The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მეუფე იოასაფი

მეუფე იოასაფი
ოფიციალური სახელი:ვლადიმერ დავითის ძე ჟევახოვი (ჯავახიშვილი)
დაბადების თარიღი:24 დეკემბერი, 1874
გარდაცვ. თარიღი:4 დეკემბერი, 1937  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:სასულიერო პირი, წმინდანი

ბიოგრაფია

მოგილოვის (უკრაინა) ეპისკოპოსი, წმინდანად შერაცხული რუსეთის ეკლესიის მიერ, მეუფე იოასაფი, ერისკაცობაში თავადი ვლადიმერ დავითის ძე ჟევახოვი, დაიბადა 1874 წლის 24 დეკემბერს, პოლტავის გუბერნიის ქალაქ პრილუკაში. 

რუსეთში ჟევახოვების გვარს სათავე დაუდო თავადმა შიო (სვიმეონ) ჯავახიშვილმა, რომელიც XVIII საუკუნეში, თავის რაზმთან ერთად ახლდა ვახტანგ VI-ის ამალას. სახელმწიფოსთვის გაწეული სამხედრო სამსახურისთვის 1738 წელს მას უწყალობეს მიწა პოლტავის გუბერნიაში, რის შემდეგაც მიიღო რუსეთის ქვეშევრდომობა და თავადის ტიტული.

ბავშვობა ვლადიმერმა მამის, დავით დიმიტრის ძე ჟევახოვის ლონოვიცის მამულში გაატარა. მამამისი მსახურობდა კიევში, სადაც დედას – ეკატერინე კონსტანტინეს ასულ ვულფერტს ჰქონდა საკუთარი ბინა. ეკატერინე იყო რუსი წმინდანისა და საკვირველმოქმედის, იოასაფ ბელგოროდელის პირდაპირი შთამომავალი.

ჯავახიშვილების ოჯახში ოთხი ბავშვი იზრდებოდა. ვლადიმერს ჰყავდა ტყუპისცალი ძმა – ნიკოლოზი (რუსეთის სახელმწიფო და რელიგიური მოღვაწე), ასევე ორი და -ლიუბა და ბარბარე.

1899 წელს ვლადიმერ ჟევახოვმა დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1900 წლიდან მოღვაწეობდა კიევის სასამართლო პალატაში; 1902–14 წლებში მსახურობდა კიევის მაზრაში საპატიო მომრიგებელ მოსამართლედ; 1911 წლიდან – კიევის გუბერნიის სამმართველოს უფროსი მრჩეველია; შემდეგ განსაკუთრებულ დავალებათა მოხელე კიევის, პოდოლსკისა და ვოლნოს გენერალ–გუბერნატორთან; იგი ირიცხებოდა რუსეთის საკრებულოს წევრად.

1913 წლის 9 იანვარს, თავადი ჯავახიშვილი დანიშნეს კიევის გუბერნიის სამმართველოს უფროს მრჩევლად.

პარალელურად, ვლადიმერ დავითის ძე ეწეოდა რელიგიურ მოღვაწეობას – 1908 წლიდან იყო მართლამდიდებლური მისიონერული საზოგადოების ნამდვილი წევრი, 1912 წლიდან – კურსკის „სამისიონერო–განმანათლებლური საძმოს წევრი. იგი გახდა კიევის საქველმოქმედო საზოგადოების მოქმედი წევრი, კიევის მონასტრებს თანხითა და პროდუქტებით ეხმარებოდა. ქველმოქმედებამ მიიყვანა ყაზანის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულზე წმინდა იონას სახელობის მამათა მონასტრის სამების ტაძარში. აქ გაიცნო მან იღუმენი ვალენტინი (კოროტენკო), რომელმაც პირველმა მოუთხრო მას ზვერინევსკის ახლად აღმოჩენილ უძველეს მღვიმოვან მონასტრებზე.

ვლადიმერ ჟევახოვმა უდიდესი ძალისხმევა მოანდომა მღვიმეებში ბერ–მონაზვნური ცხოვრების აღორძინებას. მღვიმეებთან ერთად დაარსდა ზვერინევსკის „ყოველთა მწუხარეთა ნუგეშის“ ხატის სახელობის სკიტი, რომლის წინამძღვრადაც დაინიშნა იღუმენი ვალენტინი, ხოლო საპატიო მეურვედ ვლადიმერ დავითის ძე. შემოწირული თანხებით მან ააშენა მღვიმისზედა ეკლესია. ტაძარი 1913 წლის პირველ დეკემბერს აკურთხეს ღვთისმშობლის შობის სახელზე, ხოლო შემდეგ წელს ტაძრის ეკვდერი აკურთხეს თავადის უსაყვარლესი წმინდანის იოასაფ ბელგოროდელის სახელზე. მოგვიანებით ვლადიმერ ჟევახოვი დაინიშნა ეკლესიის მამასახლისად.

ვლადიმერ დავითის ძის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ტაძრების მშენებლობას და მონასტრების კეთილმოწყობაზე ზრუნვას. მან კიდევ ერთ ახლად დაარსებულ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სკიტს გაუწია დახმარება. ეს სკიტიც იმ უდიდესი მღვიმეების ადგილზე იყო დაარსებული, რომელთანაც დაკავშირებული იყო ღირსი მამის – თეოდოსი პეჩორელის სახელი. ამ მღვიმეებში ატარებდა წმინდა მამა დიდი მარხვის დღეებს, სრულ განმარტოებასა და ლოცვით ღვაწლში.

თავადი ჟევახოვი დიდ დროს უთმობდა ქველმოქმედებას. პროლუკაში, სადაც ის დაიბადა, საკუთარი სახსრებით დააარსა ლაზარეთი. აქ უსასყიდლოდ შეეძლოთ ემკურნალათ ხელმოკლე ადამიანებს. იგი ზრუნავდა მათი ბავშვების განათლებაზეც.

პირველი მსოფლიო ომის დროს ვლადიმერ ჟევახოვი, როგორც სამხრეთ–დასავლეთ ფრონტის არმიასთან არსებული პოლტავის გუბერნიის წითელი ჯვრის ორგანიზაციის რწმუნებული, მონაწილეობდა სანიტარული ეშელონების ჩამოყალიბებაში. 

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ჯავახიშვილების ოჯახმა გაიზიარა იმ ათასობით ადამიანის ხვედრი, რომლებიც ბოლშევიკური მთავრობის მიერ იდევნებოდნენ თავიანთი კლასობრივი კუთვნილებისა თუ რელიგიური რწმენის გამო. განუწყვეტელი დევნა და თვალთვალი ოდნავადაც არ ასახულა ვლადიმერის სულიერ განწყობაზე. პირველ ხანებში იგი ძმასთან ერთად ერთხანს იმალებოდა ზვერინეცის სკიტში, შემდეგ მუშაობდა უკრაინის მეცნიერებათა აკადემიაში.

1924 წელს, თავადური წარმოშობის გამო დააპატიმრეს და 7 თვე ამყოფეს კიევის ციხეში. განთავისუფლების შემდეგ წერილით მიმართა პატრიარქ ტიხონს და ბერად აღკვეცაზე ითხოვა კურთხევა: „წელს გადატანილი გოლგოთის შემდეგ, რაც ჩემს ნახევარწლიან პატიმრობას გულისხმობს, მე ვიგრძენი ჩემში ახალ ცხოვრებაში აღდგომის აუცილებლობა და მტკიცედ გადავწყვიტე საერო ცხოვრებასთან გამოთხოვება და დარჩენილი დღეების უფლისათვის მიძღვნა“.

ვლადიმერ ჟევახოვი 1924 წლის 26 დეკემბერს ზვერინევსკის სკიტში აღიკვეცა ბერად და ეწოდა იოასაფი იოასაფ ბელგოროდელის საპატივცემულოდ. 1926 წლიდან იგი არის  დმიტრიევის ეპისკოპოსი, კურსკის ეპარქიის ვიკარიუსი. მალე ისევ დააპატიმრეს  „კონტრრევოლუციური შინაარსის სააგიტაციო ლიტერატურის“ შენახვის მიზეზით და 1926–29 წლებში მოათავსეს განსაკუთრებული დანიშნულების სოლოვეცკის ბანაკში. ბანაკის შემდეგ სამი წელი იყო გადასახლებაში ნარიმსკის ოლქში – აღმოსავლეთ ციმბირში.

1932 წლის 19 სექტემბრიდან დაინიშნა  პიატიგორსკის, ხოლო 1932 წლის 28 ოქტომბრიდან – ჩებოქსარის ეპისკოპოსად,  მაგრამ ამ ორივე დანიშვნაზე უარი განაცხადა.

ჩრდილოეთის მკაცრმა, ნოტიო ჰავამ, საბოლოოდ გატეხა ციხეებით გატანჯული ეპისკოპოსის დასუსტებული ჯანმრთელობა. 1934 წელს, ის როგორც ინვალიდი, ზედამხედველობის ქვეშ გადაჰყავთ მოსკოვის მხარეში. ამავე წლის 29 ივნისიდან, ღებულობს მოგილევსკის ეპარქიის მმართველის თანამდებობას და კვლავ უბრუნდება სამწყსოს. 1936 წლიდან  ხელმძღვანელობდა მინსკის ეპარქიას.

უდრეკი ეპისკოპოსის ჭეშმარიტად მხურვალე ქადაგებები შეუძლებელია უყურადღებოდ დარჩენოდა მაშინდელ უშიშროებას. მოგილევსკის კათედრაზე ყოფნიდან ერთი წლის შემდეგ, იგი ტოვებს კათედრას და საცხოვრებლად გადადის საყვარელ ბელგოროდში, მისი წინაპრების მიწაზე.

1936 წლის 16 ოქტომბერს მეუფე იოასაფი კვლავ დააპატიმრეს და გადაასახლეს ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ბოროვიჩში (აქ ცხოვრობდა მისი და). 1937 წელს მცირე ხნით დაბრუნდა ბელგოროდში. მალე მას ახალი განაჩენი გამოუტანეს, „საეკლესიო პირთა კონტრრევოლუციურ–ფაშისტური ტროცკისტულ–ზინოვიევური ორგანიზაციის ხელმძღვანელობის“ ბრალდებით, რომელიც თითქოსდა აპირებდა სამთავრობო მატარებლის აფეთქებას ბელგოროდის სადგურში გავლისას. აგრეთვე, იმაშიც ადანაშაულებდნენ, რომ კიროვის მკვლელობას თვლიდა „დამსახურებელ სასჯელად“ მისი ბრძანებით შესრულებული დახვრეტებისათვის.

1937 წლის 4 დეკემბერს ვლადიმერ ჟევახოვი შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის „სამეულის“ (“ტროიკის“) დადგენილებით ბრალდებულ იქნა და იმავე დღეს დახვრიტეს.

1990 წელს ეპისკოპოსი იოასაფი რეაბილიტირებულ იქნა ბელგოროდის პროკურატურის მიერ.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის დადგენილებით 2002 წლის 17 ივლისს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმინდესი ალექსი II–სა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დადგენილებით კანონიზირებულ იქნა და წმიდანად შეირაცხა ახალმოწამეთა შორის – მოგილევსკის ეპისკოპოსი, მღვდელმოწამე იოასაფ ჟევახოვი (ჯავახიშვილი).

ნიშანდობლივია, რომ საღვთისმეტყველო ნაშრომებთან ერთად ვლადიმერ ჟევახოვს გამოქვეყნებული აქვს საკუთარი გვარის გენეალოგია – „Родословная роспись рода князей Жеваховых. (Российская ветвь). Киев, 1914.“

წყარო:

1. დევნის წლებმა ვერ გატეხა მღვდელმთავრის სული და სიმართლისათვის ბრძოლის წყურვილი : წმინდა იოასაფ ჯავახიშვილი (ჟევახოვი) / მოამზადა თეა ცაგურიშვილმა //კარიბჭე : მართლმადიდებლური ჟურნალი. - თბილისი, 2012. - 24 მაისი - 6 ივნისი. - N11(201). - გვ.52-53

2. ქუთათელაძე, ზურაბ. მეუფე იოასაფი (1874-1937): მოგილიოვის ეპისკოპოსი. წმინდანად შერაცხული რუსეთის ეკლესიის მიერ // ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია / ზ. ქუთათელაძე. - თბ., 2011. - გვ.92-93.

3. georoyal.ge/?MTID=104&TID=84&id=446

4. https://ru.wikipedia.org/wiki/Иоасаф_(Жевахов) 


გააზიარე: