The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გიორგი ლაცაბიძე

გიორგი ლაცაბიძე
სხვა სახელი:გიორგი ლაცო  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:15 აპრილი, 1978  (46 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

ვირტუოზი პიანისტი და კომპოზიტორი გიორგი ლაცაბიძე 1978 წლის 15 აპრილს დაიბადა თბილისში. ფორტეპიანოსადმი ინტერესი 3 წლის ასაკში გამოავლინა. 5 წლიდან თხზავდა საფორტეპიანო მინიატიურებს. 10 წლის ასაკში გაიმარჯვა თბილისის საქალაქო კონკურსზე რომელსაც მოჰყვა კონცერტები სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად, სადაც მან შეასრულა ედვარდ გრიგის და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის საფორტეპიანო კონცერტები.

პიანისტი მჭიდროდ თანამშრომლობდა მაესტრო ჯანსუღ კახიძესთან. იყო თბილისის მუსიკალური ცენტრის სოლისტი, სადაც გამართული აქვს არაერთი კონცერტი. დამთავრებული აქვს ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტი – რუსუდან ხოჯავას კლასი (2002 წ.); სწავლის პერიოდში მიღებული აქვს ჯილდოები: 1998 – ენიო პორინოს სახელობის პიანისთა საერთაშორისო კონკურსი (კალიარი, იტალია); 1999–2002 – საქართველოს პრეზიდენტის სახელობის სტიპენდია; 1999 – რუბინშტეინის სახელობის საერთაშორისო კონკურსის პრემია (პარიზი); 2001 – ვლ. სპივაკოვის სახელობის სტიპენდია.

2001 წლის 9 მარტს ჯანსუღ კახიძის დირიჟორობით (თბილისის სიმფონიური ორკესტრი) გიორგი ლაცაბიძემ შეასრულა რახმანინოვის მესამე საფორტეპიანო კონცერტი. აღსანიშნავია შოპენის 24 ეტიუდის (Op. 10, 25) შესრულება თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში 2002 წლის 20 მარტს. ასევე ბეთჰოვენის მეხუთე საფორტეპიანო კონცერტი, რომელიც ავსტრიის გუბერნატორ ფრანც ვოვესის პირადი პატრონაჟის ქვეშ ჩატარდა.

კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ გიორგიმ გაიმარჯვა კონკურსებში იტალიასა და საფრანგეთში, რის შემდეგაც დაიმსახურა გერმანელი გრაფინია მარიონ დანჰოფის (2003) და DAAD–ის (2004) პრემიები და ცნობილმა ავსტრიელმა, გერმანელმა, ფრანგმა და რუსმა მუსიკოსებმა მიიწვიეს  ფესტივალებსა თუ მასტერკლასებში მონაწილეობის მისაღებად.

პიანისტი საშემსრულებლო ხელოვნებას სრულყოფდა უმაღლეს მუსიკალურ სასწავლებლებში: ჰანოვერის მუსიკისა და თეატრის უმაღლესი სკოლა (2003, პედაგოგი გერიტ ციტერბარტი); იტალია (მილანი, პედაგოგი ლაზარ ბერმანი); პირველი კურსიდანვე მოგზაურობდა კონცერტებით მთელ ევროპაში, სანამ ზალცბურგის ცნობილ სასწავლებელში – „მოცარტეუმში” არ მოხვდა (ავსტრია, 2005, ზალცბურგი, პედაგოგი კლაუს კაუფმანი); ამავე წელსაა გადაღებული ავსტრიის ერთ-ერთი წამყვანი ტელეარხის მიერ K-TV Austria,  დოკუმენტური ფილმი: გიორგი ლაცაბიძე ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ნაკვალევზე — (Auf den Spuren von Wolfgang Amadeus Mozart ), ფილმის დირექტორი: კლაუს ფრუსტორფერი, ოპერატორი: ფრანც განგი.

2005 წელს გიორგი ლაცომ მოიპოვა: ჰერბერტ ბატლინერის სახელობისა (ავსტრია) და ეგუდი მენუჰინის სახელობის პრემია (ზალცბურგი).

2006 წელს მუსიკოსი მიემგზავრება ამერიკაში, სადაც მეცადინეობს პედაგოგ  სტიუარტ გორდონთან. 2006 წელს  მოიგო ახალგაზდრა პიანისტების საერთაშორისო კონკურსი ლოს-ანჯელესში.

2007 წლიდან გიორგი ლოს-ანჯელესის სამუსიკო უნივერსიტეტში მუშაობს სადოქტორო ხარისხზე და პარალელურად ეწევა პედაგოგიურ და საკონცერტო მოღვაწეობას ლოს–ანჯელესის, ტორონტოსა და კალიფორნიის მუსიკალურ სასწავლებლებში, მართავს მასტერკლასებს, არის საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრი.

„თუკი გინდა პროფესიონალი მუსიკოსი გახდე, ერთ ქვეყანაში სწავლა არ არის საკმარისი. აუცილებელია მასტერკლასების გავლა და ფესტივალებში მონაწილეობა. ავსტრიისა და გერმანიის შემდეგ ამერიკაში გავაგრძელე სწავლა, სადაც აკადემიური განათლება მივიღე. ამერიკაში ბევრი რამით ვიყავი დატვირთული. მეცადინეობას დიდი დრო მიჰქონდა. თუკი პიანისტობა გინდა, წიგნებსაც უნდა წერდე და გამოკვლევებსაც აწარმოებდე. კარგი ორგანიზატორიც უნდა იყო, ორივე საქმეს რომ გაართვა თავი. ღვთის წყალობით ყველაფერს გავუმკლავდი. დოქტორანტურაც დავამთავრე და საკონცერტო ტურნეებიც მქონდა,“ – ამბობს პიანისტი.

გიორგი ლაცოს შესრულება გამოირჩევა მაღალი მუსიკალური კულტურით, ფრაზირების რელიეფურობით და პოეტურობით, ვირტუოზული ტექნიკითა და ქარიზმატული არტისტიზმით. მისი რეპერტუარი ფართო და მრავალფეროვანია – კონცერტები: ბეთჰოვენი N5, მოცარტი, გრიგი, შოპენი N1, 2, ლისტი N1, 2, რახმანინოვი N3; მნიშვნელოვანი ადგილი უკავია: სკარლატის, ბახის, მოცარტის, ბეთჰოვენის, შუმანის, ბრამსის, ჩაიკოვსკის, პროკოფიევის, რახმანინოვის, სტრავინსკის ნაწარმოებებს; განსაკუთრებული ადგილი უკავია ფრედერიკ შოპენის, ფერენც ლისტისა დაკლოდ დებიუსის თხზულებებს, რომელთა ინტერპრეტაციაში ნათლად იკვეთება მუსიკოსის არტისტული ბუნების თავისებურება. იგი ერთ-ერთია იმ ახალგაზრდა პიანისტთაგან, რომელმაც ცოცხლად შეასრულა და ჩაწერა შოპენის ყველა (24) ეტიუდი, ისევე როგორც 24 პრელუდია (თხზ: 28), ყველა სკერცო, ლისტის ყველა (12) ტრანცენდენტული ეტიუდი და დებიუსის 12 პრელუდია (II რვეული).

მუსიკოსმა გასტროლებით მოიარა: ავსტრია, შვეიცარია, ლიხტენშტაინი, საფრანგეთი, იტალია, ინგლისი, გერმანია, პორტუგალია, რუსეთი, კანადა, აშშ, ჩინეთი, ტაივანი.

2008 წელს ჰქონდა კონცერტები ჰავაის კონფერენს–ცენტრში (ჰონოლულუ), ნიცაში და ლოს-ანჯელესში რასაც მოჰყვა დოკუმენტური ფილმი გიორგი ლაცაბიძის შესახებ გადაღებული და ტირაჟირებული ჰოლივუდში: ლაცაბიძე — კონცერტზე (Latsabidze: The Recital ) ჩაწერილი ალფრედ ნიუმანის სახელობის საკონცერტო დარბაზში (ლოს ანჯელესი) ცოცხალი შესრულებით. ფილმის მთავარი პროდიუსერი: ვეინ ადამსი; დირექტორი: ჯერემი ვეივერი;  

აკადემიური მიღწევებისთვის გიორგი ლაცაბიძემ 2007 წელს მოიპოვა MTNA (Music Teachers National Association–ის, 2008 წელს კი ფილანტროპისტ-მეცენატის კაროლ ჰოგელის სახელობისა და მისი უდიდებულესობა პრინცესა მარია ვინსკი ტანტაუ ლიხტენშტეინის ჯილდოები.

2011 წელს პიანისტმა შვეიცარიაში ჩაატარა კონცერტები რომელიც პრინცესა ლიხტენშტეინის პატრონაჟით გაიმართა.

დღესდღეობით გიორგი ლაცაბიძე არის მუსიკალური ხელოვნების დოქტორი (2011). აქვს საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ორმაგი მოქალაქეობა. ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს ავსტრიაში. არის ვენის მუსიკალური და დრამატურგიული ხელოვნების კონსერვატორიის დოქტორი და პროფესორი. ასევე, 2015 წლიდან იგი რეგულარულად კითხულობს ლექციებს რომანტიკული, იმპრესიონისტული თუ თანამედროვე კლასიკური მუსიკის შესახებ Conservatori Superior de Música del Liceu–ში, ბარსელონაში.

მუსიკოსის ერთ–ერთი ბოლო ჩანაწერი განხორციელდა ლონდონის სამეფო ფილარმონიულ ორკესტრთან (The Royal Philharmonic Orchestra) გამოსვლის დროს სენტ–ჯონს–სმითის სკვერის საკონცერტო დარბაზში, რომლის ტრანსლირება ცოცხალი ეთერით BBC-მ განახორციელა. 2012 წლის დეკემბერში ლუქსემბურგის კლასიკური მუსიკის ჟურნალმა „Pizzicato“ ეს ჩანაწერი დააჯილდოვა და წლის ნომინაციაში შეიყვანა.

2012 წლის ივნისში ქართველი პიანისტი რომის პაპმა ბენედიქტ XVI-მ მიიწვია მის რეზიდენციაში ვატიკანში ვენის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მოცარტის კონცერტის (K. 467) შესასრულებლად სანტა–მარია–მაჯორეს ბაზილიკაში.

2013 წლის იანვრიდან გიორგი ლაცო არის სტენვეი–სონის ოფიციალური არტისტი.

კომპოზიტორი „ჰოლივუდ ონვარდ ინტერთეიმენთ ზემ-ის“ წევრია. დაწერილი აქვს მუსიკა  7 ფილმისთვის: „წყაროს წყალი“ (2000 წ.); „ვალს ფანტაზია“ (2001 წ.), რომელიც დაჯილდოვდა ბოლონიის (იტალია, 2002) საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე ნომინაციაში „საუკეთესო მუსიკა“; ფილმი „ბინდის ხიბლი” Twilight's Grace (2006 წ.) ნაჩვენები იქნა 12-ზე მეტ საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე, მათ შორის Santa Monica Film Festival 2007, Sun Dances With Films 2007, Moondance International Film Festival 2007, Palm Springs International Film Festival 2007.

გიორგი ლაცო ერთ-ერთ უცხოურ საიტზე (www. pianisti.ge) მსოფლიო ტოპ-პიანისტების სიაში შევიდა. ამ სიაში ქართველებიდან მხოლოდ ის და ელისო ვირსალაძე აღმოჩნდნენ. 

გიორგი ლაცაბიძის მეუღლეა – ანა ფიოდოროვა–ლაცო. ისიც პიანისტია, ერთმანეთი ვენის კონსერვატორიაში გაიცნეს. 2014 წელს დაქორწინდნენ. ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერეს. ჰყავთ ვაჟი – ლუკა. გიორგის ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან, მარიამი, 14 წლისაა და გერმანიაში ცხოვრობს.

დისკოგრაფია: 2005: DVD დოკუმენტური ფილმი: გიორგი ლაცაბიძე ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ნაკვალევზე; 2009: DVD/CD დოკუმენტური ფილმი: ლაცაბიძე — კონცერტზე; Onward Entertainment, LLC, 2008. ფილმი DVD სახით გამოშვებული იქნა 2009 წლის 26 თებერვალს და მისი CD-ის soundtrack-ი ადვილად არის მისაწვდომი amazon.com-ზე; 2008: CD:  Johannes Brahms: Piano Quintet (Brahms) The Piano Quintet in F minor, Op.34. Hurb Production Studio; 2009: CD:  Schumann: Frauenliebe und -leben; Debussy: Ariettes oubliées. IG Initiatives LLC; 2010: CD: Chamber Music by Ignatz Waghalter. Recorded at Naxos Records, UK.; 2010: DVD/CD კლოდ დებიუსი:12 პრელუდია (II რვეული), ჩაწერილი ცოცხალი შესრულებით (ლოს ანჯელესი, 2009), Onward Ent., LLC.; 2010: DVD The IG-Duo performs works by Szymanowski, Brahms, Bizet-Waxman, Latsabidze. — Wigmore Hall, London. Red Piranha Films LLC.; 2011: CD/DVD: Frédéric Chopin: 24 Preludes, Op.28; Robert Schumann: Kreisleriana, Op.16. Goyette Records Co.; 2012: CD: WAGHALTER, I.: Violin Concerto / Rhapsody / Violin Sonata (Royal Philharmonic Orchestra, Trynkos, Latsabidze, A. Walker). Naxos Records; 2013: DVD/CD დოკუმენტური ფილმი: PIANO FOR PIGGIES General Films Cambridge, NY; დირექტორი ჯონ კარლსონი; ფილმის მთავარი პროდიუსერი: ბრაიან პეტერსი.

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/გიორგი_ლაცაბიძე

2. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 283

3. ლაცაბიძე, გიორგი. რატომ გამოუგზავნა წერილი თავისი სურათით რომის პაპმა გიორგი ლაცაბიძეს და რა წარმოუდგენელი პატივი ხვდა წილად ქართველ პიანისტს : ინტერვიუ / ესაუბრა კატო ჟღენტი // თბილისელები. - თბილისი, 2012. - 30 იანვარი - 5 თებერვალი. - N5(579). - გვ.90

4. https://www.youtube.com/watch?v=sC6zoA1zy80 

5. 1tv.ge/ge/videos/view/166929.html 

 
 




გააზიარე: