The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


იასონ ჭავჭავაძე

იასონ ჭავჭავაძე
Date of birth:1804
Date of death:18 June, 1857  (at 53 years)
Burial location:ქაშუეთის ეკლესია, თბილისი
Category:Military Person

Biography

XIX საუკუნის პირველი ნახევრის გამოჩენილი სამხედრო მოღვაწე თავადი იასონ ჭავჭავაძე 1804 წელს დაიბადა სოფელ წინანდალში იოანე (ნინია) და ანა ჭავჭავაძეების ოჯახში. იოანე ჭავჭავაძე ადრეულ ასაკში გარდაიცვალა. ოჯახის პატრონობა მისმა უფროსმა ვაჟმა 16 წლის გულბაათმა აიღო თავის თავზე და კარგი განათლება მისცა თავის  ძმებსა და შვილებს. ჭავჭავაძეების ოჯახიდან შვიდი გენერალი გამოვიდა. ისინი მართალია რუსეთის იმპერიის გენერლის მუნდირს ატარებდნენ, მაგრამ დიდია მათი ღვაწლი რუსეთ-ირანისა და რუსეთ-თურქეთის ომებში საქართველოსთვის საუკუნეების წინ დაკარგული მიწების დაბრუნებაში.

იასონ ჭავჭავაძემ სამხედრო სამსახური 1819 წ. დაიწყო პოდპრაპორშჩიკად, შირვანის (შემდეგ პასკევიჩის) ქვეითთა პოლკში. 1822 წ. მონაწილეობდა სამხედრო ლაშქრობაში ჭარ-ბელაქანში. 1823 წლიდან მსახურობდა ნიჟნი-ნოვგოროდის დრაგუნთა პოლკში. იბრძოდა რუსეთ-ირანის 1826-1827 და რუსეთ-თურქეთის 1828-1829 წლების ომებში. მის მიერ განვლილი გზა სავსეა გმირული საბრძოლო ეპიზოდებით. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 1826 წ. 13 სექტემბერს ელიზავეტპოლთან (ახლანდელი განჯა, აზერბაიჯანი) ბრძოლაში, სადაც ხიშტით დაჭრეს ფეხში. მონაწილეობდა ყარსის, ახალქალაქის, ახალციხის, არზუმისა და ოსმალეთის სხვა ციხესიმაგრეთა აღებაში. 1829 წლის 27 სექტემბერს სოფელ ბაიბურთან  თურქების მხრიდან რომელიღაც თავზე ხელაღებულმა ოფიცერმა ცხენი გამოაჯირითა ნიჟნი–ნოვგოროდელთა ქვედანაყოფისაკენ და დამბაჩა ესროლა მათ. ამის მხილველმა იასონ ჭავჭავაძემ მაშინვე გააქროლა ცხენი თურქი ოფიცრისაკენ, დაედევნა და ისე ღრმად შეიჭრა მოწინააღმდეგის განლაგებაში, რომ სათუო გახდა მისი ცოცხლად დარჩენა. იასონ ჭავჭავაძის რაზმი ერთხმად, ერთსულოვნად მოსწყდა ადგილს თავისი მეთაურის გადასარჩენად. ოცეულს ნიჟნი–ნოვგოროდელთა სხვა ოცეულები, ესკადრონები, მთელი პოლკი მიჰყვა და ამ მოულოდნელი, ელვისებური იერიშით რუსებმა ბაიბურთი დაიკავეს. 

 1828–1829 წლებში იასონ ჭავჭავაძე მონაწილეობდა ყარსის, ახალქალაქის, ახალციხის, არზრუმისა და ოსმალეთის სხვა ციხესიმაგრეთა აღებაში. იბრძოდა კავკასიელ მთიელთა წინააღმდეგ. 1849 წ. იგი დაინიშნა პრინც ვიურტემბერგის დრაგუნთა პოლკის მეთაურად. 1852 წ. მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება.

1853-1856 წწ., ყირიმის ომის დროს, გენერალი ჭავჭავაძე იბრძოდა კავკასიის ფრონტზე ბებუთოვის ალექსანდროპოლის რაზმის  შემადგენლობაში. თავი ისახელა 1853 წ. 19 ნოემბერს ბაშკადიკლარისა და 1854 წ. 24 ივლისს ქურუქ-დარის ბრძოლებში, სადაც მძიმედ დაიჭრა. 1856 წ. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურიდან გადადგა და წინანდალში დასახლდა. ერთ წელიწადში, 1857 წლის 18 ივნისს, ბრძოლებში მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. ის დიდი პატივით წაასვენეს თბილისში და ქაშვეთის ეკლესის საკურთხეველში დაკრძალეს. აქვეა დაკრძალული მისი მეუღლე მარიამ (მაია) შალვას ასული ქსნის–ერისთავიც. ისინი 1841 წელს დაქორწინდნენ. 1849 წელს დაიბადა მათი ერთადერთი ასული – ნინო. 

იასონ ჭავჭავაძის მამაპაპეულ ოჯახს, თავისი საზოგადოებრივი და ეკონომიური მდგომარეობით, თვალსაჩინო ადგილი ეკავა იმდროინდელ საქართველოში. მათი სტუმრები იყვნენ საქართველოში ჩამოსული სახელმწიფო, თუ საზოგადო მოღვაწეები. გულბაათ ჭავჭავაძე ლეგენდარულ თამადად ითვლებოდა. იგი რუსეთის იმპერატორის მემკვიდრის ალექსანდრეს თბილისში სტუმრობისას საგანგებოდ მიიწვიეს თბილისში ნადიმზე და დასვეს თამადად. ნადიმის დამთავრების შემდეგ უფლისწული ალესანდრე გადაეხვია გულბაათს და პეტერბურგში დაპატიჟა. იგი მართლაც ეწვია ახალ გამეფებულ ალექსანდრე II-ს პეტერბურგში და იმპერატორმა დიდი პატივით მიიღო.

მიხეილ ლერმონტოვი მათი ოჯახის შესახებ წერდა თავის მეგობარს, რავენსკის: „მე საქართველოში ბევრ კარგ ადამიანს შევხვდი, მათ შორის გამოვყოფ იასონ, სპირიდონ ჭავჭავაძეებს და მათ უფროს ძმას, სტუმარ-მასპინძლობით ცნობილ გულბაათს“.

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/იასონ_ჭავჭავაძე 

2. nobility.pro/statia/140-chavchavadze-iason-ivanes-dze 

3. https://ka.wikipedia.org/wiki/გულბაათ_ჭავჭავაძე 

 
 




Share: