The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ილარიონ ქართველი ახალი

ილარიონ ქართველი ახალი
ოფიციალური სახელი:ყანჩაველი იესე
დაბადების თარიღი:1776
გარდაცვ. თარიღი:12 თებერვალი, 1864  (88 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ათონის მთა, საბერძნეთი
კატეგორია:სასულიერო პირი, წმინდანი

ბიოგრაფია

ათონის მთის მოძღვართა მოძღვარი, საკვირველმოქმედი ბერი, მღვდელსქიმმონაზონი ილარიონი (ერობაში იესე) წარმოშობით იმერეთიდან იყო. დაიბადა სოფელ ლოთიასხევში, 1776 წელს, აზნაურების – ხახული და მარიამ ყანჩაველების ოჯახში. ყმაწვილს ექვსი წელი რომ შეუსრულდა, ბიძამისმა (დედის ძმამ) განდეგილობაში მყოფმა ბერდიაკონმა სტეფანემ სიძეს და თავის დას მარიამს სთხოვა იესე ღვთისთვის მიეძღვნათ.

იესე ნორჩ ასაკში გახდა მეუდაბნოე. მამა სტეფანემ დისწული თავისთან წაიყვანა და უდაბურ მთაზე ზრდიდა. ასწავლიდა დუმილს, თავშეკავებას, ლოცვასა და წმიდა წერილის კითხვას, იშვიათად რთვადა ნებას მოენახულებინა მშობლები და მონასტერი. მამა სტეფანეს გარდაცვალების შემდეგ იესე ტაბაკინის მონასტერში გადავიდა. სულ მალე მამამ იგი ქუთაისში წაყვანა და აღსაზრდელად სამეფო კარზე მიაბარა, სადაც იესე გახდა სამეფო კარის ეკლესიის პროტოპრესვიტერი, იმერეთის მეფის სოლომონ II-ის მოძღვარი და სახელმწიფო საკითხებში მისი მრჩეველი.

1801 წელს რუსეთის მიერ ქართლ–კახეთის სამეფოს გაუქმებისა და რუსეთის მიერ საქართველოში გატარებული პოლიტიკიდან გამომდინარე იმერეთის მეფე სოლომონ II იძულებული გახდა 1810 წელს თურქეთში გაქცეულიყო. მეფეს იესეც გაჰყვა და მისი ყველა ჭირი და ტკივილი გაიზიარა ლტოლვილობაში. 1814 წელს სოლომონ II გარდაიცვალა, მისი ნეშტი ტრაპიზონის მიწას მიაბარეს, იესე კი საქართველოში დაბრუნდა, თუმცა სულ მალე იმერეთის დედოფალმა მარიამმა თავისთან, მოსკოვში იხმო. იმპერატორმა ალექსანდრე I-მა მამა იესეს დედაქალაქის მღვდელმთავრად დაწინაურება მოისურვა. თუმცა განდეგილობას მოსურნე იესე მაღალმა წოდებამ ვერ მოხიბლა და ვერც სასახლეში გამეფებულ ცხოვრების წესს შეეგუა. მან აბრეშუმის სამოსელი გლახაკის ძონძებით შეცვალა, სასახლე ფარულად დატოვა და საქართველოში გამგზავრების ნაცვლად 1819 წელს ათონის წმინდა მთას მიაშურა, რადგანაც იცოდა რომ მარიამ დედოფალი საქართველოში ადვილად მოძებნიდა და კვლავ მოსკოვში დააბრუნებდა.

1821 წელს დიდი მარხვისას, დიონისეს  მონასტერში მამა იესე დიდ სქიმაში აღკვეცეს და სახელად ილარიონი უწოდეს. მალე ათონის მთაზე გავრცელდა ხმები, რომ მონასტერში უბრალო ბერის სახით მეფის მოძღვარი იმალებოდა. მას პატივისცემით დაუწყეს მოპყრობა, რის გამოც ილარიონმა  მონასტერი დატოვა და იქვე ახლოს უდაბნოში დაეყუდა.

მამა ილარიონი სამი წელი გამოქვაბულში ცხოვრობდა, შემდეგ წმ. პავლეს მონასტრის გოდლოში დაეყუდა, დღეში მხოლოდ ორი საათი ეძინა. მისი საზრდო იყო ბალახი, ხის ფესვები და წაბლი. წყალსაც ცოტას – დღეში ერთ პატარა ჭიქას სვამდა. ძლიერმა ასკეტურმა ცხოვრებამ ფიზიკურად ისე დაასუსტა, რომ იძულებული გახდა დაყუდების ღვაწლზე ხელი აეღო. როგორც კი ოდნავ მომჯობინდა, ივერთა მონასტერში ქართულ წიგნთსაცავს მიხედა, მოამზადა კრებული 12 ტომად, რომელსაც „ყვავილნარი“ უწოდა. წიგნებში ძირითადად წმინდანთა ცხოვრებანი იყო ასახული. ეს კრებული ზოგრაფის იღუმენს გადასცა, რომელიც რუსეთში მიემგზავრებოდა და მან თორმეტივე ტომი გამოსცა ქართულ ენაზე.

მამა ილარიონს მოძღვართმოძღვარს უწოდებდნენ და რჩევის მისაღებად მასთან ყოველი მხრიდან მიდიოდნენ, მისი სიტყვა ძლიერი და მიუკერძოებელი იყო. 1864 წლის 12 თებერვალს მამა ილარიონი გარდაიცვალა.

საქართველოს სამოციქულო ეკლესია წმიდა ილარიონ ქართველ ახალს მოიხსენიებს 14 (27) თებერვალს.

წყარო:

1. წმიდა ილარიონ ქართველი ახალი // ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო / გამოიცა შემოქმედელი მიტროპოლიტის იოსების ლოცვა-კურთხევით. - თბ., 2010. - გვ.141-149.

2. წმიდა ილარიონ ქართველი ახალი // წმიდა პეტრე იბერი და მისი სამშობლო ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო . – თბ., 2016 . – გვ. 230-237.


გააზიარე: