The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


მერაბ გაგნიძე

მერაბ გაგნიძე
დაბადების თარიღი:17 აპრილი, 1944  (75 წლის)
კატეგორია:კომპოზიტორი

ბიოგრაფია

პიანისტი და კომპოზიტორი მერაბ კონსტანტინეს ძე გაგნიძე 1944 წლის 17 აპრილს დაიბადა თბილისში. 1971 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო (პედაგოგი: ვ. დავლიანიძე), ხოლო, 1977 წელს საკომპოზიციო ფაკულტეტი (პედაგოგი: დ. თორაძე);

1971–1972 წწ. მერაბ გაგნიძე მუშაობდა თბილისის საცირკო–საესტრადო სასწავლებელში კონცერტმაისტერად; 1971–1973 წწ. – ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვოკალური კათედრის კონცერტმაისტერად; 1972–1977 წწ.– თბილისის მესამე სამუსიკო სკოლის ფორტეპიანოს პედაგოგად.

1979 წლიდან მერაბ გაგნიძე ცხოვრობს და მოღვაწეობს მოსკოვში. მუშაობდა  ქ. მოსკოვის საოლქო მოზარდმაყურებელთა და სტანისლავსკის თეატრის მუსიკალური ნაწილის გამგედ (1981 წლიდან); არის საქართველოს და რუსეთის კომპოზიტორთა კავშირის წევრი; სსრკ კონკურსების ლაურეატი (1975, 1984);  კონკურს – „Перотти“–ს ლაურეატი (პარიზი, 2000). 
კომპოზიტორის ცალკეული ნაწარმოებები შესულია მსოფლიო საკონკურსო სავალდებულო პროგრამაში (რუსეთი, იტალია, საფრანგეთი და სხვ.); მისი კონცერტები გაიმართა იტალიაში, იუგოსლავიაში, მონღოლეთში, საფრანგეთში, გერმანიაში...; შვეიცარიაში ჩატარდა მუსიკოსის ნაწარმოებების საფესტივალო მოსმენა; მან შექმნა ახალი ჟანრი ინსტრუმენტული ანსამბლებისთვის – მუსიკა ყველასათვის. 

მერაბ გაგნიძეს შექმნილი აქვს: ოპერები – „ცეზარი“, „მეფე ლირი“, „რომეო და ჯულიეტა“, „სოლომონ–მეფის სიმღერათა სიმღერა“; ნაწარმოებები სიმფონიური ორკესტრისათვის – სიმფონიური პოემა (1977, პირველი შესრულება 1978 წელს, დირიჟორი ჯ. კახიძე), სიმფონია (1980); კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის (1982); კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები – საფორტეპიანო ციკლი "მცხეთობა" (1972, რვა ნაწილად); საფორტეპიანო სონატები (1975, 1977, 1979, 1980, 1981, 1982, 1983, 1984, სულ ცხრა სონატა); სიუიტა სიმებიანი კვარტეტისათვის (1976, ოთხ ნაწილად); სამი პიესა არფისათვის (1976); კონცერტი ფაგოტისა და კამერული ორკესტრისათვის (1979); სიმებიანი კვარტეტი (1979); კამერული სიმფონია ფლეიტის, ფაგოტის, სიმებიანი ტრიოსა და ლიტავრისათვის (1980); სოლო სონატა ფაგოტისათვის (1982, პირველი შესრულება 1984 წელს, ავსტრია); კვარტეტი საქსაფონებისათვის (1982, პირველი შესრულება 1984 წელს, მოსკოვი); კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები – "ქართული ხალხური სიმღერების გადამუშავება", ვოკალური ციკლი დაბალი ხმისა და ფორტეპიანოსათვის (1972), "ქართული სიმღერები", ვოკალური ციკლი მაღალი ხმისა და ფორტეპიანოსათვის (1973), "სიმღერები უიღბლო სიყვარულზე", ხმის, კლარნეტის, ფაგოტის, ვალტორნის, ფორტეპიანოსა და ვიოლინოსათვის (1984, სიტყვები უძველეს იაპონურ პოეზიაზე); საგუნდო ნაწარმოებები – საგუნდო ციკლი საბავშვო გუნდის, კონტრაბასისა და ფორტეპიანოსათვის (1977), ჰიმნი შერეული გუნდის ა–კაპელასათვის (1979, ქართული ეკლესიისათვის), "რამდენიმე სტროფი", კანტატა ქალთა გუნდისა და საყვირისათვის (1981), "მერანი", პოემა ვაჟთა გუნდის, ორი ვალტორნისა და ლიტავრისათვის (1983, ნ. ბარათაშვილის სიტყვებზე); მიუზიკლი – "პინოქიო"(1984, დაიდგა ქ. მოსკოვის საოლქო მოზარდმაყურებლის თეატრში. ფესტივალ „ოქროს შემოდგომის“ ლაურეატი);

მერაბ გაგნიძე არის თანამედროვე მუსიკის ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალ „მოსკოვური შემოდგომის“ ჟიურის მუდმივი წევრი.

წყარო:

1. დისკოგრაფ.: Moscow contemporary music Ensemble. Gagnidze. Gubaidulina. Kasparov. “Olimpia” / OCD 297, 1993.

2. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 91–92.

3.Какулия, Л. Композиторы и музыковеды Грузии. - Тбилиси, 1984.- გვ. 93

4. merabgagnidze.narod.ru 


გააზიარე: