The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ივანე სიმონის ძე ჟევახოვი

ივანე სიმონის ძე ჟევახოვი
ოფიციალური სახელი:ივანე სიმონის ძე ჯავახიშვილი
დაბადების თარიღი:1762
გარდაცვ. თარიღი:24 ივლისი, 1837  (75 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ოდესა, უკრაინა
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

1783 წელს, გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ რუსეთის იმპერიის ხელისუფლებამ თავადებად აღიარა ჯავახიშვილთა ორი ძირძველი საგვარეულო შტო, რომელთაგან ერთი საქართველოში ცხოვრობდა, ხოლო მეორე - ვახტანგ VI-ის ამალასთან ერთად გადასახლდა რუსეთში და იქ მიიღო გვარი ჟევახოვი.

ჟევახოვთა შორის გამოირჩეოდნენ ქართველ ჰუსართა პოლკის პოდპოლკოვნიკი შიოში (სიმონი) და მისი ვაჟები, გენერლები ფილიპე (1752-1817) და ივანე (1762-1837). 

ივანე სიმონის ძე ჯავახიშვილი, რუსეთში ცნობილი, როგორც ივან სემიონოვიჩ ჟევახოვი (Иван Семёнович Жевахов), 1775 წელს ჩაირიცხა კადეტად უკრაინის მე–15 ჰუსართა პოლკში. 1777 წელს მონაწილეობდა კავკასიის ომში. ოფიცრის პირველი ჩინი მიენიჭა 1786 წელს («полковой квартирмейстер с заслугой прапорщичьей и подпорутчичей чинов трех лет»). პირველი საბრძოლო წრთობა მიიღო 1787–1791 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომში (დაიჭრა ოჩაკოვის შტურმის დროს). 1792 წლის პოლონეთის მოვლენების მონაწილეა. 1800 წელს მიენიჭა პოლკოვნიკობა. მონაწილეობდა რუსეთ–ავსტრია–საფრანგეთის 1805 წლისა და რუსეთ-პრუსია-საფრანგეთის 1806–1807 წლების ომებში. 1807 წლის 9 სექტემბერს დაჯილდოვდა წმინდა გიორგის მეოთხე ხარისხის ორდენით.

1808 წლის 20 მაისიდან ივანე ჟევახოვი მეთაურობდა ახტირის ჰუსართა პოლკს, 1811 წლის 31 იანვრიდან კი მე-3 არმიაში შემავალ სერპუხოვის დრაგუნთა პოლკს. 1812 წლის სამამულო ომის დროს დაიმსახურა წმინდა ვლადიმერის მესამე ხარისხის ორდენი. პოლკმა და მისმა მეთაურმა თავი ისახელეს 15-27 ივლისს კობრინისა და 31 ივლისი-12 აგვისტოს გოროდეჩნის ბრძოლებში, რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა მტრის აქტიური მოძრაობა კიევის  მიმართულებით. 1812 წლის სექტემბრიდან ომის დამთავრებამდე ივანე სიმონის ძე მონაწილეობდა ყველა მნიშვნელოვან ოპერაციაში, რომელსაც დუნაის არმიასთან გაერთიანებული მე-3 არმია აწარმოებდა ჩრდილოეთ უკრაინასა და ბელორუსიის ტერიტორიაზე. ბრძოლებში გამოჩენილი სიმამაცისა და გამჭრიახობისთვის 1813 წლის აპრილში მიენიჭა რუსეთის არმიის გენერალ-მაიორის წოდება. რუსეთიდან ნაპოლეონის არმიის განდევნის შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო მეექვსე კოალიციის ომში, 1813–1814 წლების რუსეთის არმიის საზღვარგარეთ ლაშქრობაში ნაპოლეონის არმიის საბოლოოდ დასამარცხებლად.

1817 წლის 31 იანვარს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ივანე ჯავახიშვილი სამხედრო სამსახურიდან გადადგა, მაგრამ რუსეთის გენშტაბის ადმინისტრაციის თხოვნით განაგრძო კონსულტანტობა. გარდაიცვალა 1837 წლის 24 ივლისს, ოდესაში.

წყარო:

1. https://ru.wikipedia.org/wiki/Жевахов,_Иван_Семёнович 

2. https://ka.wikipedia.org/wiki/ივანე_ჯავახიშვილი_(გენერალ-მაიორი)


გააზიარე: