The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


დავით ცირეკიძე

დავით ცირეკიძე
Date of birth:1988  (36 years)
Category:Economist

Biography

ეკონომიკის დოქტორებისთვის ყოველწლიურად იანვარში იმართება ე.წ. Job Market, სადაც მთელი მსოფლიოს დამსაქმებლები ჩადიან და ხვდებიან დოქტორანტებს, რომლებიც სწავლას რამდენიმე თვეში დაამთავრებენ. ეკონომისტების ყველაზე მასობრივი შეკრება 2017 წლის იანვარში ჩიკაგოში ჩატარდა და მისი ერთ-ერთი მონაწილე სტენფორდის უნივერსიტეტის ქართველი დოქტორი დავით ცირეკიძე იყო. 
დავითს ღონისძიებაზე რამდენიმე კომპანია დაუკავშირდა და რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკების შემდეგ საბოლოოდ გადაწყვიტა მუშაობა დაეწყო ვაშინგტონში, ეკონომიკურ ფირმაში, რომელიც კერძო კომპანიებს ეკონომიკურ კონსულტაციებს უწევს.
დავით ცირაკიძე ქუთაისში დაიბადა, იქვე დაამთავრა ფიზიკა-მათემატიკური სკოლის რვა კლასი, წარმატებით გამოდიოდა საქართველოს მათემატიკურ ოლიმპიადებში. მისი ნიჭის განვითარებას ხელი შეუწყო მამამ, რომელმაც დატოვა პროფესორის თანამდებობა ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში და შვილთან ერთად გადმოვიდა თბილისში, რადგან ჩათვალა, რომ იგი თბილისის მათემატიკურ სკოლაში, კომაროვში, მეტი ცოდნის მიღებას შეძლებდა. მაშინ დათო 13 წლის იყო.

მომდევნო წლებში ახალგაზრდამ არაერთ წარმატებას მიაღწია სასკოლო თუ საუნივერსიტეტო ოლიმპიადაში და სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტგეტში.

უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტის დამთავრების პერიოდში დავით ცირეკიძე უკვე აქვეყნებდა სამეცნიერო სტატიებს, თუმცა, მისი მიზანი მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტში სწავლა იყო და ამისთვის ყველაფერს აკეთებდა.
"სწორედ ამ დროს გავიგე, რომ თბილისში არსებობდა ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET), რომლის წარმატებული კურსდამთავრებულები ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტებში მოხვდნენ სადოქტორო პროგრამებზე. ეკონომიკა იდეალური ვარიანტი ჩანდა, რადგანაც ჩემი მათემატიკური ცოდნის უფრო პრაქტიკული გამოყენება მაინტერესებდა. მართლაც, 2-წლიანი დაუღალავი შრომის შედეგად, გავხდი ISET-ის ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე მაგისტრი (Valedictorian). ამან საშუალება მომცა, მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტების ყურადღება მიმექცია, რომლებიც ეკონომიკის სკოლაში 2-3 თვით ჩამოდიოდნენ და ლექციებს მიკითხავდნენ," - გვიამბობს დათო ცირეკიძე.
2011 წელს, მაგისტრატურის დამთავრებისას დავითმა აპლიკაციები შეავსო მსოფლიოს საუკეთესო სადოქტორო პროგრამებზე ეკონომიკაში. შედეგად იგი მიიღეს ამერიკის რამდენიმე უნივერსიტეტში, მათ შორის, სტენფორდის უნივერსიტეტში, ნიუ იორკის უნივერსიტეტსა და კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. ახალგაზრდა მაგისტრმა სტენფორდი აირჩია, რადგან თვლიდა, რომ ის მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი უნივერსიტეტია და უნივერსიტეტების რეიტინგში მუდმივად ხვდება მსოფლიოს სამ საუკეთესო უნივერსიტეტს შორის.

სტენფორდში დათოს ძალიან მაღალი კონკურენტული გარემო დახვდა. სწავლების დონე გაცილებით მეტი აღმოჩნდა, ვიდრე იქამდე წარმოედგინა. უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის მიხედვით პირველი წლის ბოლოს, რთული გამოცდების ჩაბარების შემდეგ, იწყება კვლევა და დისერტაციაზე მუშაობა. სამეცნიერო მუშაობა ხელმძღვანელის ზედამხედველობის ქვეშ მიდის, მაგრამ დამოუკიდებლობის ხარისხი ძალიან მაღალია და ეს სწორი პრობლემის სწრაფად დასმას ართულებს. გამოუცდელი მკვლევარისთვის ეს დიდი გამოწვევაა, სანამ წარმატებულ იდეებს მიაგნებს ბევრჯერ შეხვდება იმედგაწბილება და მარცხი. 
დავით ცირეკიძემ 6 წელი ისწავლა და იმუშავა თავის დისერტაციაზე სტენფორდში. ყველა სირთულე დასძლია და წარმატებამაც არ დააყოვნა, 28 წლის ასაკში გახდა სტენფორდის უნივერსიტეტის ეკონომიკის დოქტორი.
დავითი მიღწეულ წარმატებას ოჯახს, მეგობრებს და ხელმძღვანელებს უკავშირებს.

ყველაზე დიდ მიღწევად კი ის მიაჩნია, რომ ამ ხალხის შრომა დაფასდა და მან მათი გახარება შეძლო. ახალგაზრდა დოქტორი ყველას ურჩევს, რომ წარმატებული ადამიანებისგან მოტივაცია აიღონ და თავადაც წარმატებას მიაღწიონ.
"საქართველოში, შესაძლოა, არ იყოს იმდენი შესაძლებლობა, რაც მდიდარ და განვითარებულ ქვეყნებშია. თუმცა, თუკი 10-15 წლის წინ დასახული მიზნის მიღწევა შევძელი ერთმა ჩვეულებრივმა ქართველმა, რატომ ვერ უნდა მიაღწიონ თავიანთ მიზნებს დღევანდელ დღეს?! მთავარია მიზნის დასახვა და არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება. ნუ დაელოდებით განათლების სისტემის უნაკლოდ დახვეწას, რომელიც მოერგება 50,000 სტუდენტის მოთხოვნილებას. თქვენ თვითონ ეცადეთ, დღესვე მონახოთ პროგრამები, კურსები და პროფესორები, რომლებიც გზას გაგიხსნიან უფრო მაღალი საფეხურებისკენ. ეს იოლი საქმე ნამდვილად არ არის და სათქმელად უფრო ადვილია, ვიდრე რეალურად შესასრულებლად. არ ვიცი სხვა დარგებში რა მდგომარეობაა, თუმცა მათემატიკაში, ეკონომიკასა და პროგრამირებაში ამ ყველაფრის მიღწევა სავსებით შესაძლებელია საქართველოში არსებული რესურსებით," - აღნიშნავს დავითი.
წყარო:

 1. www.ambebi.ge/.../203839-stenfordis-universitetis-pirveli-qarthveli-doqtori-tsarmateb... 




Share: