The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ავთანდილ ურუშაძე

ავთანდილ ურუშაძე
დაბადების თარიღი:1890
გარდაცვ. თარიღი:21 მაისი, 1955  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:შიშლის ბერძნულ სასაფლაო, სტამბოლი, თურქეთი
კატეგორია:პოლიტიკოსი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ავთანდილ ურუშაძე 1890 წელს დაბა ლანჩხუთში, აზნაურის ოჯახში დაიბადა. მამა - არსენ ურუშაძე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებული საზოგადოების წევრი და გურიაში გაზეთ „ივერიის“ გამავრცელებელი იყო. ავთანდილ და არსენ ურუშაძეები ლანჩხუთის მამასახლისისა და გურიელების ლესას მამულის მოურავის, XIX ს–ის სამხედრო მოღვაწის, მახარობელ ურუშაძის შთამომავალები იყვნენ. 

1909 წელს ავთანდილ ურუშაძემ ლანჩხუთის სამოქალაქო სასწავლებელი დაამთავრა. 1910 წელს სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. 1914 წელს, სამხედრო სკოლის დამთავრებისთანავე, მიიღო რუსეთის არმიის კავალერიის უნტერ-ოფიცრის ხარისხი და პირველი მსოფლიო ომში გაიწვიეს. ბრძოლებში გამოჩენილი სიმამაცისთვის დაიმსახურა წმინდა გიორგის ორი ჯვარი და რამდენიმე მედალი.

1918 წლის დამდეგს ავთანდილ ურუშაძე სამშობლოში დაბრუნდა. იმავე წლის ზაფხულში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) მთავრობამ სახალხო გვარდიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო და ავთანდილ ურუშაძე აირჩიეს სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრად და ლანჩხუთის სარაიონო შტაბის თავმჯდომარედ. ამის შემდეგ ლანჩხუთის გვარდია მისი მეთაურობით მონაწილეობდა თითქმის ყველა  მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციაში. ასევე იყო სოციალ–დემოკრატიული პარტიის გურიის სამხარეო ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921-1924 წლებში, ავთანდილ ურუშაძე გურიაში ეწეოდა აქტიურ პარტიზანულ საქმიანობას. სერგო მათითაიშვილთან ერთად სათავეში ედგა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის (იგივე „პარიტეტული კომიტეტი") დაქვემდებარებაში მყოფ გურიის რაზმს, რომელიც 1924 წლის აგვისტოს აჯანყებისას 5 დღის განმავლობაში წინააღმდეგობას უწევდა წითელ არმიას. აჯანყების დამარცხების შემდეგ მან თანამებრძოლებთან ერთად დატოვა საქართველო და სტამბოლს მიაშურა.

1924 წლის დამლევიდან 1941 წლამდე ავთანდილ ურუშაძე საფრანგეთში ცხოვრობდა. მუშაობდა ოდენკურში, პეჟოს საავტომობილო ქარხანაში, ავტომობილების გამომცდელად. როგორც საფრანგეთის ქართული სათვისტომოს გამგეობის წევრი, აქტიურად მონაწილეობდა სათვისტომოს საქმიანობაში და პარალელურად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული ბიუროს შემადგენლობაშიც ირიცხებოდა.

1941 წელს ავთანდილ ურუშაძე გერმანიაში გადავიდა და ქართული პოლიტიკური ემიგრაციის გამოჩენილი მოღვაწეების: ირაკლი ბაგრატიონ–მუხრანელის, მიხაკო წერეთლის, ალექსანდრე ნიკურაძის, გრიგოლ რობაქიძის, შალვა მაღლაკელიძისა და სხვათა თაოსნობით შექმნილ „ქართული სამოკავშირეო კომიტეტის“ წევრი გახდა. მათი მიზანი იყო საქართველოს გათავისუფლება საბჭოთა იმპერიისგან. გერმანიის ვერმახტის „ქართული ლეგიონის“ შექმნისთანავე ავთანდილ ურუშაძე ჩაირიცხა ლეგიონში. მისი თაოსნობითა და მონაწილეობით 1941-1942 წლებში გერმანული საკონცენტრაციო ბანაკებიდან გათავისუფლდა 300-მდე ქართველი სამხედრო ტყვე.

1942 წლის დამლევს ლეგიონის სარდლობამ და ქართული სამოკავშირეო კომიტეტის ხელმძღვანელობამ ავთანდილ ურუშაძეს მისცა საგანგებო დავალება, რაც ითვალისწინებდა ჯგუფთან ერთად თურქეთის მხრიდან საქართველოში შესვლას, მოსახლეობაში აგიტაციას იმის განსამარტავად, თუ რა მიზანს ისახავდნენ ვერმახტის ქართული ლეგიონი და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია. თუმცა ეს გეგმა ჩაიშალა და ავთანდილ ურუშაძე თურქეთში დარჩა. სანდრო მენაღართან ერთად ხელმძღვანელობდა თურქეთის ქართულ სათვისტომოს და დაუღალავად იღვწოდა თურქეთის ქართველებში ეროვნული სულისკვეთების გაღვივებისათვის.

ავთანდილ ურუშაძე სტამბოლში, 1955 წლის 21 მაისს, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია იქვე, შიშლის ბერძნულ სასაფლაოზე. მას ჰყავდა მეუღლე ვარვარე (გოგუცა) ჩხაიძე და სამი შვილი: ვახტანგი, რომელიც ბავშვობაში გარდაიცვალა, ტარიელი (1922-1972) და ფრიდონი (პაწიკო) (1924-2010). 1951-1953 წლებში მისი ოჯახი, რომელიც საბჭოთა კავშირში დარჩა, შუა აზიაში იყო გადაასახლებული.

წყარო: 

1. https://ka.wikipedia.org/wiki/ავთანდილ_ურუშაძე 


გააზიარე: