The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


თეა მარიამიძე–დიკერო

დაბადების თარიღი:197?
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

თეა მარიამიძემ 1999 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. მისი პედაგოგის რუსუდან ხოჯავას დახასიათებით იგი თავიდანვე ინდივიდუალურობითა და ნიჭიერებით გამოირჩეოდა: „დღიდან ჩემს კლასში გამოჩენისა, ჩემსა და თეას შორის ადამიანური და მუსიკალური კონტაქტი დამყარდა. ახალმოსულმა სტუდენტმა საოცარი სისწრაფით დაიწყო ყოველივე იმის „აკრეფვა“, რაც არ იცოდა და რაც აკლდა. დავუმატოთ, რომ თეას საოცრად გაწაფული მუსიკალური სმენა, მუსიკალური ალღო, მუსიკისადმი უსაზღვრო სიყვარული, შრომისმოყვარეობა და ყოველივე ამას გარდა ინტელექტუალური მაჩვენებლის  მაღალი დონე აღმოაჩნდა, ჩვენმა ერთობლივმა მუშაობამაც სწრაფი შედეგი გამოიღო“, – აღნიშნავს ქალბატონი რუსუდანი.

თეა მარიამიძის განსხვავებული გემოვნება სტუდენტობის წლებშივე გამოჩნდა. აღმოჩნდა, რომ მას მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი კომპოზიტორის, ნოვატორი ხელოვანისა და უაღრესად განათლებული ადამიანის, ოლივიე მესიანის მუსიკა იზიდავდა. ფრანგი კომპოზიტორის ნაწარმოებები სასწავლო პროგრამაში არ შედიოდა, მაგრამ თეამ პედაგოგთან ერთად შეისწავლა მისი პიესების ციკლი „ოცი მზერა ყრმა იესოზე“ (ხანგრძლივობა 2 საათი და 10 წთ.), მ იშა კილასონიძის სტუდიაში ჩაწერა და პარიზში ივონ ლორიოს, ამ ციკლის პირველ შემსრულებელს, ოლივიე მესიანის მოწაფესა და მეუღლეს გადაუგზავნა.

პასუხმაც არ დააყოვნა: „ძვირფასო მადმუაზელ, ცენტრმა “Acanthes” გადმომცა ორი კასეტა, თქვენს მიერ შესრულებული ოლივიე მესიანის ნაწარმოებების „ოცი მზერა ყრმა იესოზე“ ჩანაწერი. გილოცავთ და ძალზედ მახარებს რომ გიყვართ და ასრულებთ ამ მუსიკას...  ყურადღებით მოვისმინე  თქვენი ჩანაწერი. მთლიანობაში თქვებ კარგად ჩაწვდით მესიანის მუსიკის სულიერებას! ძალიან კარგი ტექნიკა გაქვთ... გისურვებთ წარმატებებს, გილოცავთ ახალ 2001 წელს! ძვირფასო თეა, მიგულეთ თქვენს გულწრფელ, ერთგულ მეგობრად. ივონ ლორიო–მესიანი“.

2002 წელს თეა მარიამიძე ბედის საცდელად პარიზს გაემგზავრა და იქ სწავლა კორტოს ეკოლ ნორმალში გააგრძელა, თუმცა ბოლომდე არ დაუსრულებია, რადგან დამოუკიდებელ საკონცერტო და პედაგოგიურ მოღვაწეობას მიჰყო ხელი და 2007 წლის დეკემბერში, ასოციაცია „ქართული მარგალიტები“  ჩამოაყალიბა.

ასოციაციის მიზანია შემოიკრიბოს ქართული კულტურით გატაცებული მუსიკოსები, ჩაატაროს კონცერტები, მასტერკლასები და სხვადასხვა ღონისძიებები. კონცერტები იმართება პარიზისა და საფრანგეთის რეგიონებში. ქართველები და ფრანგები ერთად უკრავენ –  ვერსალის ბაროკოს ცენტრში, იმპერატრიცა ჟოზეფინას სასახლე „ მალ მეზონში“, პარიზში არსებულ სხვადასხვა ქვეყნების კულტურულ ცენტრებში, ალფრედ კორტოს ისტორიულ დარბაზში, ეკლესიებში...

ასოციაციის სახელით თეა ატარებს ფორტეპიანოს გაკვეთილებს და წელიწადში ორჯერ მოსწავლეების კონცერტს. ზოგჯერ ამ კონცერტებს საქველმოქმედო მიზანიც აქვს. ასე მაგალითად, ერთ–ერთი კლასის კონცერტი მიეძღვნა ჰაიტის ბავშვების დახმარების ასოციაციას  “Ti chans pou Haiti”, ასევე, ასოციაციას „მომავალი – France”, რომელიც საქართველოში უნარმოკლებულ ბავშვებს ეხმარება.

"ქართული მარგალიტების" უპირველესი დამსახურებაა ის, რომ იგი უცხოელებს აცნობს ქართულ კლასიკურ მუსიკას, რასაც ასოციაციის საკონცერტო პროგრამებში დიდი ადგილი უკავია. მეტად ღირებულია ის ფაქტიც, რომ პროგრამებს დართული აქვთ ხოლმე საქართველოს ისტორიის ამსახველი ექსკურსი, აქვე მოთხრობილია ქართველ კომპოზიტორთა ბიოგრაფიები. თეას აზრით ეს მნიშვნელოვანია, პირველ რიგში იმიტომ, რომ მხოლოდ მუსიკოსთა ვიწრო წრეში იცნობენ ქართულ კლასიკურ მუსიკას, განსხვავებით ქართული ხალხური შემოქმედებისგან, რომელიც კარგად იციან. რაღაც უცხოსა და ორიგინალურის შეთავაზება კი მსმენელისთვის ყოველთვის უფრო საინტერესოა, ვიდრე მრავალჯერ მოსმენილის.

ქართული კლასიკური მუსიკა დიდი წარმატებით სარგებლობს. ამაზე ახალგაზრდობისა და სახალხო განათლების ეროვნული ინსტიტუტის კულტურის ხელმძღვანელ რენე ჰუგრონის (მარლი ლე რუა) რეცენზიაც მეტყველებს: „ეს ნაწარმოებები, გამსჭვალული ქართული ფოლკლორით და შეზავებული ევროპულ კლასიკურ ფორმასთან, აყალიბებს ძალზე საინტერესოდ დამუშავებულ და დასრულებულ კომპოზიციებს, საინტერესოს თავისი სხვადასხვაობით, სტილით და მუსიკალური გამომსახველობით“. 

2006 წელს თეა მარიამიძემ გრიფით “Ĵoyaux éorgiens”, ფრანგ მევიოლინე იგორ რამოსთან ერთად ჩაწერა დისკი, რომელიც მოიცავს ოთხი ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოებებს – ს. ცინცაძის ორ პრელუდიას, ალ. შავერზაშვილის კონცერტს, ო. თაქთაქიშვილის სონატას, ვ. აზარაშვილის "პოემას" ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის. დისკი მოწონებით სარგებლობს და კარგად იყიდება.

თეა მარიამიძე პარიზის წმინდა ნინოს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლია, მამა არჩილის სულიერი შვილი და ეკლესიის მგალობელთა ლოტბარიც. ხელმძღვანელობს პატარა გუნდს „საუნჯე“, რომელიც დიდი მონდომებითა და სიყვარულით სწავლობს ქართულ ტრადიციულ გალობას.

2007–2009 წლებში პიანისტი მუშაობდა პარიზის დებიუსის სახელობის კონსერვატორიაში,  ამჟამად გაბრიელ ფორეს სახელობის კონსერვატორიის კონცერტმაისტერია. 

თეა მარიამიძის უპირველესი მოწოდებაა აზიაროს ბავშვები მუსიკის ღირებულებებს და, შეძლებისდაგვარად, რაღაც ფარგლებში განავითაროს მათში ის თვისებები, რმლებიც მას, როგორც შემსრულებელს  ახასიათებს. ასოციაცია „ქართული მარგალიტების“ ბაზაზე მან შექმნა სექცია „ხოჯავას სკოლა“, რომლის შესახებაც თავად ბრძანებს: „რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ვხვდები რა მყარი საფუძველი მომცა ქალბატონმა რუსუდანმა როგორც მუსიკოსს, ეს უწინარეს ყოვლისა გამოიხატება ნამდვილ მუსიკალურ ღირებულებებთან ზიარებასა და დამოუკიდებელ აზროვნებაში. ამიტომაც, მადლიერების ნიშნად დავაარსე ეს სექცია, რომელიც მის სახელს ატარებს და ვცდილობ ჩემს მოსწავლეებსაც გადავცე ის, რაც ჩაგვინერგა ჩვენმა პედაგოგმა – იყვნენ მოაზროვნეები ინსტრუმენტთან“.

2016 წელს, პარიზში, XIII საერთაშორისო კონკურსში „კატეგორია დებიუტანტი 2“ მესამე ადგილი და ლაურეატის წოდება მოიპოვა თეას მოსწავლემ, 10 წლის ალექსია კერუზმა. ეს გოგონა ლაურეატებს შორის ერთადერთი ფრანგი იყო.

2007 წელს თეა დაქორწინდა ფრანგ მოფარიკავე იან დიკეროზე. იანი მეუღლის, როგორც მუსიკოსის, დიდი გულშემატკივარია. მართალია, აბსოლუტურად განსხვავებული პროფესიები აქვთ, მაგრამ ისიც ხელოვანის ოჯახშია აღზრდილი, დედამისი მოცეკვავე გახლდათ და ახლაც ხელმძღვანელობს მის მიერ შექმნილ საბალეტო სკოლას პატარა ქალაქში, პარიზთან ახლოს. იანი სწავლობს ქართულ ენას. მან და მისმა ძმამ საკმაოდ კარგად იციან საქართველოს ისტორია, საგანგებოდ ეცნობიან ლიტერატურას. მათი ოჯახი მონაწილეობს ძველებური ფარიკაობის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ სპეკტაკლებში, მთელი საფრანგეთის მასშტაბით, სადაც ერთმანეთს ერწყმის თეატრი და ფარიკაობა. ამ გასვლების წყალობით გაიცნო და შეიყვარა თეამ საფრანგეთის რეგიონები. მისი ოცნებაა, რომ ამ სპექტაკლებით საქართველოშიც ჩამოვიდნენ და წარადგინონ ნამდვილი ფრანგული კულტურა...  და იმედი აქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ასეც მოხდება.

წყარო:
1. ხოჯავა, რუსუდან. "Joeaux Georgiens" // მუსიკა / საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის ჟურნალი. - თბილისი, 2012. - N4. - გვ.53-56.

2. მარიამიძე, თეა. როგორ გააცნო ქართველმა პიანისტმა ფრანგებს ქართული კლასიკური მუსიკა : ინტერვიუ/ესაუბრა ანა გაბრიჭიძე // რეიტინგი.- თბილისი, 2010.- 18 იანვარი.- N3(377). - გვ.58.

3. აქტიური ცხოვრებით / მასალა მოამზადა თამარ წულუკიძემ// მუსიკა / საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის ჟურნალი. - თბილისი, 2016. – N2. - გვ.64–65.


გააზიარე: