The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ბალო ვაჩნაძე

ბალო ვაჩნაძე
ოფიციალური სახელი:ვაჩნაძე აბრამ (ავრაამ)
დაბადების თარიღი:2 სექტემბერი, 1853
გარდაცვ. თარიღი:14 თებერვალი, 1941  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

გენერალ-ლეიტენანტი (1914) აბრამ (ბალო) ვაჩნაძე განსაკუთრებული ავტორიტეტითა და გავლენით სარგებლობდა რუსეთის საიმპერატორო კარზე. იგი დაიბადა 1853 წლის 2 სექტემბერს სოფელ კარდანახში (ახლანდელი გურჯაანის მუნიციპალიტეტი), გიორგი (ეგორ) ქაიხოსროს ძე ვაჩნაძის (1826–1897) ოჯახში. მისი უშუალო წინაპარი იყო ბებურ ვაჩნაძე, რომელმაც თავის ძმასთან, თამაზთან ერთად განგმირა კახეთის სამეფო ტახტის მიმტაცებელი, გამაჰმადიანებული ბაგრატიონი კონსტანტინე–მირზა.    

სამხედრო განათლება ბალო ვაჩნაძემ მიიღო პეტერბურგის კადეტთა კორპუსში და ვორონეჟის მიხეილის სამხედრო გიმნაზიაში. არმიაში მსახურობდა 1872 წ-იდან. 1874 წლის 7 აგვისტოს პოდპორუჩიკის ჩინით დაამთავრა პეტერბურგის პავლეს სახელობის 1–ლი სამხედრო სასწავლებელი.  1875 წლის 31 აგვისტოს გახდა  ლაიბ–გვარდიის პავლეს სახელობის პოლკის პრაპორშჩიკი.

ბალო ვაჩნაძე მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის (1877–1878) ომში. ორჯერ დაიჭრა. ერთ-ერთი შეტაკების დროს დაღუპვას გადაარჩინა საიმპერატორო ოჯახის  უახლოესი ნათესავი ოფიცერი, რისთვისაც დაიმსახურა იმპერატორ ალექსანდრე II–ის ყურადღება. იგი დააჯილდოვეს ოქროს იარაღითა და ოფიცრის ჩინით. ამავე დროს, ჩაირიცხა მისი უდიდებულესობის პოლკში.

ბალო ვაჩნაძის სამხედრო კარიერა წარმატებით განვითარდა: 1877 წლის 30 აგვისტოს გახდა პოდპორუჩიკი; 1878 წლის 16 აპრილს – პორუჩიკი; 1884 წლის 30 აგვისტოს – შტაბსკაპიტანი; 1989 წლის 30 აგვისტოს – კაპიტანი; შემდეგ მსახურობდა ქალაქ ლომჟაში (პოლონეთი) ოფიცრად. 1896–1898 წწ. მეთაურობდა ბათუმის ციხის ქვეით პოლკს.

1898 წ.  ბალო ვაჩნაძე პოლკოვნიკის (1897, 21, 09) ჩინით თადარიგში გავიდა. ამას წინ უძღოდა დუელი, რომელშიც მან მძიმედ დაჭრა მოწინააღმდეგე.

1901 წ. იგი კვლავ დაუბრუნდა სამხედრო სამსახურს და 1906 წ-მდე მეთაურობდა მე-8 ქვეითი დივიზიის ჩერნიგოვის მე-2 ქვეით პოლკს. 1904–1905 წლების რუსეთ-იაპონიის ომში მოხალისედ წავიდა. 1906–1913 წწ. 31-ე ქვეითი დივიზიის მე-2 ბრიგადის მეთაური იყო. 1908 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება.

1913 წ. იმპერატორმა ნიკოლოზ II–მ ბალო ვაჩნაძე სანკტ–პეტერბურგში მიიწვია და დანიშნა პეტერგოფის სამხედრო კომენდანტად, ასევე, სამხედრო გარნიზონის უფროსად. 1917 წ. თებერვლის რევოლუციის შემდეგ იგი ა. კერენსკის თხოვნით დროებით დარჩა გარნიზონის უფროსად და აქტიური მონაწილეობა მიიღო პეტერგოფის (სასახლეებისა და ბაღების კომპლექსი ფინეთის ყურის ნაპირა) ქონების გადარჩენაში, ხოლო სამი თვის შემდეგ თავი დაანება სამსახურს და დაბრუნდა საქართველოში. გენერალი ვაჩნაძე მონარქიის ერთგული იყო და დროებით მთავრობასთან თანამშრომლობა არ მოისურვა.

ბალო ვაჩნაძე დაქორწინებული იყო. ოთხი შვილი ჰყავდა. ვაჟები გიორგი და თედორე მამის გზას გაჰყვნენ და სამხედრო ოფიცრები გახდნენ. მონაწილეობდნენ I მსოფლიო ომში. ქალიშვილებს – სოფიოს და თამარს სმოლნის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი ჰქონდათ დამთავრებული. I მსოფლიო ომის დროს მოწყალების დებად მუშაობდნენ ჰოსპიტალში.

თავადი ვაჩნაძე დაახლოებული იყო რუსეთის საიმპერატორო სახლთან. მისი უფროსი ვაჟი, გიორგი, იმპერატორ ნიკოლოზ II–ის ნათლული იყო; უფროსი ქალიშვილი, სოფიო კი - იმპერატორის დედის,  მარიამ თეოდორეს ასულის.

სამხედრო სამსახურის პარალელურად ბალო ვაჩნაძე კომერციულ საქმიანობასაც ეწეოდა. 1914 წ. პეტერბურგში დააარსა “რუსული ყურძნის ღვინის გაყიდვის საზოგადოება”, რომელიც ღვინოებს კახეთიდან იღებდა. თბილისში მისი ინიციატივით შეიქმნა ღვინის წარმოების საზოგადოება “იბერია” (გაუქმდა 1921 წ.).

გენერალი დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის I, II, III ; წმ. ანას II, III, IV; წმ. ვლადიმირის III, IV ხარისხის ორდენებით. 

ბალო ვაჩნაძის პირადი საქმე დაცულია სანკტ–პეტერბურგში, რუსეთის სახელმწიფო საისტორიო არქივში. გარდაიცვალა თბილისში, 1941 წლის 14 თებერვალს.

წყარო:

1. www.grwar.ru/persons/persons.html?id=3817 

2. magazines.russ.ru/neva/2007/4/ab19.html 

3. საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.206

4. ჯავახიშვილი ნიკო. ვაჩნაძენი // ისტორიანი: ისტორიულ–შემეცნებითი ჟურნალი.–2017.– N5(77). –გვ. 45.



გააზიარე: