The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ანთიმოზ ივერიელი

ანთიმოზ ივერიელი
დაბადების თარიღი:1650
გარდაცვ. თარიღი:12 სექტემბერი, 1716  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, სასულიერო პირი, წმინდანი

ბიოგრაფია

რუმინეთის საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე, განმანათლებელი, მესტამბე, მწერალი, ვლახეთის მიტროპოლიტი ანთიმოზ ივერიელი ერისკაცობაში ანდრია 1650 წელს დაბადებულა დასავლეთ საქართველოში, სამცხე–საათაბაგოში. მამას – ივანე (იონა), დედას – მარიამი რქმევია, სამწუხაროდ გვარი დღესაც არაა ცნობილი. 16 წლის ჭაბუკი თურქებმა მოიტაცეს და სტამბოლში მონათა ბაზარზე გაყიდეს. პატარა ანდრიას მხოლოდ ერთ რამეში გაუმართლა – იგი შეიძინა იერუსალიმის პატრიარქმა დოსითეოსმა. ანდრიამ იერუსალიმში ბრწყინვალე განათლება მიიღო. პატრიქრთან ოცდასამი წელი გაატარა, იყო მისი თანაშემწე და აქვე დაირქვა ახალი  სახელი – ანთიმოზი.

დაახლოებით 1690 წელს უკვე სახელგანთქმული მხატვარი, გრავიორი და კალიგრაფი ვლახეთის მთავარმა კონსტანტინე ბრინკოვიანუმ ბუჰარესტში მიიწვია და მისი ნიჭი და უნარი თავისი ხალხის სამსახურში ჩააყენა.  სწორედ მაშინ ისწავლა ანთიმოზმა რუმინული და საეკლესიო სლავური.

ვლახეთში ჩასვლისთანავე ანთიმოზი სათავეში ჩაუდგა სასტამბო საქმეს. ბეჭდვითმა საქმიანობამ მთელ ქვეყანაში არნახული გაქანება ჰპოვა და უმაღლეს დონეს მიაღწია. მან შეძლო ვლახეთი გადაექცია მართლმადიდებლობის ცენტრად, რომელიც მთელ ქრისტიანულ აღმოსავლეთს წიგნებით კვებავდა. 1691 წელს ანთიმოზმა ბუჰარესტში დაარსა სტამბა და იმავე წელს დაბეჭდა ძველბერძნულიდან ახალ ბერძნულ ენაზე გადმოთარგმნილი პირველი წიგნი „შეგონებანი ბასილი მაკედონელისა თავისი ძის ლეონისადმი“.

1944 წელს ანთიმოზ ივერიელი სნაგოვოს მონასტრი წინამძღვრად დანიშნეს. მან აღადგინა ნახევრად  დანგრეული მონასტერი და დაარსა სტამბა. 1696 წელს სნაგოვოს სტამბაში დაიბეჭდა „ღვთისმსახურების წესი 21 მაისს, დღესა წმიდანთა განდიდებისა“. მას ხელს აწერდა იპოდიაკონი მიხეილი, შემდგომში ცნობილი პირველი ქართული სტამბის გამმართავი მიხეილ იშტვანოვიჩი.

1705 წელს ანთიმოზი რიმნიკის ეპისკოპოსად აკურთხეს. პირველ რიგში აქაც სტამბა გახსნა და წამოიწყო რუმინეთის ისტორიაში უდიდესი საქმე. მანამდე მართლმადიდებლურ რუმინეთში საეკლესიო მსახურება წარმოებდა ან ბერძნულზე ან სლვურზე, რაც მოსახლეობის ძირითადი ნაწილისათვის გაუგებარი იყო. ანთიმოზის ხელმძღვანელობით ითარგმნა და დაიბეჭდა სასულიერო წიგნები რუმინულ ენაზე.  ამის შემდეგ რუმინელებს შეეძლოთ საეკლესიო მსახურება თავიანთ მშობლიურ ენაზე ჩაეტარებინათ.

1708 წელს ანთიმოზ ივერიელი უნგრო–ვლახეთის მიტროპოლიტად აკურთხეს. მისი ხელმძღვანელობით ვლახეთში 20-ზე მეტი ეკლესია–მონასტერი აიგო, მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია „ყოველთა წმიდათა“ მონასტერი ბუჰარესტის ცენტრში. ტაძრის მთავარი შესასვლელის მუხის კარი და ქვაზე ამოტვიფრული ქართული ორნამენტები თავად ანთიმოზ ივერიელმა შეასრულა. მან ტიპიკონიც შეუდგინა "ყოველთა წმიდათა" მონასტერს. იგი გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებდა მონასტრის დამოუკიდებლობის საკითხს –  ყოველთა წმინდათა მონასტერი ბერძნული ეკლესიისაგან დამოუკიდებლად გამოაცხადა.

მიტროპოლიტად დადგინების დღიდან წმიდა ანთიმოზმა დაუცხრომელი ბრძოლა დაიწყო ვლახი ხალხის განთავისუფლებისათვის თურქთაგან. 1714 წელს თურქებმა სიკვდილით დასაჯეს ვლახეთის მთავარი კონსტანტინე ბრინკოვიანუ, ხოლო 1716 წელს უკანასკნელი ვლახი მთავარი სტეფანე კანტაკუზენი და სამეფო ტახტზე აიყვანეს მათი ერთგული მონა ფანარიოტი ნიკოლო მავროკორდატი. როდესაც თურქეთ–ავსტრიის ომი დაიწყო ანთიმოზ ივერიელმა, ისევე როგორც რუსეთ–თურქეთის ომში, ანტითურქული პოზიცია დაიკავა, რაც უკვე აღარ აპატიეს. ნიკოლო მავროკორდატის მითითებით ანთიმოზ ივერიელი მიტროპოლიტობიდან გადააყენეს და სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს სინას მთაზე, წმიდა ეკატერინეს მონასტერში.

ანთიმოზ ივერიელს გადასახლების ადგილამდე არ მიუღწევია. 1716 წლის 12 სექტემბერს თურქმა იანიჩარებმა იგი ხმელიბით ხმლებით აჩეხეს (ეტყობა ფარული ბრძანება ჰქონდა) და მდინარე დაუჩიაში გადააგდეს.

ანთიმოზ ივერიელმა ერთი უდიდესი საქმე გააკეთა თავისი ქვეყნისთვის – ვახტან VI ფასდაუდებელი და უანგარო სამსახური გაუწია სტამბის გამართვისა და წიგნების დაბეჭდვის საქმეში. მან ვახტან VI გაუგზავნა სტამბის დაარსებისათვის საჭირო ყველანაირი ტექნიკა და მასალა, აახლა ასთამწყობი მ. იშტანოვიჩი. შეიქმნა და ჩამოისხა პირველი ქართული შრიფტი და პირველი წიგნიც – „სახარება“ დაიბეჭდა.

1992 წელს რუმინეთის ეკელსიამ ანთიმოზ  ივერიელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ დააწესა 14 (27) სექტემბერი, წმინდანის გარდაცვალების დღე.

წყარო:

1. შუბითიძე, ვაჟა. ანთიმოზ ივერიელი // ყველა დროის 100 უდიდესი ქართველი / ვ. შუბითიძე. - თბ., 2011. - გვ.142-145.

2.  ანთიმოზ ივერიელი // 100 ქართველი უცხოეთში. - თბ., 2011. - გვ.39-40.

3. ქუთათელაძე, ზურაბ. წმიდა ანთიმოზ ივერიელი (1650-1716) : უნგრო-ვლახეთის მიტროპოლიტი : რუმინეთის განმანათლებელი // ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია / ზ. ქუთათელაძე. - თბ., 2011. - გვ.25-27.


გააზიარე: