The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მარიამ ვარძელაშვილი

მარიამ ვარძელაშვილი
დაბადების თარიღი:198?
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

პიანისტი მარიამ ვარძელაშვილი თბილისში დაიბადა. მუსიკის სიყვარულს ბავშვობაშივე ეზიარა. „ფორტეპიანოზე დაკვრა 6 წლის ასაკში დავიწყე. ჩემი ახლო მეგობარი შეიყვანეს მუსიკაზე, ძალიან მომწონდა. რა თქმა უნდა, შვიდწლედში შევედი და თავიდანვე სერიოზულად მივუდექი“, – ამბობს მარიამი. მისი დებიუტი შედგა 8 წლის ასაკში, როცა საქართველოს ტელე–რადიო ორკესტრთან ერთად დაუკრა.

მეოთხე კლასიდან მარიამ ვარძელაშვილმა გააგრძელა სწავლა ნიჭიერთა ათწლედში პედაგოგ ლიანა ფირალიშვილთან. ათწლედის შემდეგ, კონსერვატორიაში იგი პედაგოგ ნინო ქათამაძის კლასში სწავლობდა. როდესაც მარიამი ბაკალავრიატის მესამე კურსს ამთავრებდა, მისმა მეგობარმა, რომელიც პირადად იცნობდა ცნობილ რუს–ამერიკელ პიანისტ მაქსიმ მოგილევსკის, მას მარიამის მუსიკალური შემოქმედების ჩანაწერები მოასმენინა და მუსიკოსმა იგი თავის კლასში მიიწვია.

20 წლის მარიამი აშშ–ში სამი წლით წავიდა. მან ბოულინგ გრინში დაამთავრა  ბაკალავრიატი და მაგისტრატურა. მისი პედაგოგები იყვნენ: მ. მოგილევსკი და ლ. მელტონი. მისთვის სწავლის პერიოდი ძალიან საინტერესო  იყო, რადგანაც ამერიკაში სწავლების სრულიად განსხვავებული სისტემა აქვთ და იგი სხვანაირად არის აწყობილი. მარიამს შეეძლო აქვე გაეგრძელებინა დოქტორანტურაში სწავლა, მაგრამ მისთვის უფრო მისაღები ევროპული სკოლა აღმოჩნდა და გადაწყვიტა ბედი საფრანგეთში ეცადა.

მარიამ ვარძელაშვილმა პარიზში 2 წელი ვერსალის კონსერვატორიაში სასერტიფიკატო პროგრამაზე ისწავლა, შემდეგ კვლავ ორწლიანი მაგისტრატურა გაიარა ვენის კონსერვატორიაში, უკვე სპეციალიზებული კუთხით. სწავლის პარალელურად მას ჰქონდა კონცერტებიც, როგორც სოლო, ასევე, კამერული ორკესტრების შემადგენლობაში. 2011 წლიდან იგი ვენაში დასახლდა. მარიამი მოღვაწეობს კამერულ ჟანრში, უკრავს სხვადასხვა ორკესტრებთან ერთად.

ვენის კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში მარიამმა გაიცნო ავსტრიაში მცხოვრები უკრაინელი მევიოლინე ვირა ჟუკი და პოლონური წარმოშობის, მაგრამ ავსტრიაში გაზრდილი ჩელოისტი ანა-მარია ნიემეცი. მათ ერთობლივად დაარსეს საფორტეპიანო ტრიო "იმერსიო" ("Trio Immersio"), რომელიც  წმინდა ვენური ჟანრია და ავსტრიაში ძალიან დაფასებული და პოპულარულია. ტრიოს ხშირად აქვს კონცერტები, დადიან ფესტივალებზე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

2016 წელს გამოვიდა "Trio Immersio"–ს სადებიუტო დისკი. ალბომი ეძღვნება ვენური ჟანრის განვითარების ისტორიას. ეს არის მოგზაურობა დროსა და სივრცეში. იწყება ამ ჟანრის ფუძემდებელის, ჰაიდნის კლასიკური ნაწარმოებით, შემდეგ მოდის შუბერტი, ბრამსი და ამას მოჰყვება ნახტომი 21–ე საუკუნეში, თანამედროვე ავსტრიელი კომპოზიტორის ბერნარდ განდერის ექვსი მინიატურა, მძიმე მეტალი.

2014 წლის 31 აგვისტოს მარიამ ვარძელაშვილი დაქოწინდა მუსიკოს ჯოელ დიგერტზე. იგი საქსოფონისტია, უკრავს კვინტეტში, თუმცა მეუღლეები დუეტშიც უკრავენ  სხვადასხვა საკონცერტო პროგრამით.

პიანისტის ცხოვრება ძალიან დატვირთულია. იგი ყოველდღიურად რამდენიმე საათს მეცადინეობს, აქვს რეპეტიციები, მასტერკლასები, მონაწილეობს საქველმოქმედო ღონისძიებებში, ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. მარიამ ვარძელაშვილს გასვლითი კონცერტები ჰქონდა საქართველოში, საფრანგეთში,  პოლონეთში, ლიტვაში, ლატვიაში, აშშ–ში, უნგრეთში,  ჰოლანდიაში, გერმანიაში, ბელგიაში, სერბიაში და სხვ. 
წყარო:

1. 1tv.ge/ge/videos/view/175830.html 

2. http://kvira.ge/242845

3. mariamvardzelashvili.com/bio/

4. https://www.trioimmersio.com/mariam-vardzelashvili-pi...


გააზიარე: