The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


სოლომონ ნერგაძე

სოლომონ ნერგაძე
დაბადების თარიღი:31 იანვარი, 1960  (64 წლის)
კატეგორია:ფიზიკოსი

ბიოგრაფია

სოლომონ ნერგაძე 1960 წლის 31 იანვარს დაიბადა. წარმოშობით იმერეთიდანაა, ქალაქ ბაღდათიდან. სწავლობდა ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა–მათემატიკურ სკოლა–ინტერნატში; 1982 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი ბიოლოგიური ფიზიკის სპეციალობით; შემდეგ ასპირანტურა – სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ლენინგრადის ციტოლოგიის ინსტიტუტში პროფესორ მიხელსონის ხელმძღვანელობით. 1991 წელს დაიცვა დისერტაცია უჯრედის ბიოლოგიის მეცნიერების დარგში – „დნმ სინთეზი ქრომოსომთა არასტაბილურობის სინდრომით დაავადებულთა დასხივებულ უჯრედებში“.

ახალგაზრდა მეცნიერი მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტში ლაბორანტად. ერთი წლის შემდეგ უფროსი ლაბორანტი გახდა. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმატიკისა და ჯანდაცვის კომპლექსური ავტომატიზაციის ინსტიტუტის მოლეკულური გენეტიკის ლაბორატორიის მეცნიერ–თანამშრომელი, გენეტიკური ეკოლოგიის ცენტრის გამოყენებითი მოლეკულური ბიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი.

სოლომონ ნერგაძე იტალიაში პირველად საქართველოსთვის მძიმე, 1990–იან წლებში მოხვდა. მიმოწერა ჰქონდა რამდენიმე უცხოელ პროფესორთან და 1995 წელს მათი რჩევით მონაწილეობა მიიღო გენური ინჟინერიისა და ბიოტექნოლოგიის საერთაშორისო ცენტრის კონკურსში. ეს ცენტრი მთელი ევროპის მასშტაბით ფუნქციონირებს. პირველად ორწლიანი სტიპენდია მიანიჭეს, ორი წლის შემდეგ, მორიგ კონკურსში გაიმარჯვა და კიდევ ერთი, ოთხთვიანი სტიპენდია დაიმსახურა. 1996–1999 წლებში პავიას გენეტიკისა და მიკრობიოლოგიის დეპარტამენტში გადიოდა პოსტსადოქტორო ტრენინგებს. მერე ისევ საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ 2000-იან წლებში, მეცნიერების განვითარების მხრივ აქ ისევ რთული მდგომარეობა იყო და კვლავ საზღვარგარეთ გაემგზავრა. ამჯერად კანადაში, ჰამილტონის ცნობილ უნივერსიტეტში იმუშავა 2002 წლამდე. შემდეგ ისევ იტალიაში მიიწვიეს.

2002 წლის 1 თებერვლიდან დღემდე სოლომონ ნერგაძე ქალაქ პავიის უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის დეპარტამენტში აგრძელებს კვლევით საქმიანობას. 2011 წელს იტალიის საერთ–ნაციონალურ კონკურსში მიიღო მონაწილეობა პროფესორის დონის შესაბამისობის დასადგენად და დაიმსახურა ასისტენტ–პროფესორის წოდება.

პავია მილანთან ახლოს მდებარეობს, უძველესი საუნივერსიტეტო ქალაქია. ბატონი სოლომონი კითხულობს ლექციებს მოლეკულურ ბიოლოგიაში და სამეცნიერო მიმართულებით მუშაობს თავის ლაბორატორიაში. 2009 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ძუძუმწოვართა გენომის პლასტიკურობა: ტელომერების ტრანსკრიპცია, ინტერსტიციალური ტელომერული სექვენსების წარმომავლობა და ცენტრომერების მოძრაობა“.

სოლომონ ნერგაძე პავიაში ქალ–ვაჟთან, ქრისტინესა და ლუკასთან ერთად ცხოვრობს. მეუღლე, თამუნა მშვილდაძე, 2011 წელს გარდაეცვალა, რაც მისთვის დიდი ელდა იყო.

შვილები უკვე დიდები არიან. ქრისტინე მუშაობს ბავშვთა გადარჩენის საერთაშორისო ორგანიზაციის ხაზით, ლუკა კი სტუდენტია. ბატონ სოლომონს მჭიდრო ურთიერთობა აქვს ქართული სათვისტომოს წევრებთან. იგი იტალიაში არსებული ქართული საზოგადოების, "სამშობლო გულით სატარებელის" ერთ–ერთი დამფუძნებელი და ვიცე–პრეზიდენტია.

2017 წლის აპრილში სოლომონ ნერგაძე პროფესორ ნანა კოტრიკაძის მოწვევით იმყოფებოდა თბილისში და ლექცია–სემინარები ჰქონდა მშობლიურ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში. როგორც თავად ამბობს ეს მისთვის ძალიან საამაყო იყო და ოცნების ახდენას გავდა.

კორესპონდენტის კითხვაზე, თუ როგორ ეგუება სამშობლოდან შორს ყოფნას, ბატონი სოლომონი პასუხობს, – „ახლა აქ ვარ და ზუსტად ვიცი, რომ ქართველისთვის ყველა გზა რომში კი არა, საქართველოში მოდის! მოდის იმიტომ ვამბობ, რომ ახლა აქ ვარ. არავინ დაგაჯეროთ, რომ რასაც აქ ნახავს, იმას ყველგან ნახავს! აქ შენიანია და რასაც მათში პოულობ, იმას ვერსად ნახავ და იგრძნობ, იმიტომ რომ ეს შენია, მშობლიურია და ეს მშობლიურიც მხოლოდ აქ არის!..
წყარო:

1. https://sputnik-georgia.com/people/20170428/235776695/solomon-nergadze.html 

2. https://ka-ge.facebook.com/solomon.nergadze 

3. ნერგაძე სოლომონ. საქართველოდან შორს – საქართველოს სახელით: [ინტერვიუ] / ესაუბრა ლალი ბერიძე // არავი: ლიტერატურულ, სამეცნიერო–პოპულარული და საზოგადოებრივი ჟურნალი / სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ახალციხე. – 2016. – #5. – გვ. 63–70

 


გააზიარე: