The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


სა'იდ ბექი

დაბადების თარიღი:1792
გარდაცვ. თარიღი:23 თებერვალი, 1817  (25 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკური ლიდერი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ერაყის ქართველი გამგებილის სულაიმან ფაშა ბუიუქის ვაჟი, სა’იდი ბექი 1792 წელს დაიბადა ქ. ბაღდადში და ბავშვობა მამის კარზე გაატარა. იგი მამლუქთა ეპოქის ერდადერთი ქართველი გამგებელია, რომლის სამშობლოს ტიგროსზე გაშენებული ქალაქი წარმოადგენდა. სა’იდის ცხოვრება ისე განვითარდა, რომ მან სულ რამოდენიმე თვეში გაიარა ყველა ის იერარქრიული საფეხური ვალის ტახტისკენ, რომლებსაც მისი წინამორბედი გამგებლები წლებს ანდომებდნენ.

ერაყის გამგებლის სულაიმან ფაშა ას–საღირის სიკვდილის შემდეგ (1810 წ) ბრძოლა ხელისუფლებისთვის კიდევ უფრო გამძაფრდა. ამ პერიოდში სა’იდი ალ–მუნთაფიკების ტომს დაუკავშირდა. ამ კავშირში დიდი აზრი იყო ჩაქსოვილი. ალ–მუნთაფიკები მეორე ძალა იყო ერაყში ქურთების შემდეგ და დრო იყო ბაღდადის ფაშას დანიშვნაში არაბებსაც  შეესრულებინათ გადამწყვეტი როლი. ალ–მუნთაფიკების ძლიერი ტომის შეიხმა ჰამუდ ას–სამირმა მხარდაჭერის პირობა მისცა სა’იდს. იგი მისაღები ფიგურა იყო არა მარტო ალ–მუნთაფიკებისათვის, არამედ ბაღდადელებისა და მამლუქებისთვისაც. სხვა მამლუქების მსგავსად დაუდ ეფენდიც (მანველიშვილი) შეუერთდა მის ბანაკს. მათ შორის ნათესაური კავშირიც არსებობდა – დაუდი სა’იდის დის ქმარი იყო.

1813 წელს სა’იდის მომხრეებსა და სტამბოლის მიერ ბაღდადის ფაშად დანიშნულ აბდ ალ–ლაჰის მომხრეებს შორის გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა. ბრძოლის დროს ტყვედ ჩავარდნილი აბდ ალ–ლაჰი სიკვდილით დასაჯეს. სტამბულში კი აჯანებულებმა თავის გასამართლებლად წერილი გააზავნეს, სადაც აბდ ალ–ლაჰი ქვეყნის უნიათო მართვაში დაადანაშაულეს. ამის შემდეგ სა’იდი ბაღდადისკენ გაემართა, იმ ტახტზე ასასვლელად, რომელსაც მამამისი ღირსეულად იკავებდა 22  წლის მანძილზე.

სა’იდი იყო სრულიად ახალგაზრდა და გამოუცდელი და შედეგიც მალე გამოჩნდა – იგი აბსოლუტურად უუნარო გამგებელი აღმოჩნდა. ძირითად დროს გართობასა და დროსტარებას უთმობდა და საფაშოს განვითარება–გაძლიერებაზე სრულებით არ ზრუნავდა. სუსტი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე  მალევე მოექცა თავისი გარემოცვის ზეგავლენის ქვეშ, სადაც მთავარ როლს დედამისი ნაბი ხანუმი თამაშობდა.

სა’იდ ფაშას მეტსახელად „ალ–ასადის“ სისუსტემ მისი გარემოცვის ზოგიერთ წევრს აგრძნობინა, რომ ახალგაზრდა გამგებლის თანამდებობიდან ჩამოშორება ძალიან ადვილი იქნებოდა, თუ მას ძლიერ  და გავლენიან ყოფილ მამლუქებს (რომელთა შორის იყო დაუდ ეფენდი) ჩამოაშორებდნენ. 1813-1814 წლებში სა’იდმა დაუდ ეფენდის წყალობით ერაყის ცენტრალურ რაიონებში არაბული ტომების მერ მოწყობილი რამოდენიმე სერიოზული აჯანყება ჩაახშო. ამ ქმედებებმა ახალგაზრდა სა’იდის რეპუტაცია ერთგავარად აამაღლა სტამბოლის თვალში.  ხოლო შეთქმულების ნეგატიური დამოკიდებულება დაუდ ეფენდისადმი კიდევ უფრო გაიზარდა. შეთქმულები სა’იდის დედას, ნაბი ხანუმს დაუკავშირიდნენ და დაარწმუნეს ეს პატივმოყვარე ქალი, რომ თვით დაუდ ეფენდი აწყობდა შეთქმულებას. ნაბი ხანუმმა კატეგორიულად მოსთხოვა შვილს დაუდ ეფენდის ჩამოშორება მმართველი წრეებიდან. დედის ზეწოლითა და თავის სურვილის საწინააღმდეგოდ  სა’იდმა 1814 წელს ქაჰიას თანამდებობა დაატოვებინა დაუდ ეფენდის. ამის შემდეგ სა’იდის არამყარი მდგომარეობა კიდევ უფრო დასუსტდა. დაუდ ეფენდის მოშორებით ისარგებლა ალ–მუნთაფიკების შეიხმა ჰუმუდ ას–სამირმა და სა’იდი თავისი ზეგავლენის ქვეშ მოაქცია.

1815 წლის დასაწყისშივე ერაყში მდგომარეობა მკვეთრად დაიძაბა, აჯანყდა ნეჯეფისა და ქარბალას მოსახლეობა და სამხედრო გზით აჯანყების ჩახშობის ცდის მიუხედავად სა’იდის არაფერი გამოუვიდა. მარტის თვეში ალ–ხაზა’ილების ძლიერი ტომის აჯანყება დაიწყო და ერაყის გამგებელი აქაც ვერაფერს გახდა. არასტაბილური მდგომარეობა იყო ერაყის ქურთისტანშიც, რომლის მოსახლებამაც სისხლიანი შინაომი წამოიწყო სპარსეთის სამეფო კარის წაქეზებით.  ასეთი დაძაბული მდგომარეობის პირობებში სა’იდის გარემოცვაში მხოლოდ მასხარა, სულელი ადამიანები იყვნენ და არ არსებობდა ღირსეული პიროვნება, რომელიც შექმნილ მდგომარეობაში გადამწყვეტ ზომებს მიიღებდა. სა’ იდი იძულებული გახდა კვლავ მამლუქთა წრიდან გამოსულ ქართველებს დაყრდნობოდა. მან ქაჰიას თანამდებობაზე წარმოშობით ქართველი, მამამისის დროს ხაზინდარის თანამდებობაზე მომუშავე და ქ. ბასრას ყოფილი მუთასალიმი აბდ ალ’ლაჰ ზაჰირი დანიშნა. ახალმა ქაჰიამ დაამარცხა ალ–ხაზა’ილების და აშ–შამარის არაბული ტომების გაერთიანებული ლაშქარი ბაღდადის დასავლეთით და ქვეყანა ერთგავარად დააწყნარა. მაგარამ სახელმწიფო საქმეებისადმი სა’იდის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებიდან გამომდინარე აბდ ალ’ლაჰ აღამ შეუძლებელად ჩათვალა ასეთ მაღალ თანამდებობაზე დარჩენა და გადადგა. მისი გადადგომის შემდეგ ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. სა’იდი პრაქტიკულად ნახევარ ერაყს ვეღარ აკონტროლებდა. ალ–ხაზა’ილების ტომის აჯანყების ჩახშობა სა’იდმა ალ–მუნთაფიკების ხელით საცადა. არაბთა შორის გამართულმა სისხლისმღვრელმა ბრძოლამ თავისი გამოძახილი ქირქუქში ჰპოვა, სადაც სა’იდის მხარდაჭერებსა და მოწინააღმდგეებს შორის სისხლიანი შეტაკებები მოხდა.

ერაყის საფაშო აშკარად ფართომასშტაბიანი სამოქალაქო ომის დაწყების წინ იდგა. თავისი დაუფიქრებელი მოქმედებებით სა’იდმა მომხრეებიც გადაიმტერა და სტამბოლის გაღიზიანებაც გამოიწვია. ოსმალეთის ხელისუფლება კარგად იყო ინფორმირებული ერაყში მიმდინარე გაუთავებელი პრობლემების შესახებ. თუმცა სა’იდ ფაშას მიერ გატარებულმა ეკონომიკურმა ღონისძიებებმა საბოლოოდ დაუსვეს წერტილი მის მმართველობას.

გაუთავებელი სამხედრო ოპერაციების და ფინანსური საშუალებების უმიზნო ხარჯვის გამო, საფაშოში ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, იმისათვის რომ როგორმე გამოესწორებინა შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა სა’იდ ფაშამ გადაწყვიტა მოეჭრა სპილენძის ფული. ოსმალეთის ხელისუფლება დადებითად შეხვდა ფაშას ამ გადაწყვეტილებას. თავისი დაუფიქრებლობით სა’იდმა ახალი ფულის მოჭრის საქმე ძველ მტერს ებრაელ აზრას მიანდო, რომელმაც მონეტები ოსმალეთის იმპერიის კანონების დარღვევით მოჭრა - სულთნის თუღრას ნაცვლად სა’იდ ფაშას სახელი ამოტვიფრა მონეტებზე და ბაღდადის ფაშას ღალატის დასტურად სტამბოლში გაგზავნა. სა’იდმა მაშინვე სცადა შეეცალა შეცდომით მოჭრილი ფული, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

სულთანმა მაჰმუდ II-მ დაუყოვნებლად მოაწერა ხელი ფირმანს, რომლითაც სა’იდი ერაყის მმართველის თანამდებობიდან გადააყენა და ალეპოს მმართველად დანიშნა. სა’იდმა უარი განაცხადა ალეპოში გადაყვანაზე, დაიწყო სამხედრო წინააღმდეგობისათვის მზადება და ბაღდადში გამაგრდა. 1817 წლის 22 თებერვალს დაუდ ფაშას (მანველიშვილი) ძალებმა ბაღდადი აიღეს. სა’იდი ითხას ერთგულ მებრძოლთან ერთად ქალაქის ციხესიმაგრეში გამაგრდა და კიდევ ერთი დღის განმავლობაში იცავდა უკვე არა თანამდებობას, არამედ სიცოცხლეს. 23 თებერვალს ციხსიმაგრე აიღეს და სა’იდსა და მის დაახლოებულ პირებს თავები მოჰკვეთეს. ასე დასრულდა სა’იდ ფაშას წარუმატებელი მმართველობა ბაღდადში და იგი სრულიად ახალგაზრდა გამოეთხოვა სიცოცხლეს. დაუდა ფაშას როლის შესახებ ახალგაზრდა სა’იდის სიკვდილით დასჯის საქმეში სხვადასხვა ვერსია არსებობს. ერთი ვერსიით სა’იდის დასჯა თვით დაუდ ფაშას მიერ იყო გადაწყვეტილი, ხოლო მეორე ვერსიით დაუდმა არც იცოდა, რომ სა’იდს თავი მოკვეთესა და თვით დაუდი თავის პატარა ნათესავს სიკვდილისთვის არ გაიმეტებდა.

წყარო:                                                                                           

1. თოფურიძე, ირაკლი. სა’იდ ფაშას მმართველობა - 1813-1816 წწ. / ირაკლი თოფურიძე. მამლუქთა ეპოქა ერაყში. თბილისი, 2015 . – გვ. 132


გააზიარე: