The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მარიკა ლაფაური

მარიკა ლაფაური
დაბადების თარიღი:196?
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

მარიკა ლაფაური–ბურკი ოცდაექვსი წელია, ჰამბურგში ცხოვრობს და დაუღალავად ცდილობს მშობლიური ქვეყანა ევროპას გააცნოს. იგი თბილისში, მუსიკოსების ოჯახში დაიბადა. მამა, სოლომონ ლაფაური – ჟურნალისტი, მუსიკათმცოდნე, საზოგადო მოღვაწე – წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა მუსიკალურ განყოფილებას საქართველოს საზოგადოებრივ ტელევიზიაში. ქალიშვილმაც მამის საქმე გააგრძელა. დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოსა და ორღანის განხრით. ეთერ მგალობლიშვილის მოსწავლე იყო. კონსერვატორიის შემდეგ, ორღანის უკეთ დასაუფლებლად, ერთი წლით რიგაში წავიდა. სწავლობდა ვილნიუსსა და ლიუბეკშიც.

1989 წელს მარიკა ლაფაურმა, გერმანიაში საორღანო მუსიკის ფესტივალში მონაწილეობის მიღების შემდეგ, უცხოეთში დარჩენის შეთავაზება მიიღო. გერმანიაში მან თავისი ცხოვრება გერმანელ ხელოვანს დაუკავშირა, შეეძინა შვილი და სამუდამოდ დარჩა მეუღლის სამშობლოში, თუმცა საქართველოსთან კავშირი არასოდეს გაუწყვეტია. „სამშობლოზე ნოსტალგია არა მაქვს, რადგან ის არ დამიტოვებია. ვცხოვრობ უცხოობაში, რომელიც უკვე კარგად ნაცნობია ჩემთვის. წლების განმავლობაში მივხვდი, რომ სხვა ქვეყანაში ინტეგრირებისა და ადაპტაციის მიუხედავად, ყოველთვის უცხო ქვეყანაში ვიცხოვრებ. არ ღირს, სხვაგან ცხოვრება ნოსტალგიით უმოქმედო გახადო. ამას ერთგვარად დადებითი მხარეებიც აქვს, ყოველ შემთხვევაში, მისი დადებითად შეფასება შეიძლება. დისტანცია საკუთარ ქვეყანასთან, ასევე, საკუთარ თავთან, ხშირად გიჩვენებს იმ რაკურსს, რომელიც დიფერენციაციის საშუალებას გაძლევს“, –ამბობს მარიკა ლაფაური.

1999 წელს მარიკა ლაფაურმა ჰამბურგში დააფუძნა გერმანულ–კავკასიური საზოგადოება "ლილე", რომელიც ემსახურება კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას გერმანელებსა და კავკასიელებს შორის. რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საზოგადოებამ დაიწყო გერმანულოვანი ჟურნალის – „Ein Blick Georgien” - გამოცემა. ჟურნალის რედაქტორები და გამომცემლები მარიკა ლაფაური და დოქტორი ფრანკ ტრემელი არიან. მარიკა ლაფაურის თქმით ჟურნალის გამოცემა აუცილებელი იყო, რადგან ომის შემდეგ, ხშირ შემთხვევაში, ცალმხრივი, ან ზედაპირული ინფორმაცია ვრცელდებოდა საქართველოს შესახებ. 

მარიკა ლაფაურის ინტერესების  სფერო ფართო და მრავალმხრივია: ფილოსოფია, არქიტექტურა, მედია, ხალხური თუ კლასიკური მუსიკა. მის მიერ ინიცირებული და განხორციელებული კულტურული პროექტების რაოდენობა 150-ს აჭარბებს. იგი არის მრავალი თეატრალური, კინო თუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორი; მისი პროექტების არცთუ მცირე ნუსხაში შედის არაერთი ქართველი რეჟისორის ფილმების რეტროსპექტიული თუ თემატური ჩვენებები; გერმანიის რვა უნივერსიტეტთან ერთად მარიკა იყო ავტორი პროექტისა „ქართული პოლიფონია 2003“, რომელიც ჰამგურგის სენატმა წლის საუკეთესო პროექტად აღიარა. გარდა ამისა, კატალოგებში საუკეთესოთა შორისაა დასახელებული მისი სხვა პროექტებიც – „გეორგიარტე“ და „ჩინემა გეორგიენ“.

მარიკა ლაფაური არის ორი დოკუმენტური ფილმის, ასევე, არაერთი პუბლიცისტური თუ კულტუროლოგიური წერილის ავტორი და გერმანიის კულტურის არხზე რამდენიმე საავტორო გადაცემის წამყვანი; აქვს ბლოგი (WWW.einblickgeorgien.blogspot.com), სადაც განთავსებულია მისი მასალები; ასევე არის გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის კულტურის არხის ჟურნალისტი და ქართულ რადიოშიც მოღვაწეობს. დილის შემეცნებით–გასართობი გადაცემა „პიკის საათი“ ყოველ ორშაბათს სთავაზობს მსმენელს მარიკა ლაფაურის რადიო გზავნილს ჰამბურგის საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრების შესახებ.

ქართული ხელოვნების პოპულარიზაციის პარალელურად მარიკა ლაფაური-ბურკი აქტიურად არის ჩაბმული გერმანიაში მოღვაწე ქართველ ხელოვანთა პოპულარიზაციის საქმეში. მხატვრულ–დოკუმენტური ფილმი „მაყურებელთა დარბაზები“ (2013 წ.) გადაღებულია გერმანულენოვანი ქართველი მწერლის, გივი მარგველაშვილის ფილოსოფიური ზღაპრის მიხედვით და ავტორის მონაწილეობით. მარიკა ამ ფილმის სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორია.

მარიკა ლაფაურის ერთ–ერთი პროექტი უკავშირდება თელავთან ახლოს მდებარე, მის მშობლიურ სოფელ კისისხევს. 2014 წელს დაწყებული ეს პროექტი დაფინანსებულია გერმანიის მიგრაციის ფონდის მიერ, რომელიც ექვემდებარება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს. მარიკა ლაფაური დიდი ხანია ცდილობს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააცნოს და შეაყვაროს სოფელი კისისხევი, ზრუნავს სოფლის მეხსიერების კვლევაზე, ადგილობრივი, საოჯახო არქივების დიგიტალიზაციასა და შენარჩუნებაზე; იკვლევს სოფლის კულტურის რესურსებს და ცდილობს გერმანიიდან თანხები მოიძიოს სოფლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადასარჩენად. მისი ძალისხმევით და  გერმანული ორგანიზაცია giz (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) მხარადაჭერით, სოფელში საჯარო კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე „კარგი სახლი“ გაიხსნა. ეს არის სივრცე განათლებისთვის, დისკუსიისთვის, პრობლემებზე მსჯელობისა და გამოსავლის ერთად ძიებისათვის. ადგილი, კულტურისა და შემეცნებისთვის, თავშეყრისა და სოლიდარობისათვის. „კარგ სახლში“  ხელგარჯილობის პატარა სახელოსნოს ამოქმედებაც გახდა შესაძლებელი. გარდა ამისა, ადგილობრივ საზოგადოებრივ ჯგუფებს შესაძლებლობა აქვთ ჩაატარონ ლიტერატურული და მუსიკალური საღამოები, მოაწყონ ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა–გაყიდვა.

ასეთი სისხლსავსე ცხოვრებით ცხოვრობს ქალბატონი მარიკა ლაფაური. როცა მის ესოდენ მრავალფეროვან დოსიეს ვეცნობით, ეპითეტების სიუხვეს ფასი ეკარგება, მისი საქმიანობის შესაფასებლად სამი სიტყვაც კმარა  –  ეროვნული საქმის მოკეთე.

წყარო:
1. www.palitravideo.ge/...marika.../51665-qstumrad-marika-darchiasthanq-marika-lafau... 

2. https://emigracia.wordpress.com/2010/12/16/ინტერვიუ-მარიკა-ლაფაური/

3. www.knews.ge/.../კისისხევი-კარგი-სოფელი-კარგი-სახლი-კარგი-ქალები-და-კა...

4. ლაფაური-ბურკი, მარიკა. არ ღირს, სხვაგან ცხოვრება ნოსტალგიით უმოქმედო გახადო : ინტერვიუ / მარიკა ლაფაური-ბურკი ; ესაუბრა ქეთევან ქურდოვანიძე // ქართული უნივერსიტეტი. - , 2010. - 11-17 მარტი. - N55. - გვ.6

5. ლაფაური-ბურკი, მარიკა. ქართული საქმის ქომაგი : ინტერვიუ /მარიკა ლაფაური-ბურკი ; ესაუბრა თამარ გელიტაშვილი // ცისკარი. –2015. – N11. –გვ. 79–89


გააზიარე: