The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნუნუ გელაძე

ნუნუ გელაძე
Date of birth:3 June, 1955  (68 years)
Category:Philologist

Biography

ნუნუ გელაძე დაიბადა ქ. ახალციხეში, 1955 წლის 3 ივნისს. დედა რუსული ენის პედაგოგი იყო, მამა – აგრონომი. ხელოვნებისა და ლიტერატურის სიყვარული ოჯახიდან მოსდგამს. დედას ძალიან უყვარდა კლასიკური მუსიკა და განსაკუთრებით - იტალიური. მამა კი პოეზიის მოტრფიალე იყო და თავადაც წერდა ლექსებს. „მე და მამა ერთმანეთს ლექსების ცოდნაში ვეჯიბრებოდით და ის ყოველთვის მჯობნიდა“, – იგონებს ქალბატონი ნუნუ.

ახალციხეში დაამთავრა პირველი საშუალო სკოლა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. იმ პერიოდში ჩამოყალიბდა უნივერსიტეტში თარგმანის კათედრა და ნუნუ გელაძე მთარგმნელთა პირველი ნაკადის კურსდამთავრებულთა შორის აღმოჩნდა. რუსულ ლიტერატურას თარგმნიდა ქართულად.

უნივერსიტეტში სწავლის დაწყებისთანავე ჟურნალ „დროშაში“ დაიწყო მუშაობა. მწერლების გვერდით ყოფნა მისთვის უნივერსიტეტზე არანაკლები სკოლა აღმოჩნდა. თავადაც წერდა და თარგმნიდა. 1986 წლიდან ჟურნალისტთა კავშირის წევრია. დიდი ხნის მანძილზე ასწავლიდა ქართულს და თარგმნიდა რუსულ ლიტერატურას – იური ნაგიბინს, კარინა ზურაბოვას, ანა ახმატოვას.

შემდეგ დამოუკიდებლად შეისწავლა იტალიური ენა და ორი წელი ვახტანგ ესვანჯიას სახელობის იტალიურ სკოლა „ცისკარში“ პედაგოგად იმუშავა. იმხანად იტალიურ ენაზე ლიტერატურის მოპოვება ჭირდა და თარგმნიდა იმას, რასაც წააწყდებოდა და რაც მოსწონდა. თარგმნილი აქვს:  ტონინო გუერას, ლეონარდო შაშას, დინო ბუცატის, ჯოვანი პაპინის, ალდო პალაცესკის, იტალო კალვინოს, ალბერტო მორავიას, ჩეზარე პავეზეს ესეები და მოთხრობები; მოგვიანებით ფრანცისკ ასიზელის, ვინჩენცო კარდარელის, ჯულიანო ლადოლფის, დონატელა ბიზუტის, კლაუდიო პოცანის ლექსები, ჯოვანი პაოლო II–ის, სალვატორე კუაზიმოდოს, უმბერტო ეკოს, ელზა მორანტეს, ალესანდრო ბარიკოს, მარიო ლუცის, დავიდე რონდონის ნაწარმოებები.

პირველად იტალიაში 1991 წელს, იტალიელი პოეტის მიწვევით ჩავიდა. 10 წლის შემდეგ კი,  როცა მოსწავლეები ჰყავდა ჩაყვანილი გაცვლითი პროგრამით, სრულიად შემთხვევით, გაიცნო მომავალი მეუღლე, ეჯიდიო ფუსკო. საერთო ლიტერატურულმა გემოვნებამ ისინი სწრაფად დააახლოვა, ქალბატონი ნუნუც დაჰყვა ბედისწერის ნებას და ასე აღმოჩნდა, 46 წლის ასაკში იტალიაში. მისი მეუღლე პროფესიით ეკონომისტია, მოწოდებით პოეტი და ფოტოგრაფი.

ნუნუ გელაძე უკვე 16 წელია იტალიაში, ქალაქ ბორგომანეროში ცხოვრობს. აქ დაიწყო ქართველი ავტორების თარგმნა იტალიურ ენაზე. თვლის, რომ მისი მისია სწორედ ეს იყო - ქართული კულტურის, ლიტერატურისა და პოეზიის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ. თავდაპირველად ქართული კულტურისადმი მიძღვნილ კონფერენციებს ატარებდა სკოლებსა და ბიბლიოთეკებში, კულტურის ფონდებში. „ავკიდებდი“ ხურჯინით ჩემს მეუღლეს თუკი რამე წიგნი, სუვენირი და ფილმი გამაჩნდა, გავშლიდი და ვყვებოდი საქართველოზე, ვკითხულობდი ლექსებს. მალევე დავიწყე მონაწილეობის მიღება ლიტერატურულ ფესტივალებში“, – მოგვითხრობს ქალბატონი ნუნუ.

ჩასვლიდან 2-3 თვეც არ იყო გასული, რომ პოეზიის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც ყოველწლიურად, სექტემბრის ბოლოს იმართება ორტას ტბაზე, მას ერთი საათი დაუთმეს ქართველი ავტორების წარმოსაჩენად. მათი შემოქმედება ქალბატონმა ნუნუმ ორ - ქართულ და იტალიურ ენებზე გააცნო საზოგადოებას.შემდგომი 15 წლის მანძილზე მან ბევრი პოეტი წარადგინა, მათ შორის: ანა კალანდაძე, ოთარ ჭილაძე, იზა ორჯონიკიძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, ბესიკ ხარანაული, ბაღათერ არაბული, ლია სტურუა, მაყვალა გონაშვილი, გივი ალხაზიშვილი, ვახტანგ ჯავახაძე, დათო მაღრაძე, ბორენა ჯაჭვლიანი, თამაზ ბაძაღუა, გიგი სულაკაური და სხვ.

ნუნუ გელაძემ თარგმნა და გამოსცა (საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით) პოეზიის მცირე ანთოლოგია, რომელშიც შევიდა 16 პოეტის ლექსები. იტალიელებზე ქართული პოეზია დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. ამაზე მეტყველებს იტალიაში მიღებული არაერთი პრემია, გამოხმაურება თუ საინტერესო რეცენზია.

ქალბატონი ნუნუ არის მილანის იტალიურ–ქართული საზოგადოების „სამშობლო გულით სატარებელის“ ერთ–ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარე. საზოგადოების უმთავრესი მიზანი გახლავთ ორ ხალხს შორის კულტურული და მეგობრული ურთიერთობის გაღრმავება, ქართული ენის შემსწავლელი უფასო კურსების გახსნა მოზარდი ემიგრანტებისა და დაინტერესებულ პირთათვის, ასევე იტალიური ენის სწავლება ემიგრანტი ქართველებისთვის.

2005 წელს, „სამშობლო გულით სატარებელის“პირველი ღონისძიება, ორგანიზატორებმა საგანგებოდ დაამთხვიეს „ნინოობას“ და ეს იტალიაში, კერძოდ მილანში, ქართველი ემიგრანტების პირველი შეკრება იყო. მას შემდეგ მოყოლებული სამოცდაათზე მეტი მნიშვნელოვანი ღონისძიება, კონცერტი თუ კონფერენცია ჩატარდა იტალიის სხვადასხვა ქალაქში, იმ ცნობილი იტალიელი და ქართველი მეცნიერების, მწერლების, დოკუმენტალისტების, ფოტოხელოვანების, მთარგმნელებისა თუ მოგზაურების მონაწილეობით, რომელთაც ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში რაიმე ღირებული წვლილი მიუძღვით.

საზოგადოებამ მილანის გამომცემლობა „ა ორიენტესთან“ ერთობლივად გამოსცა ამავე სახელწოდების ასგვერდიანი ორენოვანი ილუსტრირებული ჟურნალი, რომელიც მთლიანად ქართულ კულტურას მიეძღვნა. სხვადასხვა დროს საზოგადოებამ – დათო მაღრაძის პოეტური კრებულის – “სალვეს”, თანამედროვე ქართველ პოეტთა ანთოლოგიის – „ვაზი და კალამი“, “ვეფხისტყაოსნის” პოეტური თარგმანის, დათო ტურაშვილის – “ჯინსების თაობის“, თეონა დოლენჯაშვილის – „მემფისის“ –  პრეზენტაცია გამართა.

ნუნუ გელაძეს 2006 წელს შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში მიღებული აქვს ევროპის საერთაშორისო პრემია „წლის საუკეთესო ქალი“ – იტალიური კულტურის დივულგაციისა და პედაგოგიურ და სოციალურ სფეროში დაუღალავი შრომისათვის, ხალხთა შორის მეგობრობასა და ძმურ ურთიერთობაზე მუდმივი ზრუნვისთვის“.

2013 წელს შვეიცარიის „მშვიდობის უნივერსიტეტისა“ და საერთაშორისო ორგანიზაცია „უნივერსუმ ზვიცერლადის“ მიერ მიენიჭა „მშვიდობის ელჩის“ წოდება.

საქართველოში წელიწადში ერთხელ აუცილებლად, ზოგჯერ კი ორჯერაც ჩამოდის. 2015 წლის მაისში იმყოფებოდა, კულტურის სამინისტროსა და მწერალთა სახლის ინიციატივით გამართულ, პირველ ლიტერატურულ საერთაშორისო ფესტივალზე; 2016 წელს წარმატებული ემიგრანტი ქალებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიენიჭა ჯილდო „წარმატებული ქართველი ქალი საზღვარგარეთ“. „ძალიან სასიამოვნო იყო ამ ღონისძიების ორგანიზება და ჩატარება რამდენიმე მიზეზის გამო. საერთოდ, საზღვარგარეთ ხშირად უსვამ თავს შეკითხვას, - იქნებ აღარ ვჭირდები ჩემს სამშობლოს? კი, ძალიან ხშირად გირეკავენ საქართველოდან, მაგრამ ზოგჯერ, როცა ორი დღე ისე გავა, არავინ შეგეხმიანება, მაშინვე ისეთი განცდა გეუფლება, თითქოს სამშობლოს არ სჭირდები. ახლა კი, გამოჩნდა, რომ თურმე, აქ აფასებენ შენს ღვაწლს და რასაკვირველია, ეს ძალიან სასიამოვნოა“, – აღნიშნავს ქალბატონი ნუნუ.

ნუნუ გელაძე მჟამად კულტურათაშორის მედიატორად მუშაობს, ნოვარას პროვინციის სკოლებსა და ინსტიტუტებში უცხოელებს იტალიურ ენას ასწავლის. საქართველოზე სასაუბროდ საბაბს ყოველთვის პოულობს, მით უფრო სტუდენტებთან ურთიერთგაცნობისა და მეტი დაახლოების მიზნით.

კორესპონდენტის შეკითხვაზე, თუ რომელია მისი საყვარელი იტალიური ფრაზა, ნუნუ გელაძე პასუხობს — „Tutte le strade conducono a Roma —ყველა გზა რომში მიდის“. როცა საქართველოში ვცხოვრობდი, მიყვარდა ამ ცნობილი ფრაზის გამეორება, რაც ჩემთვის იმას ნიშნავდა, რომ საკუთარი თვალით მენახა ის, რაც წიგნებით ვიცოდი და მიყვარდა. ახლა ეს გამოთქმა ჩემთვის საწინააღმდეგო მიმართულებით შეიცვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ თვალი და გული სულ საქართველოსკენ მიჭირავს... აქ მაძლებინებს „სამშობლო გულით სატარებლის“ ყოველდღიური საქმიანობა: სატელეფონო ზარები, მთელ იტალიაში გაფანტულ თანამემამულებთან მიმოწერა. ვის საბუთის შევსება სჭირდება, ვის დაკვალიანება, ავადმყოფობის ფურცლის, დაბადების მოწმობის ან წამლის რეცეპტის თარგმნა; ვის სასწავლებელში უნდა გაჰყვე ან სასამართლოში, ვის მორალური და სულიერი დახმარება უნდა გაუწიო, საათობით მოუსმინო, თანაგრძნობა და თანადგომა არ მოაკლო, ანუგეშო... არ ვიცი, რამდენად სწორად ვიარე ამ გზაზე, მაგრამ ერთში დარწმუნებული ვარ, რომ არასოდეს ჩემი პირადი ინტერესი სამშობლოს ინტერესებზე მაღლა არ დამიყენებია“.

წყარო:
1. https://sputnik-georgia.com/interview/20160406/.../qartuli-saqme-italiashi.html

2. armuri.4forum.biz › ... › მთარგმანებელთა და თარგმანთათვის

3. გელაძე, ნუნუ. "ეს არის, ალბათ, ის მოვალეობა, რაც უცხოეთში მყოფმა უნდა გავაკეთო ჩემი სამშობლოსათვის" // ლიტერატურული პალიტრა. - 2007. - N9. - გვ.52-53

4. გელაძე, ნუნუ. უცხოობაში ყოფნის გამართლება / საუბარი ნუნუ გელაძესთან // ჩვენი მწერლობა. -  2009. - 2 ოქტომბერი. - N20(98). - გვ.40-41


Share: