ღამით ესხმოდა თავს და აქედან გამომდინარე მას „აბუ ლაილა“, ანი „ღამის მამა“, „ღამის მფლობელი“ შეარქვეს, ხოლო ბაღდადელებმა „ასად ფაშა“, ანუ „ლომ ფაშა“ უწოდეს.

1747 წელს გარდაიცვალა აჰმად ფაშა. ოსმალეთის იმპერიის მთავრობას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, ბოლო მოეღო ერაყის მმართველთა ნახევრად დამოუკიდებელი არსებობისათვის და ერაყი ბაღდადისა და ბასრას საფაშოებად დაჰყო. სულაიმან აბუ ლაილა ადანას, შემდეგ კი ბასრას გამგებლად გადაიყვანეს. ოსმალეთის ხელისუფლება შეეცადა აღედგინა თურქების პირდაპირი მმართველობა ერაყზე, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის და მტრულად განწყობილი მამლუქების უკმაყოფილება გამოიწვია. 1747-48 წლებში ბაღდადში სამი მმართველი შეიცვალა. ბაღდადის ვილაიეთში არსებული მძიმე სოციალურ–პოლიტიკური მდგომარეობის გამო 1749 წელს ოსმალეთის სულთანი იძულებული გახდა, ბაღდადის ფაშად სულაიმან აბუ ლაილა ფაშა დაემტკიცებინა.

სულაიმან ფაშა აბუ ლაილა ეყრდნობოდა წინამორბედი ფაშების მიერ შექმნილ მამლუქთა სამხედრო ორგანიზაციას. ის აგრძელებდა ქართველი მონების შეძენას, რომლებსაც ამზადებდნენ საგანგებო სკოლებში, სადაც ყოველწლიურად 200 ჭაბუკი სწავლობდა წერა–კითხვას და სამხედრო საქმეს. მათგან ყალიბდებოდა ხელისუფლების ელიტალური ნაწილი. XVIII ს–ის 60-იან წლებში ერაყში თითქმის ყველა პასუხსაგებ თანამდებობაზე მამლუქები ინიშნებოდნენ.

ბაღდადის გამგებლად დანიშვის შემდეგ სულაიმან ფაშამ დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ როგორ შემოერთებინა ყოფილ ბაღდადის საფაშოში შემავალი ის რაიონები, რომლებიც მისი სიმამრის – აჰმად ფაშას დროს საფაშოს ეკუთვნოდა. ბედნიერმა შემთხვევამ ხელი შეუწყო მისი პატივმოყვარე გეგმების განხორციელებას. 1749 წელს სამხრეთ ერაყში იფეთქ ალ–მუნთაფიკების ტომობრივი კონფედერაციის აჯანყებამ, რომელიც ბასრას კაფუდან ფაშამ მოაწყო. სულაიმან ფაშა აბუ ლაილამ ბასრა ალყაში მოაქცია და აჯანყებული ქაფუდან ფაშა იძულებული გახდა გაქცეულიყო. განთავისუფლებულ ქალაქში კა სულაიმანამა თავის მუთასალიმი დანიშნა და ბასრას საფაშო ისევ ბაღდადის საფაშოს შეუერთა. შემდეგ დაიპყრო სამხრეთ ქურთისტანი და ბაღდადის საფაშო ძველ საზღვრებში აღადგინა. ერთ–ერთი სამხედრო კამპანიის დროს მისმა ძალებმა დამასკოს მიაღწიეს. სულაიმან ფაშა აბუ ლაილამ უშიშროება და წესრიგი დაამყარა ქვეყანაში. ის ხელს უწყობდა ვაჭრობის განვითარებას. სამდინარო  ნაოსნობა უსაფრთხო გახდა, რის შედეგადაც ვაჭრობამ სპარსეთის პორტებიდან გადაინაცვლა ბასრაში. იქ გაიხსნა ინგლისის ოსტ–ინდოეთის კომპანიის წარმომადგენლობა. მის დროს ბაღდადი დიდ სავაჭრო ცენტრად გადაიქცა.

აბუ ლაილა სარგებლობდა 1755 წელს ოსმალეთის დიდ ვეზირად დანიშნულ რაჰიბ ფაშას მფარველობით, ამიტომ სიცოცხლის ბოლომდე მართავდა ერაყს. აღესრულა 1761 წლის 14 მაისს. დაკრძალეს ბაღდადში. სულეიმან ფაშას მმართველობამ კეთილდღეობა მოუტანა ერაყს, მის სახელზე შეიქმნა მრავალი კასიდა, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგაც დიდხანს ისმოდა ბაღდადის ყავახანებში.

წყარო:

1. სულაიმან ფაშა აბუ ლაილა // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.173.

2. სულეიმან ფაშა აბუ-ლაილა // 100 ქართველი უცხოეთში. - თბ., 2011. - გვ.268-269.

3. თოფურიძე, ირაკლი. სულაომან აბუ–ლაილა 1749-1761 წწ.  // მამლუქთა ეპოქა ერაყში / ირაკლი თოფურიძე. თბილისი,  2015. -  გვ. 86-94.

4. http://mdinareebimwerlobashi-nonka.blogspot.com/2012/01/blog-post_29.html


გააზიარე: