The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


სიმონ რამიშვილი

სიმონ რამიშვილი
დაბადების თარიღი:18 აგვისტო, 1903
გარდაცვ. თარიღი:20 სექტემბერი, 1973  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაგანკოვის სასაფლაო, მოსკოვი, რუსეთი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

პირველი ქართველი ადმირალი სიმონ სპირიდონის ძე რამიშვილი დაიბადა 1903 წლის 18 აგვისტოს, სოფელ ზემო–სურებში (ჩოხატაურის რაიონი). 17 წლისა იყო, როდესაც ბათუმის საზღვაო სასწავლებელში კურსანტად ჩაირიცხა (1921–1923, მარტი). როგორც სოფლის რევკომის წევრი, წევრი აქტიურად იბრძოდა ქვეყანაში ახალი ხელიუფლების გასაძლიერებლად. 1922 წელს კომპარტიის რიგებში შევიდა. ამავე წლის ოქტომბრიდან მუშაობა დაიწყო ბალტიის ფლოტში. სამი წლის შემდეგ დაამთავრა ლენინგრადის ფრუნზეს სახელობის სამხედრო–საზღვაო სასწავლებელი  (1923, მარტი – 1925, მაისი).

1925 წლის მაისიდან 1926 წლის სექტემბრამდე სიმონ რამიშვილი მსახურობდა ვახტის უფროსად კასპიის სამხედრო ფლოტილიის ქვემეხიან ნავ „მარკინზე“; სექტემბრის თვიდან 1927 წლის ოქტომბრამდე გაიარა საარტილერიო მომზადება მეთაურთა შემადგენლობის სპეციალურ კურსებზე; მსახურობდა არტილერისტად ქვემეხიან ნავ „წითელ აზერბაიჯანზე“ (1927, ოქტომბერი – 1929, აგვისტო), 1933 წლის ნოემბრამდე კი  – საფლაგმანო არტილერისტად.

1937 წლის მაისამდე სიმონ რამიშვილი იყო კასპიის სამხედრო ფლოტილიის პირველი ოპერატიული ნაწილის მეთაური; მაისის თვეში მიავლინეს სასწავლებლად ვოროშილოვის სახელობის სამხედრო–საზღვაო აკადემიის სამეთაურო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1938 წლის აპრილში;

კაპიტანი რამიშვილი მონაწილეობდა ესპანეთის ეროვნულ–რევოლუციურ ომში. ჯერ კიდევ 1936 წელს, სამხედრო აკადემიის მსმენელი, მოხალისედ წავიდა ესპანეთის რესპუბლიკის დასაცავად ინტერნაციონალური ბრიგადის შემადგენლობაში და ესპანეთის სამხედრო–საზღვაო ფლოტის შენაერთებს ხელმძღვანელობდა. 1937 წლის მაის–ოქტომბერში იგი მსახურობდა ქალაქ კარტეხენის სამხედრო-საზღვაო ბაზის მეთაურის მრჩევლად და სამხედრო–საზღვაო ბაზის შტაბის უფროსად. იქ მას „დონ ხუან გარსიას" სახელით იცნობდნენ. ამ პერიოდში სიმონ რამიშვილი მესამე რანგის კაპიტანი იყო. 1936–1937 წლებში იგი დაჯილდოვდა წითელი დროშისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით.
1938 წლის აპრილიდან ოქტომბრამდე სიმონ რამიშვილი იყო ადიუნქტი, შემდეგ კი, 1939 წლის მაისამდე,  მეთაურთა შემადგენლობის სპეციალური კურსების უფროსი მასწავლებელი და დოცენტის მოვალეობის შემსრულებელი ვოროშილოვის სახელობის სამხედრო–საზღვაო აკადემიის ოპერატიული ხელოვნების კათედრაზე. ამავე წელს  დაინიშნა ბალტიის ფლოტის შტაბის უფროსის მოადგილედ და მიენიჭა მეორე რანგის კაპიტნის წოდება.

თეთრ ფინელებთან ბრძოლის დროს სიმონ რამიშვილი განსაკუთრებული დანიშნულების რაზმს მეთაურობდა. მისი ხელმძღვანელობით ლენინგრადის მისადგომებთან მთელი რიგი კუნძულები გაიწმინდა თეთრფინელთა ჯარებისგან. სარდლობის საბრძოლო დავალებათა წარმატებით შესრულებისათვის  საბჭოთა მთავრობამ იგი დააჯილდოვა წითელი დროშის ორდენით და მიანიჭა  პირველი რანგის კაპიტნის წოდება (1939, 4 ნოემბერი).

1939 წლის დეკემბრამდე კაპიტანი რამიშვილი ხელმძღვანელობდა კრონშტადტის სამხედრო–საზღვაო ბაზას. ფინეთთან კონფლიქტის მოგვარების შემდეგ იგი დაინიშნა ლენინგრადის მ. ვ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო–საზღვაო უმაღლესი სასწავლებლის უფროსად (1939, დეკემბერი. 1941, აგვისტო). სასწავლებელში მან კიდევ უფრო აამაღლა სწავლების დონე, განამტკიცა დისციპლინა. ხელმძღვანელობის პარალელურად მას სამოსწავლო გემების რაზმის მეთაურის მოვალეობის შესრულებაც უხდებოდა.
1941 წლის 21 მაისის დადგენილებით სიმონ რამიშვილს მიენიჭა კონტრ–ადმირალის წოდება. 1941 წლის ივლისიდან იგი მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. ივლის –აგვისტოში მეთაურობდა სამხედრო–საზღვაო სასწავლებლების კურსანტთა ბრიგადას.
აგვისტოს თვიდან 1944 წლის ივლისამდე ხელმძღვანელობდა სამხედრო–საზღვაო ფლოტილიის სასწავლო დაწესებულებების სამმართველოს. შემდეგ გადავიდა სამხედრო–საზღვაო ფლოტილიის სახალხო კომისარიატის განკარგულებაში, ხოლო, 1945 წლის იანვარში სსრკ საგრეო ვაჭრობის სახალხო კომისარიატის მიერ დაინიშნა შემსყიდველი კომისიის რწმუნებულად აშშ–ის ქალაქ პორტლენდში, რათა ხელი შეეწყო საბჭოთა კავშირში ამერიკის დახმარების შეუფერხებელი მოწოდებისთვის (ლენდ–ლიზის პროგრამით).

დიდი სამამულო ომის დამთავრების შემდეგ სიმონ რამიშვილმა განაგრძო სამხედრო–საზღვაო ფლოტში სამსახური. 1946–1947 წლებში დაიშნა რწმუნებულად იაპონიის განიარაღებისა და დემილიტარიზაციის საქმეში. 1949 წლის აგვისტომდე იგი სამხედრო–საზღვაო სამმართველოს კადრების განკარგულებაში იმყოფებოდა. 1951–1961 წლებში იყო ს. კიროვის სახელობის კასპიის უმაღლესი სამხედრო–საზღვაო სასწავლებლის (ბაქო) უფროსი და პირნათლად ემსახურებოდა სამხედრო–საზღვაო ფლოტის ახალი კადრებით შევსებას. 1961 წლის დეკემბერში კონტრ–ადმირალის წოდებით გავიდა თადარიგში.
ხანგრძლივი სამხედრო სამსახურის პერიოდში სიმონ რამიშვილი დაჯილდოებული გახლდათ 9 ორდენითა და 9 მედლით: ლენინის ორდენი (1946); ოთხჯერ მიიღო წითელი დროშის ორდენი (11.11.1937, 3.11.1944, 1945, 1951); ნახიმოვის მეორე ხარისხის ორდენი (30.10.1945); პირველი ხარისხის სამამულო ომის ორდენი (1945) და სხვ. 

ცხოვრობდა მოსკოვში. გარდაიცვალა 1973 წლის 20 სექტემბერს. დაკრძალულია მოსკოვის ვაგანკოვის სასაფლაოზე.

წყარო:

1. https://www.proza.ru/2016/01/11/643 

2. https://ru.wikipedia.org/.../Рамишвили,_Семён_Спирид...

3. გაუხუნარი ფურცლები: კრებული / [შემდგ.: ნ. ღვინეფაძე, რ. ჭელიძე]. - თბ., 1982.–გვ. 361–362;

4. ყურაშვილი, . სამშობლოს ერთგული შვილები : . - თბ., 1965.– გვ. 342–345;


გააზიარე: