The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ზაზა ქაცარავა

ზაზა ქაცარავა
დაბადების თარიღი:197?
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

ზაზა ქაცარავა პროფესიით ნევროლოგია. მისი კარიერა აღმავალი გზით წარიმართა, საქართველოში დაწყებული სამედიცინო განათლების მიღების პროცესი, ჯერ გერმანიაში გაგრძელდა და შემდეგ უკვე ამერიკაში, ჰარვარდის უნივერსიტეტში დასრულდა.

დაიბადა თბილისში. მამა - რამაზ ქაცარავა, ინჟინერ-მშენებელია, დედა - ნანული შუბლაძე, ექიმი. დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი, ფიზიოლოგიის ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, 1996 წელს მოიგო ვფფვ-ის - გერმანული აკადემიური სამსახურის (დაადის)  სტიპენდია და გაემგზავრა გერმანიაში, კერძოდ, ქალაქ ესენის უნივერსიტეტში. აქ, ხელმეორედ გაიარა რეზიდენტურა და ჩააბარა სალიცენზიო გამოცდები.

2002 წელს, წარმატებული მეცნიერული ნამუშევრებისთვის, უნივერსიტეტის შუამდგომლობით გამონაკლისის სახით მიანიჭეს გერმანიის მოქალაქეობა. 2002 წლიდან 2004–მდე სწავლობდა ბოსტონში, ჰარვარდის უნივერსიტეტში. 2005 წელს დაამთავრა ნევროლოგიის რეზიდენტურა გერმანიაში. პარალელურად, ამავე წელს დაასრულა ერთწლიანი სწავლა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში და მიიღო სერტიფიკატი სამედიცინო ხარი­სხის დაცვის სპეციალობით. 2006 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 2008 წელს და­ამთავრა კიოლინის უნივერსიტეტეტში სამედიცინო მენეჯმენ­ტის განხრით.

2011 წელს ზაზა ქაცარავა გახდა ესენის უნივერსიტეტის სრული პროფესორი; იმავდროულად, კლინიკური სერთიფიკატები აიღო ნეირორეანიმატოლოგიაში, ტკივილის თერაპიაში; ასევე, ამ წელს დაინიშნა ქალაქ უნას ევანგელისტური  ჰოსპიტალის ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის დეპარტამენტის დირექტორად. ამასთან ერთად იგი გახლავთ „თავის ტკივილის ევროპული ასოციაციის“ გენერალური მდივანი; მეცინერების მაგისტრი საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში (კლინიკური ეპიდემიოლოგია); ქართული ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციის ბორდის წევრი.

2008 წლის 1 ოქტომბერს ნევროლოგიის სფეროში წარმატებული მოღვაწეობისთვის ზაზა ქაცარავას მილანში გადაეცა იტალიაში ნევრო ჯერიატრიის სკოლის ერთ–ერთი დამაარსებლის გიორგი ყაუხჩიშვილის სახელობის საერთაშორისო პრემია.

ზაზა ქაცარავას რეგალიები შთამბეჭდავია, თუმცა, ყველაზე მნიშვნელ­ოვანი მისთვის სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ მეშვეობით ქართველი პაციენტების დახმარება და მხარდაჭერაა. მათი ერთობლივი თანამშრომლობით შემუშავდა პროექტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოში უნდა დაინერგოს მწვავე სისხლძარღვოვანი პათოლოგიის, ანუ მწვავე ინსულტის სწორი და ადეკვატური მკურნალობა. ამ მიზნით 2013 წელს მან „ჩემი ოჯახის კლინიკის" იმერეთის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში ორდღიანი კონფერენცია ჩაატარა თემაზე: თრომბოლიზური თერაპია – ინსულტის მართვა, თავის ტკივილი, შაკიკი. ხოლო, 2014 წელს ევექსის სასწავლო ცენტრში ევროპის წამყვან ნევროლოგებთან ერთად მიიღო მონაწილეობა კონფერენციაში ამავე თემაზე.

ზაზა ქაცარავა ამბობს, რომ მისთვის „ევექსთან“ თანამშ­რომლობა და ამით საქართველოსთან კავშირი უმნიშვნელოვანესია და ის მორალური კმაყოფილება, რომელსაც მას ეს საქმე ანიჭებს, შეუფას­ებელია.

ზაზა ქაცარავას ჰყავს მეუღლე - პროფესიით ექიმი ეკა ხვინგია, შვილები: ტყუპები, ნელი და მარი ქაცარავები. იგი დიუსელდორფში ქართული ეკლესიის მრევლია. მისი ძმა - გიგლა ქაცარავა პიანისტია, პარიზის კონსერვატორიის პროფესორი.

წყარო:

1. გელაძე, ნუნუ. იტალიელებმა ყაუხჩიშვილის პრემია ქართველ მეცნიერს მიანიჭეს  // თანამემამულე : უცხოეთში მცხოვრებ ქართველთა ცენტრალური პერიოდული გამოცემა. - ლონდონი, 2009. - იანვარი-თებერვალი. - N1(32). - გვ.20

2. ურუშაძე, გიორგი. მსოფლიო დონის ქართველი ექიმები, რომლებიც "ევექსის" მეშვეობით, ქართველ პაციენტებს მკურნალობენ  // პრაიმტაიმი. - თბილისი, 2015. - 22 ივნისი. - N24. - გვ.8-9

3. შაიშმელაშვილი, თამარ. დარეკეთ და ჩაეწერეთ "თავის ტკივილის პროექტში" : გერმანიაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა უნიკალური პროექტი დაიწყო / თამარ შაიშმელაშვილი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2012. - 21 იანვარი. - N13 (6890). - 7 გვ.


გააზიარე: