The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


არჩილ ხარაძე

არჩილ ხარაძე
სხვა სახელი:ტატო
დაბადების თარიღი:28 აგვისტო, 1947  (76 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

არჩილ (ტატო) ონოფრეს ძე ხარაძე დაიბადა ქ. ჭიათურაში, 1947 წლის 28 აგვისტოს. იქვე, 7 წლიდან, სწავლობდა ვიოლინოზე დაკვრას გივი თხელიძის კლასში. 12 წლისამ სწავლა განაგრძო თბილისის ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში ალ. ბეგალიშვილთან (ალტის კლასი). 1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია იმავე პედაგოგთან. 1970-1979 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კამერულ და სიმფონიურ ორკესტრებში.

1979 წელს, ტატო ხარაძემ  ლევან ჩხეიძესთან, გია ხინთიბიძესთან და რეზო მაჩაბელთან ერთად ჩამოაყალიბა კვარტეტი. მანამდე კვარტეტის ყველა წევრი სახელმწიფო კამერულ ორკესტრში უკრავდა. მათი გაერთიანების სტიმული გახდა სიმებიანი კვარტეტების საკავშირო კონკურსი. კონკურსის პირობა ასეთი იყო – ვინც აიღებდა I პრემიას, ის კოლექტივი შემდეგ გაემგზავრებოდა საფრანგეთში, ქ. ევიანის სიმებიანი კვარტეტების საერთაშორისო კონკურსზე. მოსკოვის საკავშირო კონკურსზე ახალჩამოყალიბებულმა კვარტეტმა I პრემია მოიპოვა და 1980 წელს გაემგზავრა საფრანგეთში, სადაც აიღო II გრან–პრი. ქართველ მუსიკოსებს ბრძოლა უთანასწორო პირობებში მოუხდათ. ამ კონკურსზე სულ ორი გრან–პრი გაიცა, I და II. პირველი ტურის შემდეგ აშკარა გახდა, რომ ქართული კვარტეტი I გრან–პრის კანდიდატი იყო, მაგრამ მათი წინსვლა დაბლოკეს ჟიურის ინგლისელმა წევრებმა. ისინი მოითხოვდნენ, რომ კვარტეტს, როგორც სსრკ–დან წარდგენილ კოლექტივს  დაეტოვებინა კონკურსი, რადგან  იმ პერიოდში მოხდა სსრკ ჯარების ავღანეთში შეჭრა. ჟიურის თავმჯდომარის, ფრანგი კომპოზიტორის ჟან–ივ დანიელ–ლესიურის ძალისხმევით კვარტეტი კონკურსზე დარჩა, მაგრამ ინგლისელების განწყობამ გავლენა მოახდინა ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილებაზე. I გრან–პრი ამერიკულმა კოლექტივმა მიიღო, თუმცა მათ თავადვე აღიარეს, რომ ქართული ანსამბლი უსამართლოდ დაისაჯა და ქართველ მუსიკოსებს კიდეც მოუბოდიშეს.

1979–1981 წლებში კვარტეტის წევრებმა დაამთავრეს მოსკოვის გნესინების ინსტიტუტის ასპირანტურა (კვარტეტებისა და კამერული ანსამბლების კლასი. პედაგოგი: ვ. ბერლინსკი).

საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1980–იან წლებში, მუსიკოსები სიამოვნებით დათანხმდნენ ტელე–რადიო კომიტეტის თვმჯდომარის ნუგზარ ფოფხაძის  შეთავაზებას გამხდარიყვნენ საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის კვარტეტი.

იმ პერიოდში საქართველოს ტელე–რადიოს კოლექტივები აქტიურ მოღვაწეობას ეწეოდნენ. ხდებოდა საფონდო ჩანაწერების მომზადება, სრულდებოდა ახალი ქართული მუსიკა, გამოდიოდა ფირფიტები. ხშირი იყო კონცერტები, ფესტივალები, პირდაპირი ეთერი... 

კვარტეტს ოქროს ფონდისთვის ჩაწერილი აქვს ქართველი, რუსი და ევროპელი კომპოზიტორების თხზულებები. მათ შორის, ყველა თაობის ქართველ კომპოზიტორთა საკვარტეტო ნაწარმოები. სულხან ცინცაძემ მათ მიუძღვნა N11 კვარტეტი და ამ ნაწარმოების პირველი შემსრულებლები არიან. გარდა ამისა შესრულებული აქვთ მისივე N1 და N2 კვარტეტი, საკვარტეტო მინიატურები; ასევე, ანდრია ბალანჩივაძის კვარტეტი; ნიკოლოზ გუდიაშვილის კვარტეტი და კვინტეტი პიანისტ ეთერ (ტუკა) გულისაშვილთან ერთად; კვარტეტმა გამოსცა ალექსი მაჭავარიანის ორი ფირფიტა – მისი ოთხი კვარტეტი; ალექსანდრე შავერზაშვილის კვარტეტი ჩეხურ თემებზე; ვაჟა აზარაშვილის მინიატურები; მიხეილ ოძელის N1 კვარტეტი; კახა ცაბაძის, ზურაბ ნადარეიშვილის, ბადრი ტუღუშის კვარტეტები და სხვ.

დიმიტრი შოსტაკოვიჩის მშობლიურ ქალაქ სანკტ–პეტერბურგში 1987 წელს გაიმართა მისი სახელობის სიმებიანი კვარტეტების საერთაშორისო კონკურსი, რომელზეც საქართველოს ტელე–რადიო კვარტეტმა I პრემია და ოქროს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ დ. შოსტაკოვიჩის მეუღლის თხოვნით, 1988–1989 წლებში, ქართველმა მუსიკოსებმა შეასრულეს შოსტაკოვიჩის კვარტეტები კომპოზიტორის საიუბილეო კონცერტებზე.

1980–1993 წლებში ტატო ხარაძე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს სახელმწიფო კონსერვატორიაში. გარდა ამისა, კვარტეტის წევრებს ბავშვებისთვის ჩატარებული აქვთ  200–ზე მეტი ლექცია–კონცერტი.

აქტიური საკონცერტო მოღვაწეობისთვის მუსიკოსს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება (1989) და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია (1988).

1990 წლიდან არჩილ ხარაძე საფრანგეთში მოღვაწეობს. თავიდან კვარტეტი ,,Radio France”–ს მიწვევით ჩავიდა თანამედროვე მუსიკის ფესტივალზე და ანშლაგით ჩაატარა 30 კონცერტი. ქ. ბლუაში გამართულის კონცერტის შემდეგ ქალაქის მერმა ჟაკ ლანჟმა ქართველ მუსიკოსებს შესთავაზა სამწლიანი კონტრაქტი, რაზეც კვარტეტის 3 წევრი დათანხმდა. უარი თქვა ლევან ჩხეიძემ (I ვიოლინო) და იგი საქართველოში დარჩა. მის ნაცვლად ანსამბლში ჩაერთო გია მელიქიშვილი. კვარტეტს ეწოდა „თბილისი“ და სამი წლით დამკვიდრდა ქ. ბლუაში.  

1993 წელს, საფრანგეთის კულტურის მინისტრის თხოვნით, კვარტეტის წევრები  საფრანგეთში დარჩნენ. 1996 წელს კვარტეტი „თბილისი“ დაიშალა ერთ–ერთი წევრის ავადმყოფობის გამო და მუსიკოსებმა ცალ–ცალკე დაიწყეს მოღვაწეობა.

ტატო ხარაძე ეგვიპტეში მიიწვია კაიროს კონსერვატორიის პროფესორმა, მევიოლინე ირაკლი ბერიძემ ალტისა და კვარტეტის კლასის პედაგოგად. მისი სტუდენტები და ასპირანტები წარმატებით გამოდიოდნენ კონკურსებსა და ფესტივალებზე. თავადაც უკრავდა კონცერტებზე ცოლ–შვილთან, ანუ საოჯახო კვარტეტთან ერთად. მისი მეუღლე ლიანა ჩიქოვანი და ქალიშვილი თეონა მევიოლინეები არიან, ვაჟი გიორგი კი წარმატებული ვიოლონჩელისტია, არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი. ამჟამად ქალბატონი ლიანა “Conservatoire de musique de Chantilly”–ს პროფესორია. თეონა ქ. რუანის სიმფონიური ორკესტრის II ვიოლინოების კონცერტმაისტერად მუშაობს. გამოდის აგრეთვე როგორც ანსამბლისტი. მისი ინიციატივით პარიზში შეიქმნა გოგონათა კვარტეტი „სულიკო“, რომელიც 1996–2000 წლებში აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას ეწეოდა.

 2001 წლიდან არჩილ ხარაძე საბოლოოდ დაფუძნდა საფრანგეთში. ამჟამად მუშაობს პარიზის კვარტეტ „არპეჯიონაში“ („Arpeggione“) და მულანის „კამერატაში“ როგორც ალტისტი და კონსულტანტი. 1998 წლიდან, პარალელურად, უკრავს აგრეთვე პარიზის „ბენაიმ კვარტეტში“ („The Benaīm string quarte“).

„არპეჯიონე“ მსოფლიოში აღიარებული კვარტეტია, ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალების მონაწილე. 2017 წელს „არპეჯიონემ“ გამოსცა ახალი CD დისკი, რომელზეც მსოფლიო კლასიკოსთა გვერდით ჩაწერილია ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებიც.

წყარო:

1. https://www.facebook.com/ChiaturaMusicAcademy/..../439387869472047/?type...

2. ქართული მუსიკა ფრანგულ რაკურსში : ფრანგული კვარტეტი "არპეჯიონეს" ახალი დისკი "მოგონებები მოგზაურობებზე" // მუსიკა / საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის ჟურნალი. თბილისი, 2017. N 1 (30). გვ. 55-56.

3. ხარაძე, არჩილ. ქართული კვარტეტის ემიგრანტული ისტორია : ინტერვიუ / ესაუბრა მზია ჯაფარიძე // მუსიკა / საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის ჟურნალი. - თბილისი, 2012. -  N3. - გვ. 65-71. 

4. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ.578


გააზიარე: